ხუბსუგული (მონღ. Хөвсгөл нуур; Хөвсгөл далай; აგრეთვე კოსოგოლი) — გამდინარე ტბა ჩრდილოეთ მონღოლეთში, რუსეთის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს. მდებარეობს მთათაშორის ტექტონიკურ ქვაბულში, ზღვის დონიდან 1645 მ სიმაღლეზე. ფართობი 2620 კმ², წყლის მოცულობა 381 კმ³. უდიდესი სიღრმე 262 მ. მონღოლეთის უღრმესი ტბაა. გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 136 კილომეტრზე. ერთვის დაახლოებით 100-მდე მდინარე და ნაკადული. გამოედინება მდინარე ეგიინ-გოლი (მდინარე სელენგის აუზი). იყინება დეკემბრიდან ივნისამდე. ყინულის სისქე 1,4 მ აღწევს. წყლის ტემპერატურა მერყეობს +10 +14°C ფარგლებში, თუმცა უბეებში წყალი უფრო თბილია. სანაოსნოა. ნავმისადგომებია ხატგალი (სამხრეთით) და ხანხი (ჩრდილოეთით). მდიდარია თევზით. ხუბსუგულის რაიონში არის ფოსფორიტების საბადო. ტბის რაიონი მკაცრად დაცული ეროვნული პარკია, რომელიც მდიდარია ფაუნით. ტურისტული ობიექტია. 2007 წლისათვის ტბის ჩრდილოეთით, ხანხის რაიონში იყო 5, ხოლო სამხრეთით, ხატგალის რაიონში 29 ტურისტული ბაზა.

ხუბსუგული
კოორდინატები: 051°06′ ჩ. გ. 100°30′ ა. გ. / 51.100° ჩ. გ. 100.500° ა. გ. / 51.100; 100.500
მდებარეობა მონღოლეთის დროშა მონღოლეთი
სიგრძე 136 კმ
სიგანე 36,5 კმ
ფართობი 2620 კმ²
მოცულობა 381 კმ³
საშუალო სიღრმე 120 
მაქსიმალური სიღრმე 262 
ხუბსუგული — მონღოლეთი
ხუბსუგული

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება