წმინდა ხოსროვიდუხტი (სომხ. Սուրբ Խոսրովիդուխտ) ― არშაკიანთა დინასტიის წარმომადგენელი და სომხეთის პრინცესა[1]. სომეხთა მეფე ხოსროვ II-ის ასული[2] და მეფე თრდატ III-ის და. სომხეთის გაქრისტიანებაში შეტანილი დიდი წვლილის გამო სომხური სამოციქულო ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად.

წმინდა ხოსროვიდუხტი
Խոսրովիդուխտ
დაიბადა III საუკუნე
დიდი სომხეთი
გარდაიცვალა IV საუკუნე
ხსენების დღე 30 ივნისი
ეროვნება სომეხი
ნათესავ(ებ)ი ხოსროვ II (მამა)
თრდატ III (ძმა)
აშხენი (რძალი)

ბიოგრაფია

რედაქტირება

ხოსროვიდუხტის დაბადების თარიღი და ზუსტი ადგილი უცნობია. იგი იყო სომხეთის მეფე ხოსროვ II-ის ასული[2], საიდანაც მომდინარეობს მისი სახელიც (ხოსროვიდუხტი პირდაპირ ითარგმნება, როგორც ხოსროვის ასული). 252 წელს პართიის მეფე არდაშირ I-ის დაკვეთით ხოსროვიდუხტის მშობლები დახოცეს, რის შემდეგაც, სომხეთის სამომავლო სუვერენიტეტისა და მისი ტახტის შენარჩუნებისათვის რომის იმპერატორმა ხოსროვიდუხტი კესარიაში, კაპადოკიაში გადამალეს[3], მისი მცირეწლოვანი ძმა, თრდატი კი რომში წაიყვანეს. ხოსროვიდუხტის აღმზრდელი ადგილობრივი დიდებული გახდა ამათუნიანების გვარიდან და მისი ცოლი, რომლის სახელიც უცნობია, თუმცა სლუკუნიკების გვარიდან იყო[4].

287 წელს რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ სომხეთის მეფედ თრდატ III დასვა, რომელმაც თავისი და, ხოსროვიდუხტი მალევე დააბრუნა სამშობლოში. ცნობილია, რომ მეფე თრდატმა თავის დას გარნისის ციხესიმაგრე აუშენა საზაფხულო რეზიდენციად მარმარილოს სვეტებითა და ლამაზი ბარელიეფებით, რომელზეც სამახსოვროდ წარწერა იყო ამოტვიფრული ბერძნულ ენაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თრდატმა ეს ბერძნებს ააშენებინა და არა სომხებს[5].

ხოსროვიდუხტიცა და მისი ძმაც, ორივენი ზოროასტრიზმის მიმდევრები იყვნენ, რაც მაშინდელი სომხეთის სახელმწიფო რელიგია იყო. ცნობილია, რომ მეფე თრდატი სასტიკად დევნიდა და აწამებდა ქრისტიანებს. მისი ბრძენებით დახოცეს წმინდა გაიანე და წმინდა რიფსიმე, ასევე მისი ბრძანებით ჩააგდეს მიწისქვეშა დილეგში გრიგოლ განმანათლებელი[6]. ამის გამო მრავალი ქრისტიანი სომხეთიდან მეზობელ სახელმწიფოებში გაქცევით შველოდა თავს.

 
თრდატ III, დედოფალი აშხენი და პრინცესა ხოსროვიდუხტი

ცნობილია, რომ წმინდა რიფსიმეს წამებით სიკვდილის შემდეგ მეფე თრდატმა გონიერება დაკარგა და ფსიქიკურად დაავადდა[7]. გადმოცემების მიხედვით, თრდატს ტახის ქცევები გაუვითარდა და ტყეებში უმიზნოდ დაეხეტებოდა. ამ ფაქტმა ერთობ შეაშფოთა როგორც პრინცესა ხოსროვიდუხტი, ისე მისი რძალი, დედოფალი აშხენი რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ მეფისათვის გონიერება დაებრუნებინათ[2].

გადმოცემის თანახმად, ხოსროვიდუხტს ღამით ღვთიური გამოცხადება დაესიზმრა[8], რომელშიც სინათლით გარშემორტყმული კაცი მივიდა მასთან და უთხრა: „ხსნა არ არსებობს თქვენზე მოსული ტანჯვისათვის, თუ კაცს არ მიავლენ ქალაქ არტაშატში და პატიმარ გრიგოლს არ გაათავისუფლებ. მოვა იგი, ის გასწავლით თქვენი სნეულების მკურნალობას“[8]. ხოსროვიდუხტმა ეს სიზმარი ხუთჯერ ნახა[9], რის შემდეგაც შეშინდა და გარშემომყოფებს მოუთხრო, თუმცა ამ სიტყვებზე მას დასცინეს[9]. მიუხედავად ამისა, ხოსროვიდუხტი დიდი შიშითა და ყოყმანით მივიდა მეფე-დედოფალთან და მოუყვა მათ თავისი ხილვების შესახებ[9]. ცნობილია, რომ ხოსროვიდუხტი მონაზვნის მსგავსი მოკრძალებული ხასიათისა იყო და არ უყვარდა დიდად საუბარი, თუმცა მაინც გაბედა[10].

როდესაც ხოსროვიდუხტმა მეფე-დედოფალს თავისი ხილვების შესახებ მოუყვა, მათ მაშინვე გაუშვეს კაცი არტაშტში და ღრმა ორმოში ჩაგდებული გრიგოლ განმანათლებელი გაათავისუფლებინეს და უთხრეს: „მაშ შენც გაგიჟებულხარ. რაღაც დემონმა შეგიპყრო. ეს როგორ შეიძლება, ის ხომ თხუთმეტი წელია საშინელ ორმოშია ჩაგდებული, და შენ ამბობ, რომ ის ცოცხალია? ახლა მისი ძვლები მაინც თუ იქნება? ის იმ დღესვე მოკვდებოდა, როცა იქ ჩააგდეს, იქაური გველების დანახვაზე“[9]. 15-წლიანი პატიმრობის შემდეგ, სადაც ცუდად იკვებებოდა, გრიგოლი ყველას მკვდარი ეგონა, თუმცა ივარაუდება, რომ მას აშხენი და ხოსროვიდუხტი მფარველობდნენ[11]. არსებობს ვარაუდი, რომ დედოფალმა და მისმა მულმა ქრისტიანობა თრდატამდე ბევრად ადრე, რიფსიმანის მოღვაწეობისას მიიღეს და შემდეგ მეფისაგან შევიწროვებულ ქრისტიანებს ეხმარებოდნენ. სწორედ ასე გადაურჩა გრიგოლიც შიმშილით სიკვდილს[12].

301 წელს, გრიგოლის თრდატთან ვიზიტის შემდეგ მეფე განიკურნა[13], რის შემდეგაც მან იწამა განკურნების სასწაულებრივობა და დაუყოვნებლივ გამოაცხადა ქრისტიანობა სომხეთის სახელმწიფო რელიგიად. ამრიგად, სომხეთი გახდა პირველი ქრისტიანული ქვეყანა, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მიიღო[2]. თრდატის ბრძანებით სომეხთა პირველ კათალიკოსად გრიგოლივე დაინიშნა, მეფის მონათვლით კი საბოლოოდ დასრულდა სომხეთში ქრისტიანთა შევიწროვებას. თრდატთან ერთად მთელი სამეფო ოჯახი, მათ შორის დედოფალი აშხენიც გრიგოლმა თავად მონათლა. ტიგრანმა თავისი მთელი დიდებულები და არმიაც მონათლა, ეს ცერემონია კი მდინარე ევფრატში შედგა[2].

301 წლის შემდეგ გარდაცვალებამდე, სავარაუდოდ 330-იან წლებამდე, აშხენმა, თრდატმა და ხოსროვიდუხტმა ცხოვრება ქრისტიანობის სამსახურს მიუძღვნეს[7]. სწორედ მათი მეოხებით აშენდა ეჩმაძიანის საკათედრო ტაძარი, წმინდა გაიანეს ეკლესია, წმინდა რიფსიმესა და ასევე შოღაკათის ეკლესიები[12]. ცნობილია, რომ წმინდა რიფსიმესა და წმინდა გაიანეს სახელობის ეკლესიათა ასაგები ხარჯების შესაგროვებლად აშხენმა და ხოსროვიდუხტმა თავიანთი სამკაულები შესწირეს[14].

სიცოცხლის დამლევს აშხენი ხოსროვიდუხტთან ერთად ცხოვრობდა გარნისის ციხესიმაგრეში[11]. ამრიგად, აშხენი და ხოსროვიდუხტი განიხილებიან სომხური საზოგადოების გამოჩენილ ფიგურებად და ქრისტიანების ერთ-ერთ მთავარ მფარველებად. დედოფალი აშხენი, მეფე თრდატი და პრინცესა ხოსროვიდუხტი სომხური სამოციქულო ეკლესიის მიერ წმინდანებად არიან შერაცხულები, მათი მოხსენიების დღე კი არის წლის ყოველი ორმოცდამეათე შაბათი. როგორც წესი, ეს დღესასწაული 30 ივნისს აღინიშნება. მათი გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • R.W. Thomson, Agathangelos's History of the Armenians, SUNY Press, 1976
  • B. Eghiayean, Heroes of Hayastan: a dramatic novel history of Armenia, Armenian National Fund, 1993
  • M.H. Dodgeon & S.N.C Lieu, The Roman Eastern Frontier and the Persian Wars AD 226–363, A documentary History Compiled and edited, Routledge, 1994
  • Fowden, Garth. The Journal of Roman Studies, Vol. 84. (1994), pp. 146–170.
  • Thomson, Robert W. Dumbarton Oaks Papers, Vol. 43. (1989), pp. 125–226
  1. The Circle of Ancient Iranian Studies, Iranian History: Armeno-Iranian Relations in Pre-Islamic Period By: Nina Garsoian, October 20, 2004
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Biography of Saint Gregory - St. Gregory and St. Grigoris
  3. Eghiayean, Heroes of Hayastan: a dramatic novel history of Armenia, p.191
  4. Dodgeon, The Roman Eastern Frontier and the Persian Wars AD 226-363, p.270
  5. https://archive.org/stream/moslemarchitectu00rivouoft/moslemarchitectu00rivouoft_djvu.txt
  6. Armenian Catholic Church: The Saints - King Drtad, Queen Ashkhen and Princess Khosrovitookht (c. 330 AD) დაარქივებული 2012-03-15 საიტზე Wayback Machine. Archived 2012-03-15 at the Wayback Machine
  7. 7.0 7.1 Armenian Catholic Church: The Saints - King Drtad, Queen Ashkhen and Princess Khosrovitookht (c. 330 AD) დაარქივებული 2012-03-15 საიტზე Wayback Machine. Archived 2012-03-15 at the Wayback Machine
  8. 8.0 8.1 Thomson, Agathangelo's History of the Armenians, p.219
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 Thomson, Agathangelo's History of the Armenians, p.221
  10. Dodgeon, The Roman Eastern Frontier and the Persian Wars AD 226-363, p.271
  11. 11.0 11.1 Biography on Saint დაარქივებული 2020-10-15 საიტზე Wayback Machine. Gregory the Illuminator
  12. 12.0 12.1 Biographies of Armenian Saints, St Drtad (250-330) Archived 2012-08-14 at the Wayback Machine. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-14. ციტირების თარიღი: 2021-10-12.
  13. Thomson, Agathangelo’s History of the Armenians
  14. Eghiayean, Heroes of Hayastan: a dramatic novel history of Armenia, p.201