ხოპისის ნასოფლარი
ხოპისის ნასოფლარი — არქეოლოგიური ძეგლი ალგეთის ხეობაში. შესწავლილია. განეკუთვნება IV-VI საუკუნეებს. ნასოფლარის განათხარ ნაგებობებს შორის აღსანიშნავია ოთხკუთხა შენობები ნაშენი რიყის ქვითა და ბაზალტით. კედლების კუთხეებში გამოყენებულია შედარებით დამუშავებული ქვები. კედლების სისქე 0,7-0,8 მეტრს აღწევს. შემაკავშირებელ მასალად გამოყენებულია თიხამიწა. იატაკი ქვებითაა მოკირწყლული ან მიწატკეპნილია. ნაგებობები დახურული ყოფილა კრამიტით. გათხრებისას გამოიკვეთა სახლის ერთიანი კომპლექსი საცხოვრებელი შენობითა და სამეურნეო ეზოთი, რომელიც შემოსაზღვრული იყო ქვის ღობით. გათხრებისას იქ აღმოჩნდა სამეურნეო, სამზარეულო და სუფრის სხვადასხვაგვარი ჭურჭელი. მათ შორის გვხვდება: ლუთერიები, ორყურა ჩაფი, დერგები. სამზარეულო ჭურჭელი ხასიათდება მოთეთრო-მოყვითალო ფერით. მინის ნაწარმიდან აღსანიშნავია ე.წ. ფაცეტებიანი ჭურჭელი. იქვეა გამოვლენილი რკინის ფიბულები, ქვის ხელსაფქვავები და სხვა. კომპლექსის დათარიღებისთვის გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება პეროზის ვერცხლის დრაქმას.
ხოპისის ნასოფლარი ისეა გაშენებული, რომ გათვალისწინებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი: I. სოლარიზაციის პრინციპი — ზამთარში მოსახლეობა იღებდა მეტ სითბოსა და განათებას, ხოლო ზაფხულში ნაკლებად უნდა ყოფილიყვნენ განათებულნი; II. ნასოფლართან მიდიოდა გზა; III. სოფელი ისეთ ადგილას იყო გაშენებული, რომ ის არ ეხებოდა სამეურნეო სავარგულებს, რომელთაც სოფლისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდათ; IV. სამაროვანი გამოიყენებოდა სოფლის შემაღლებული ადგილი, რომელიც ოდითგანვე საკულტო-რელიგიური მნიშვნელობის იყო და ამასთან ამ ტერიტორიას არ ჰქონდა შეხება სამეურნეო სავარგულებთან.
ლიტერატურა
რედაქტირება- მიდორაშვილი დ., საქართველოს არქეოლოგია, ტ. I, გამომცემლობა „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“, ბათუმი, 2014, გვ. 204-205.