ხელბურთი (დან. håndbold, ინგლ. handball წარმოდგება: hand — ხელი + ball — ბურთი) — გუნდური თამაში ბურთით, სადაც შვიდი წევრისაგან (6 ძირითადი მოთამაშე და 1 მეკარე) ორი გუნდი ეთამაშება ერთმანეთს. მოწინააღმდეგეები თამაშობენ მხოლოდ ხელით და ცდილობენ მოწინააღმდეგის გუნდის კარში (3 მ × 2 მ) გაიტანონ ბურთი.

ხელბურთის მატჩი

ისტორია რედაქტირება

ხელბურთს, ანუ ბურთის ხელით თამაშს, მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, თუმცა თანამედროვე სახით იგი მე-XIX საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბდა.

1898 წელს დანიის რეალური სასწავლებლის მასწავლებელმა ჰოლმარ ნილსენმა ქალებისათვის მოიგონა თამაში ხელით, რომელსაც „ჰანტბალი“ უწოდა.

1905-1906 წლებში ნილსენისეული ხებურთისმაგვარი თამაში ჩნდება ჩეხეთში, რომელსაც სახელად „გაზენა“ შეარქვეს.

ხელბურთს რუსეთში 1909 წლიდან თამაშობენ. მისი პირველი პროპაგანდისტი იყო ხარკოვის გინაზიის მასწავლებელი ე. მალი. რუსეთში პირველი ოფიციალური შეჯიბრება ჩატარდა 1913 წელს.

ოივე ამ თამაშს ბევრი რამ ჰქონდა საერთო, მაგრამ თამაშები იმართებოდა სხვადასხვა წესით. მხოლოდ 1934 წელს იქნა შემუშავებული თამაშის საერთაშორისო წესები. ხელბურთის თამაშის წესები შემოიღეს შვედებმა.

1917 წელს გერმანელმა მაქს ჰაიზერმა გამოიგონა ხელბურთის ახალი სახეობა 11:11. თუ ნილსენის თამაშში მონაწილეობას ღებულობდა 7-7 ხელბურთელი და შეჯიბრება იმართებოდა მცირე ზომის მოედანზე, ჰაიზერმა მოთამაშეთა რიცხვი გაზარდა თერთმეტამდე და შეჯიბრებას ატარებდა ფეხბურთის მოედანზე.

ხელბურთი 11:11 იმდენად პოპულარული გახდა 30-იან წლებში, რომ „მცირე“ ხელბურთს თითქმის არსად თამაშობდნენ, მის პოპულარობაზე ისიც მეტყველებს, რომ ხელბურთის ახალი ნაირსახეობა შეტანილ იქნა ბერლინის 1936 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში და ასე იყო მეოცე საუკუნის 50-იან წლებამდე. მერე და მერე კი მცირე ხელბურთმა მთლიანად განდევნა დიდი ხელბურთი.

1928 წელს შეიქმნა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია (IGF). მეორე მსოფლიო ომის წლებში ფედერაცია დაიშალა და მხოლოდ 1946 წლის ივლისს განაახლა თავისი მუშაობა, როდესაც კოპენჰაგენში შეიკრიბა ახალი საორგანიზაციო კონგრესი. მასში მონაწილეობდნენ დანიის, საფრანგეთის, ფინეთის, ნიდერლანდების, პოლონეთის, შვედეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლები. კონგრესმა დაითხოვა ძველი ფედრაცია და შექმნა ახალი, რომელიც სულ მალე სცნო საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა.

1968 წელს მეხიკოში ოლიმპიური კომიტეტის სხდომაზე გადაწყდა ხელბურთი შეეტანატ ოლიმპიური თამაშების პროგრამაში (რადგან 1936 წლის შემდეგ ეს თამაში არც ერთი ოლიმპიური თამაშების პროგრამაში არ ყოფილა).

1972 წელს მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მიიღეს მამაკაცთა გუნდებმა, 1976 წლიდან კი ქალთა გუნდებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ხელბურთი საქართველოში რედაქტირება

საქართველოში ხელბურთს XX საუკუნის 20-იანი წლებიდან თამაშობენ. ამიერკავკასიის გუნდმა მონაწილეობა მიიღო 1928 წლის სპარტაკიადაში. შემდეგ კი ეს თამაში მივიწყებულ იქნა. ორმოცდაათიან წლებში კი ხელბურთი კვლავ იწყებს გამოცოცხელბას. 1956 წლიდან საქართველოს ხელბურთელთა გუნდები გამოდიან შეჯიბრებაში. 1957 წელს მოსკოვში გამართულ ახალგაზრდობის III საერთაშორისო ფესტივალზე საბჭოთა კავშირის ხელბურთელთა ნაკრები გუნდის ღირსებას იცავდა თბილისელი მეკარე არტურ რატიანიძე.

1962 წლიდან ტარდება საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ხელბურთში 7:7. ამ ჩემპიონატში პირველი ადგილი ვაჟთა შორის დაიკავა თბილისის „ბურევესტნიკმა“, ასევე წარმატებას მიაღწია მან 1964 წელს. თბილისის „ბურევესტნიკმა“ არაერთხელ მიიღო მონაწილეობა ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშებაში.

თბილისში 1966 წლიდან ყოველწლიურად იმართებოდა ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ პრიზზე. 1961, 1964 და 1967 წლებში მსოფლიო პირველობაზე სსრ კავშირის ნაკრების სახელს იცავდა ჯემალ ცერცვაძე, იმედო ფხაკაძე, ანზორ ექსეულიძე და ჯემალ აბაიშვილი.

მოედანი, ბურთი, წესები რედაქტირება

 
ხელბურთის მოედის ზომები

ხელბურთი 7:7 არის სპორტული თამაში, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ორი გუნდი. გუნდის შემადგენლობაში თორმეტი ხელბურთელია, რომელთაგან 7 ძირითადი მოთამაშეა, 5 კი სათადარიგო. 7 ძირითადი მოთამაშიდან ერთი არის მეკარე, ექვსი კი თამაშობს მოედანზე. შეცვლების ლიმიტი განუსაზღვრელია და მოთმაშეს შეუძლია რამდენიმეჯერ შევიდეს მოედანზე.

ამჟამად ხელბურთს თამაშობენ მოფიცრულ იატაკიან დარბაზში. მოედნის ზომებია 20X40 მეტრზე. პირით ხაზებს შუა დგას ბადიანი კარები, რომელთა სიგანე 3, ხოლო სიმაღლე — 2 მეტრია. ორივე კარის წინ შემოსაზღვრულია 6-მეტრიანი (მეკარის მოედანი) და 9-მეტრიანი (თავისუფალი დარტყმის ზონა) ნახევარწრეები. ხელბურთს თამაშობენ ტყავის ბურთით რომლის გარშემოწერილობა არის 58-60 სმ, ხოლო წონა 425-475 გრამი (ქალებისათვის — 54-60 სმ და 325-375 გრ).

თამაში შედგება ორი 30 წუთიანი (წმინდა დრო) ტაიმისაგან, ათწუთიანი შესვენებით. ხელბურთს თამაშობენ მხოლოდ ხელებით (მხოლოდ მეკარეს აქვს ბურთის ფეხით მოგერიების უფლება, ისიც მხოლოდ მაშინ როდესაც იმყოფება მეკარის მოედანზე). მსაჯის სასტვენისთანავე თამაში იწყება ცენტრიდან. თავდამსხმელები ცდილობენ დროის მცირე მონაკვეთში მიუახლოვდნენ მოწინააღმდეგის კარს და გაიტანონ ბურთი. გუნდი, რომელიც შეტევაზე იყო და დაკარგავს ან გაიტანს გოლს, მაშინვე ბრუნდება უკან და იცავს თავის კარის მისადგომებს. ყოველი გატანილი გოლის შემდეგ თამაში იწყება ცენტრიდან. იგებს ის გუნდი, რომელიც მეტ ბურთს გაიტანს მოწინააღმდეგის კარში.

ძირითადი აკრძლვებია: ბურთიანად სამ ნაბიჯზე მეტის გადადგმა, ბურთიანად ახტომა და დახტომა, უმოქმედოდ ბურთის სამ წამზე მეტხანს ჭერა და რაღა თქმა უნდა უხეში თამაში (მეტოქის შებოჭვა, ხელის კვრა, სარმის დადება). წესების დარღვევისა და უხეში თამაშისათვის გუნდი ისჯება ბურთის ჩამორთმევით, 6-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით, მოთამაშე კი გაფრთხილებით.

საერთაშორისო ფედერაცია რედაქტირება

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია (IGF) 1946 წლის 11 ივლისს შეიქმნა. ამ დღეს კოპენჰაგენში შეიკრიბნენ დანიის, ნორვეგიის, პოლონეთის, საფრანგეთის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიისა და ნიდერლანდების წარმომადგენლები, რომლებმაც დააფუძნეს კიდეც ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია. ამჟამად იგი აერთიანებს 150 ქვეყანას და 5 კონფედერაციას. ფედრაციის შტაბ-ბინა მდებარეობს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში.

მნიშვნელოვანი ტურნირები რედაქტირება

ხელბურთში, ისევე როგორც სპორტის ბევრ სხვა სახეობაში უმთავრესი ტურნირია ოლიმპიური თამაშების პროგრამით გათვალისწინებული ხელბურთელთა ტურნირი, რომელსაც ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად ატარებს. ასევე უმნიშვნელოვანესი ტურნირია მსოფლიოს ჩემპიონატები ვაჟთა და ქალთა შორის. გარდა ამისა ტარდება მსოფლიოს თასი ხელბურთში ვაჟთა და ქალთა გუნდებს შორის. ამ ტურნირის ჩატარების ინიციატივა დანიის (ქალები) და შვედეთის (ვაჟები) ფედერაციებმა აიღეს. 70-ანი წლებიდან 2005 წლამდე გერმანიის ხელბურთის ფედრაციის ინიციატივით ტარდებოდა მსოფლიოს სუპერ-თასი ხელბურთში ვაჟთა გუნდებს შორის, რომელშიც ყველა დროის მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები გამოდიოდნენ. გადატვირთული საერთაშორისო კალენდრის გამო 2005 წლის შემდეგ ეს ტურნირი, რომელიც მაიმცადამინც ვერ სარგებლობდა დიდი პოპულარობით, აღარ გამართულა.

ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია ატარებს აგრეთვე მსოფლიოს ჩემპიონატებს ჭაბუკებსა და გოგონათა შორის. გარდა ამისა კონტინენტალური კონფედერაციები ატარებენ თავიანთი კონტინენტების ჩემპიონატებს როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის. ევროპის ხელბურთის ფედერაცია (EHF) ატარებს ევროპის ჩემპიონატებს ვაჟთა და ქალთა შორის. გარდა ამისა ტარდება საკონტინენტო ტურნირები საკლუბო გუნდებს შორის. ევროპის ხელბურთის ფედერაცია ატარებს ხუთ საკლუბო ტურნირს, ესენია: ევროპის ჩემპიონთა თასი, ევროპის თასის მფლობელთა თასი, ფედერაციის თასი, ჩელენჯ-ქაფი (გამოწვევის თასი) და ევროპის სუპერ-თასი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჯ. ძაგანია, „ხელბურთი“, თბ., 1974

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება