ჭუბურხინჯის განძი
ჭუბურხინჯის განძი — ადრინდელი რკინის ხანის (ძვ. წ. VIII-VII საუკუნე) ძეგლი. აღმოჩნდა 1890 წელს სამურზაყანოში, სოფელ ჭუბურხინჯთან (ახლანდელი გალის მუნიციპალიტეტი). ფურცლოვანი სპილენძისაგან დამზადებულ ცილინდრულ ჭურჭელში ეწყო სპილენძის 6 ზოდი, ბრინჯაოს ორი სეგმენტისებრი იარაღი, ვერცხლის 9 და ოქროს 3 ოთხკუთხა დამღიანი ზოდი, ოქროს ორნამენტირებული ფირფიტა, 2 სასაფეთქლე ხვია და გავარსიანი ცალი საყურე. სპილენძის, ოქროსა და ვერცხლის უნიკალური დამღიანი ზოდები საიმპერატორო არქეოლოგიური კომისიის დადგენილებით გადაადნეს. დანარჩენი ნივთები დაცულია ერმიტაჟში. ჭუბურხინჯის განძი კოლხურ კულტურას განეკუთვნება და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ძველი ქართული ოქრომჭედლობის ისტორიის შესწავლისათვის.
ლიტერატურა
რედაქტირება- გაგოშიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 407.