ჭლოუს წარწერაქართული ასომთავრული რელიეფური წარწერა, მოთავსებული დიდი ზომის (100Х78Х8 სმ) ქვის ფილაზე, რომელიც აღმოჩნდა 1955 წელს სოფელ ჭლოუს ეკლესიის ნანგრევების გაწმენდისას.

ჭლოუს წარწერა

ინახებოდა დ. გულიას სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში. ფილას გვერდებიდან და ზემოდან მოუყვება რელიეფური ჩარჩო, ხოლო მის ორსავე ზედა კუთხეში თითო რელიეფური პალმეტია გამოყვანილი. როგორც ფილის ქვემოთ ღია, შეუკრავი ჩარჩოდან ჩანს, მას ქვემოდან სხვა ფილა ჰქონია მიდგმული და, შესაძლოა, ორივე ერთად საფლავის ქვა იყო. ჩვენამდე მოღწეული ზედა ნახევარი გაპობილია ორ, თითქმის თანაბარ ნაწილად, ჩამომტვრეულია მისი ქვედა მარჯვენა კუთხე. წარწერა შესრულებულია დიდი ზომის ასოებით (სიმაღლე — 13-14.5 სმ), მეორე სტრიქონის შუაში — ხვეული დამწერლობით. მისი ტექსტი ასეთია:

ე(რისთავ)თ-ერ(ის)თ(ა)ვი
მ(ა)ნ(და)ტ(ურ)თ უხ(უ)ც(ე)ს(ი) დ(ა)დ(ია)ნ ოზბ(ეგ)ს
შ(ეუნდვე)ნ ღ(მერთმა)ნ

წარწერაში დასახელებული ოზბეგ დადიანი ერთი სვანური ისტორიული საბუთის მიხედვით, ალექსანდრე I დიდის ძის დემეტრე მეფის თანამედროვეა. მისი მეფობა 1445-1452 წლებით განისაზღვრება და ჭლოუს წარწერაც ამავე პერიოდით უნდა დათარიღდეს. წარწერის მიხედვით, XV საუკუნის შუა ხანებში აფხაზეთი ეკუთვნის დადიანს, ერთიანი საქართველოს მეფის ერთ-ერთ დიდმოხელეს (ერისთავთ ერისთავს და მანდატურთუხუცესს), ხოლო სოფელ ჭლოუს ეკლესია მისი სამარხიცაა. ენობრივად წარწერა გაუმართავია — მოხსენიებული პირის სახელი და მისი თანამდებობის აღმნიშვნელი ტერმინები სხვადასხვა ბრუნვაშია წარმოდგენილი, რაც დასავლეთ-ქართულიწერილობითი ძეგლების გარკვეულ ნაწილში „მეგრელიზმების“ შემოჭრის ერთ-ერთ ადრინდელ დასტურად შეიძლება მივიჩნიოთ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვ. სილოგავა, ქართული ენა (ენციკლოპედია), თბ., 2008
  • ვ. სილოგავა, სვანეთის წერილობითი ძეგლები, I, თბ., 1986
  • Х. С. Бгажба, Из истории письмености в Абхазии, Тб.,1964