ჭართალის ეკლესიები

ჭართალის ეკლესიებიეკლესიები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალაში.

პირველი ეკლესია

რედაქტირება

პირველი ეკლესია დგას სოფლის დასავლეთით, მდინარე ილტოს მარცხენა ნაპირზე, ტყიან მთის ფერდობზე. განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. ძეგლი სამეკლესიანი ბაზილიკაა (9,5 X 8,5 მ), ნაგებია დიდი ზომის ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. კედლები შიგნიდან შელესილი ყოფილა. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: თითქმის მთლიანადაა დანგრეული გვერდის ეკლესიები, ჩამონგრეულია შუა ეკლესიის კამარა და კონქი, დანგრეულია გვერდის ეკლესიების სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი, ინტერიერი დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე ქვებით და მიწით არის ამოვსებული.

შუა ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს. ორივე გრძივ კედლებშია - ერთმანეთის პირდაპირ. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომლის მხრები შირიმის სუფთად გათლილი ქვებით არის ამოყვანილი. აფსიდის ღერძზე ვიწრო და მაღალი თაღოვანი სარკმელია, სარკმლის მარჯვენა მხარეს - პატარა სწორკუთხა ნიში. აკუსტიკური შთაბეჭდილების გაზრდის მიზნით, აფსიდის გვერდებში, კონქის ქუსლის დონეზე, თითო პატარა ქვევრია დატანებული. აფსიდი გადახურული იყო კონქით, რომლისგანაც მხოლოდ ქუსლის წყობის ნაწილი შემორჩა. ინტერიერი შემაღლებულ პროპორციებში ყოფილა გადაწყვეტილი. გვერდის ეკლესიებიდან მხოლოდ აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების ნაწილებიღაა შემორჩენილი. ორივე ეკლესია უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული. სამხრეთ ეკლესიის კედელში შემორჩენილია სარკმლის კვალი. ორივე ეკლესიას ცილინდრული კამარა ეხურა (შემორჩენილია ნაწილი). გარედან შუა ეკლესიის აღმოსავლეთ სარკმელს პროფილირებული თავსართის მცირე ნაწილი შემორჩა.

მეორე ეკლესია

რედაქტირება

მეორე ეკლესია მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, მდინარე ილტოს მარჯვენა მხარეს, მთის ფერდობზე, ჩაფართებად წოდებულ ადგილზე. ეკლესია დარბაზულია (4,8 X 3,2 მ), ნაგებია საშუალო ზომის ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. წყობაში, აქა-იქ, გამოყენებულია შირიმი. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია: ნახევარწრიული აბსიდის სამხრეთ გვერდი და სამხრეთ და დასავლეთ კედლების მცირე ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდან პქონია. აფსიდის შემორჩენილ ნაწილს სარკმლის კვალი ეტყობა. მის გვერდით მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. ეკლესიის ირგვლივ შირიმის ქვებია მოფანტული.

მესამე ეკლესია

რედაქტირება

მესამე ეკლესია მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, მთის წვერზე. ძეგლი დანგრეულია. შემორჩენილია ჩრდილო-დასავლეთ კუთხე და გრძივი კედლების კვალი. ეკლესია ნაშენი ყოფილა ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით.

მეოთხე ეკლესია

რედაქტირება

მეოთხე ეკლესია მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, მთის წვერზე. ეკლესია დანგრეულია. შემორჩენილია მხოლოდ ქვაყრილი. შენობა ნაგები ყოფილა ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. ქვაყრილის გვერდით გაურკვეველი ნაგებობის კედლის ნაწილია შემორჩენილი, რომლის უკან დგას ნატეხი ქვებით ნაგები, ოთხკუთხა პრიზმის ფორმის პატარა მასიური ნაგებობა, რომელსაც სასანთლე ნიში აქვს მოწყობილი.

მეხუთე ეკლესია

რედაქტირება

მეხუთე ეკლესია მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთით, ყორაანთ ხევში. ეკლესია დანგრეულია. შემორჩენილია ნახევარწრიული აფსიდის ჩრდილოეთ გვერდის მცირე ნაწილი და ჩრდილოეთ კედლის ნაშთი. აფსიდის შემორჩენილ ნაწილში მცირე ზომის ერთი სწორკუთხა ნიშია. შენობა ნაგები ყოფილა ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით.

ლიტერატურა

რედაქტირება