წაღვლის მესამე სამაროვანი

არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წაღვლის სამაროვანი.

წაღვლის მესამე სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ორ კილომეტრზე, მდინარე წაღვლურის მარცხენა ნაპირზე, ადგილ მიქელაანთ ვენახებში. თარიღდება შუა ბრინჯაოს ხანიდან გვიანდელზე გარდამავალი პერიოდით და გვიანდელი ბრინჯაოს ხანით.

გაითხარა 93 სამარხი, რომელთა უმრავლესობა ინჰუმაციურია, არის კენოტაფიც. ინჰუმაციური სამარხებიდან ერთ-ერთში დაკრძალულია ორი მიცვალებული, ხოლო დანარჩენი ინდივიდუალურია. მიცვალებულები დამარხულია მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, ხელფეხმოხრილი, თავით ჩრდილოეთის ან სამხრეთისაკენ.

აღმოჩენილია ბრინჯაოს 4 სატევარი, 8 შუბისპირი, ობსიდიანის 14 ისრისპირი, ბრინჯაოს 100 საკინძი, 50 საკინი, 12 სამაჯური, რამდენიმე ასეული სარდიონის, ანთიმონის, პასტისა და სხვა მასალის მძივები; 332 თიხის ჭურჭელი, რომელიც დამზადებულია წვრილმინარევიანი თიხისაგან, აქვს მეტნაკლებად ფხვნადი კეცი, შავპრიალა ზედაპირი და რუხი-მოწითალო შიდა მხარე. არის დიდი და საშუალო ზომის დერგები, ქოთნები, კოჭობები, ღრმა ცალყურა ბადიები, ყურიანი და უყურო სასმისები.

შუა ბრინჯაოს მიწურულის და გვიანდელი ბრინჯაოს ხანაზე გარდამავალი პერიოდის ინვენტარი თითქმის ერთმანეთის მსგავსია. ჭურჭელი დამზადებულია ცუდად გარჩეული თიხისაგან, გამომწვარია რუხ-მოწითალოდ და დაღარულია უსისტემოდ, რაც დამახასიათებელია გარდამავალი პერიოდისათვის. მოპოვებული მასალა ინახება ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა

რედაქტირება