წალიკა
წალიკა (ლათ. Polygonum hydropiper, სინონ. Persicaria hydropiper) — ბალახოვანი მცენარე მატიტელას გვარისა. ქართლ-კახეთში მას წყლის ინასა და ცხენის ინას ეძახიან, გურიაში – ულტამს, მესხეთში – დათვის ჩაღანდარს, იმერეთსა და რაჭაში – სალდას.
წალიკა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Polygonum hydropiper | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 163977 | ||||||||||||||
|
აღწერა
რედაქტირებაწალიკას 35 — 70 სმ-მდე სიმაღლის დაღარული, ქვემო მუხლებით ფესვგამდგარი, მარტივი, ზოგჯერ დატოტვილი ღერო აქვს. მისი ქვედა ფოთოლი ყუნწიანია, ზედა — თითქმის მჯდომარე, ფირფიტის ზედა მხარე ხშირად ლაქიანია. მტევნები გრძელია და წვრილყუნწიანი, მეჩხერ საგველად არის შეკრებილი. ყვავილსაფარი მწვანე ან წითელია, წერტილოვანი ყვითელი ჯირკვლებით მოფენილი. წალიკას აქვს ექვსი მტვრიანა. ყვავილები შეკრებილია თხელ თავთავისებრ ყვავილედებად, რომლებიც თანდათან გადადიან შეფოთლილ ღეროში. ყვავილობს ივნისის ბოლოდან სექტემბრამდე. მისი ნაყოფი ოვალური ფორმის ბრტყელი მარცვალია, მოთავსებულია ყვავილსაფარში. იგი ცალ მხარეს გამობურცულია ან სამწახნაგოვანია, აქვს მუქი რუხი ფერი. მცენარის ახალ ფოთოლს აქვს წიწაკასავით ცხარე გემო, რაც შრობის მერე იკარგება. [1]
გავრცელების არეალი
რედაქტირებაწალიკა იზრდება მთელ საქართველოში მდინარეებისა და ტბების ნაპირებზე, ჭაობიან ადგილებში, ტენიან მდელოებზე, ხშირად როგორც სარეველა მცენარე. ის ტოლერანტულია ნაწილობრივ დაჩრდილული ადგილებისა და ნაკლებად ნაყოფიერი ნადაგების მიმართ. წალიკა მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული მცენარეა, ის გვხვდება ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ზომიერ სარტყელში.
გამოყენება
რედაქტირებაწალიკაში აღმოჩენილია გლიკოზიდი პოლიგოგიპერინი, დიდი რაოდენობით ვიტამინი K, რომელსაც აქვს სისხლის შედედების უნარი შინაგანი სისხლის დენის დროს. ნაპოვნია აგრეთვე ფლავონური გლიკოზიდი რუტინი (რუტინს აქვს ვიტამინ P-ს თვისებები) და სათრიმლავი ნივთიერებები. წალიკას პრეპარატებს იყენებენ საშვილოსნოდან სისხლის დენის, მტკივნეული მენსტრუაციის დროს. მისი ექსტრაქტების გამოყენება შეიძლება აგრეთვე სისხლის ამოხველების, შარდის ბუშტიდან, კუჭიდან და ჰემოროიდალური სისხლის დენის დროს. მცენარეს კრეფენ ხელით, ზაფხულის ბოლოს, ყვავილობის პერიოდში, ხოლო დიდი რაოდენობით დამზადების დროს ხმარობენ ნამგალს. ნედლეულს ჭრიან მიწიდან 10-20 სმ-ის სიმაღლეზე. აშრობენ სწრაფად. შრობის დროს თხელ ფენად აწყობენ და ხშირად აბრუნებენ, ვინაიდან ხანგრძლივი დროით შრობის შემთხვევაში მცენარე შავდება. ნედლეულის შენახვის ვადა 2 წელია. [2]
ლიტერატურა
რედაქტირება- მ. გურგენიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 287.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Water pepper: Persicaria hydropiper. NatureGate. ციტირების თარიღი: 2013-12-30.
- ↑ სამკურნალო მცენარე უძველესი დროიდან: წალიკა. აგროკავკასია. ციტირების თარიღი: 2022-02-10.