წაბლოვანის წმინდა გიორგის ეკლესია

წაბლოვანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლოვანის ჩრდილოეთით, ფერდობზე. თარიღდება XIX საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია (10,2X6,8 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით და თლილი კირქვით, კამარა, კონქი და გადახურვა ხისაა. შიგნიდან თაღოვანი , გარედან სწორკუთხა შესასვლელები სამხრეთით და დასავლეთითაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე შიგნიდან თაღოვანი, გარედან სწორკუთხა სარკმელია, მის გვერდზე ასევე თაღიანი ნიშებია. თითო თაღიანი სარკმელია ჩრდილოეთით, სამხრეთითა და დასავლეთით (კარის თავზე). საკურთხევლის ბაქანი შემაღლებულია და არდაბაგი ეკვრის. საკურთხეველი ეკლესიის დარბაზისგან გამოყოფილია აფსიდის მხრებზე დაყრდნობილი ხის სატრიუმფო თაღით. დარბაზის კამარა შიგნიდან შეფიცრულია. იატაკზე არაწესიერი მოხაზულობის ბაზალტის დიდი ზომის ფილებია მოგებული. სამხრეთ ფასადზე კარს და ტიმპანს შემოვლებული აქვს ნახევარწრიული რელიეფური ლილვი. აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის წვეროსთან, ქვის სწორკუთხოვან ფილაზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17620