ძეძილეთის ციხე — არქიტექტურული ძეგლი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთში. მდებარეობს მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა სანაპიროდან დაახლოებით 670 მეტრი დაშორებით. იგი გამართულია შემაღლებულ კლდოვან ბორცვზე.

აგებულია ფლეთილი ქვითა და კირხსნარით. ციხე ორნაწილიანია. შედგება ციტადელისა და სამეურნეო ნაწილისაგან. ციტადელი, ბორცვის აღმოსავლეთით, შედარებით შემაღლებულ მხარესაა აგებული. ციხის აღმოსავლეთ ნაწილში აღმართულია კედლებში ორგანულად შერწყმული მრგვალი კოშკის ნანგრევი. ნანგრევებში შეინიშნება მშენებლობის ორი შრე. ციტადელის დასავლეთ კედელთან გამართულია ქვიტკირით ნაშენი წყლის რეზერვუარი. ციხის სამხრეთით მდებარე მოსახლის ეზოში დღემდე არის შემორჩენილი წყლის მილის მაგისტრალი, რომელიც მიემართებოდა ციხისაკენ. ადგილობრივთა გადმოცემით დაახლოებით 10 წლის წინ წყლის მილი ფუნქციონერებადი იყო და მასში მოედინებოდა სასმელი წყალი. ციხე ისტორიულ წარსულში წარმოადგენდა სალორთქიფანიძეოს საკუთრებას, რომელიც ისტორიულ წყაროებში მოიხსენიება როგორც გვაშტიბის ციხე (ვახუშტი ბაგრატიონთან გოსტიბე). ციხე უხილავს გიულდენშტედტს და მას აღწერს, როგორც სალორთქიფანიძეო ციხეს. ციხის სამხრეთით თანამედროვე სახლსა და ციხის კოშკს შორის მოვაკებულ ადგილზე მოსჩანს ძველი საძირკვლის ნაშთი. ადგილობრივთა თქმით ამ ადგილზე მდგარა სათავადო სახლი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39267