ცროლის ანგელოზის ჯვარი
ცროლის ანგელოზის ჯვარი — საკულტო ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანხადუს განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით, მთის ფერდობზე. სალოცავში შედის დარბაზი, საქვაბე, საკოდე და სადროშე. დარბაზი ფიქლით ნაგები, გეგმით წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმის შენობაა. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი თაღოვანია. შიგნით, ჩრდილო-დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კედლების გაყოლებაზე, ქვის სკამებია. შუაში კერაა. კედლებში ნიშებია დატანებული. ორფერდა, საფეხუროვანი გადახურვა ამჟამად ჩანგრეულია. საქვაბე და საკოდე ერთ შენობაშია მოქცეული. ნაგებია ფიქლით. საქვაბეში შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთ კედლის გაყოლებაზე ქვის სკამებია მოწყობილი. სათავსის შუაში კერაა. ჩრდილო კედელთან ფიქლით ნაშენი ბოძია. აღმოსავლეთით პატარა სარკმელია გაჭრილი. საქვაბეს დასავლეთიდან მცირე ზომის საკოდე აკრავს, რომელსაც შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. შესასვლელის წინ საკოდის კარია. კარის გვერდით - ეგრეთ წოდებული სახელოსნო, რომელიც მთლიანად დანგრეულია. ნაგებობა ორფერდა სახურავითაა გადახურული. სადროშე ფიქლით ნაშენი, ოთხკუთხა ფორმის კოშკისებრი ყრუ ნაგებობაა და ორსაფეხურიანი სახურავითაა გადახურული. სამხრეთის მხარეს, ერთიმეორის ზემოთ, ორი პატარა ნიში აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯინჭარაძე დ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 318.