ცერონისის მაცხოვრის ეკლესია
ცერონისის მაცხოვრის ეკლესია — ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისში. მდებარეობს სოფლის განაპირას, აღმოსავლეთით. სტილისტური ნიშნებით თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.
ეკლესია დარბაზულია (8,3 X 5,6 მ). აგებულია ძველ ნაეკლესიარზე. ნაშენია ნატეხი ქვიშაქვით, დასავლეთის საბჯენი თაღი კარგად გათლილი ქვიშაქვისაა. მოგვიანებით განახლებულ ნაწილებში გამოყენებულია აგური. 1970-იან წლებში სოფლის მაცხოვრებლებმა ეკლესია შეაკეთეს - კედლებს ზედა ნაწილში რკინაბეტონის სარტყელი შემოავლეს და შენობა კრამიტით გადახურეს.
შიგნიდან სწორკუთხოვანი, გარედან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ბრტყელი ზედანით გადახურული თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ჩრდილოეთით ორი, ხოლო სამხრეთით ერთი ნიშია. საკურთხეველში აგურით ნაგები სატრაპეზო დგას. საკურთხევლის კონქის რამდენადმე დეფორმირებული თაღი სამი ლილვისაგან შედგენილი ქვიშაქვის იმპოსტებს ეყრდნობა. მსგავს იმპოსტებზეა დაყრდნობილი დასავლეთ კედლის შეკიდული საბჯენი თაღიც, რომელიც შეკეთების დროს კამარის წყობაში მოუქცევიათ. თითო სარკმელი დასავლეთით და სამხრეთითა. დარბაზი ცილინდრული კამარითაა გადახურული. ინტერიერი შელესილი და შეთეთრებულია. აქ არსებული საფლავის ქვების წარწერით ირკვევა, რომ ეკლესია ფალავანდიშვილებს ეკუთვნოდათ.
აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის ზღუდარზე ამოკვეთილია ჯვარი. ორი ასეთი ჯვარია დასავლეთ სარკმლის ზღუდარზეც. ეკლესიას დასავლეთით, სახურავის კეხზე ადგას აგურის პატარა, ოთხივე მხარეს ოდნავ შეისრული თაღებით გახსნილი ფანჩატურიანი სამრეკლო, რომელიც გადახურულია პირამიდული სახურავით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 410.