სარგის ცაიშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან ცაიშვილი, სარგის)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცაიშვილი.

სარგის სოლომონის ძე ცაიშვილი (დ. 20 დეკემბერი, 1929, თბილისი — გ. 18 მაისი, 1992, იქვე) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ქართული ლიტერატურის ცნობილი მკვლევარის სოლომონ ცაიშვილის ოჯახში. 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და სწავლა გააგრძელა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომლის დირექტორიც მოგვიანებით გახდა.

ფართოდაა ცნობილი ს. ცაიშვილის შრომები, როგორც ძველი ქართული მწერლობის შესახებ, ასევე რუსთველოლოგიაში, 1964 წლიდან იყო „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის ჯერ თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ მეცნიერ-დირექტორი.

სარგის ცაიშვილის კალამს ეკუთვნის გამოკვლევები და ესეები იაკობ ცურტაველზე, დავით გურამიშვილზე, ვახტანგ VI-ზე, ბესიკზე, იოსებ ტფილელზე, ნიკოლოზ ბარათაშვილზე, ილია ჭავჭავაძეზე, ვაჟა-ფშაველაზე, ნიკო ლორთქიფანიძეზე, გალაკტიონ ტაბიძეზე, გერონტი ქიქოძეზე, კონსტანტინე გამსახურდიაზე, სიმონ ჩიქოვანზე, ლევან გოთუაზე და სხვებზე. მისი მრავალი ნაშრომი თარგმნილია უცხო ენებზე. გამოჩენილი კრიტიკოსისა და მეცნიერის ღვაწლი აღინიშნა 1977 წელს საქართველოს მწერალთა კავშირისა და 1989 წელს კორნელი კეკელიძის პრემიებით.

სარგის ცაიშვილს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ენციკლოპედიის შექმნაში. დააარსა ჟურნალი, „ლიტერატურა და ხელოვნება“, იყო მისი მთავარი რედაქტორი. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის უცხო ენების ინსტიტუტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც 1986 წლიდან გარდაცვალებამდე ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას ხელმძღვანელობდა. ის ასევე იყო სპორტსმენ-ალპინისტი, სპორტის ოსტატი და საქართველოს ალპინისტთა ფედერაციის პრეზიდენტი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 392, თბ., 1994