ჩრდილოამერიკული მაჩვზღარბა

ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა

ჩრდილოამერიკული მაჩვზღარბა (ლათ. Erethizon dorsatum) — ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. ამერიკულ მაჩვზღარბასებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელი. ჩვეულებრივ იწონის 7 კგ-მდე, თუმცა ზოგჯერ მამლები მნიშვნელოვნად დიდები ხდებიან. სხეულის სიგრძე 80 სმ-მდეა (უკუდოდ), ლუდისა — 30 სმ-მდე. მთლიანად დაფარულია 30 000-ზე მეტი ღრუ ეკლით. ხმელეთზე მსუბუქი სვლით გადაადგილდება, არ შეუძლია ახტომა; ხეებზე ცოცავს ნელა, თუმცა ბალანსს მშვენივრად ინარჩუნებს; კარგად ცურავს. როდესაც რაიმე უახლოვდება, ტანის უკანა მხარეს გამოწევს ხოლმე. თავდასხმის შემთხვევაში თავის ძლიერ კუდს მიმართავს თავდამსხმელის საპირისპიროდ. მეთევზეები ჩრდილოამერიკულ მაჩვზღარბაზე ნადირობის დროს მუცლის მხარეზე ესხმიან თავს, აგრეთვე ცნობილია, რომ ფოცხვერი და სამურავი წარმატებით ნადირობენ მასზე.[1]

ჩრდილოამერიკული მაჩვზღარბა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Erethizon dorsatum (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 8004
გავრცელება

გავრცელების არეალი წარმოდგენილია ნაცრისფერში

ცხოვრობს ტყეებში, მათ შორის ტყის მასივებში მდინარეთა გასწვრივ, ტუნდრაში, მდელოებზე და უდაბნოებში. მისი არეალი კანადიდან ჩრდილოეთ მექსიკამდე ვრცელდება, თუმცა აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში წარმოდგენილი არ არის. ზოგჯერ მისი ნახვა დღისითაცაა შესაძლებელი. ერთადერთი მაჩვზღარბაა თავის ოჯახში, რომელიც ბინადრობს როგორც მიწაზე, ისე — ხეზე. ღამეს ათევს ხეებზე, აგრეთვე ხის, მორის, ჯირკის ფუღუროებში, გამოქვაბულებში, კლდის ნაპრალებში, სოროებსა და თოვლის გროვაში. წიწვოვან ტყეებში მცხოვრები ინდივიდები უფრო მეტ დროს მიწაზე ატარებენ, ხოლო ფოთლოვანი და შერეული ტყეების ბინადრები უფრო ხშირად გვხვდებიან ხეებზე, რომლებიც მათ ძირითად საკვების წყაროს წარმოადგენენ.[1]

გაზაფხულსა და ზაფხულში მის რაციონში შედის კვირტები, ყლორტები, ფესვები, ღეროები, ფოთლები, ყვავილები, კენკრა, თესლები და კაკლები; ზამთარში — მარადმწვანე გირჩები, კამბიუმის შრე და ხის შიდა ქერქი. ძვლებსა და ირმის რქებს ღრღნის კალციუმისა და სხვა მინერალების მისაღებად. ზამთრის ძილქუში არ ახასიათებს, თავის ბუნაგში რჩება განსაკუთრებით ცივი და მკაცრი ამინდის დროს. როგორც წესი, მარტოდ ცხოვრობს, თუმცა ზოგჯერ ჯგუფებადაც გვხვდება.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 Musser, Guy. (08.04.2020) Porcupine. Encyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 11 აგვისტო, 2020.