ჩორჩანის ეკლესია
ჩორჩანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სამცხე ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანში.
ჩორჩანის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°40′23″ ჩ. გ. 42°43′53″ ა. გ. / 41.67306° ჩ. გ. 42.73139° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | საქართველო |
პროვინცია | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
ადგილმდებარეობა | ჩორჩანი |
იგი მცირე ზომის დარბაზული ნაგებობაა. აგებულია დიდი ზომის ბაზალტის ქვით დუღაბზე. დგას პირდაპირ კლდის მასივზე ყოველგვარი საძირკვლის გარეშე. მხოლოდ აღმოსავლეთის კედელს აქვს ერთსაფეხურიანი ბაზალტის ქვითვე ნაწყობი ცოკოლი. პერანგის ქვა თითქმის სრულად მოცლილია, თუმცა მშვენივრადაა შემორჩენილი ანაბეჭდები. შესასვლელი სამხრეთ კედელშია გაჭრილი და დარბაზის იატაკიდან ორი საფეხურითაა აწეული. კარი არქიტრავული უნდა ყოფილიყო. იქვე დევს 2,2 მ სიგრძის საპირე ქვა, რომელიც კარის თავზე უნდა ყოფილიყო ჩადგმული. კარის ზღურბლზე შერჩენილია კარის ჩამკეტი და საანჯამე ფოსოები. კარის ჭრილის სამხრეთ საპირედ გამოყენებულია კარგად დამუშავებული პარელელეპიპედი, რომელსაც შუაში გამჭოლი წრიული ხვრელი აქვს. ტაძარი განათებული იყო დასავლეთის და აღმოსავლეთის სარკმლებით. სარკმლები ვიწროა, ზემოთკენ შევიწროვებული და თაღით დასრულებული, წირთხლები შეგინითკენ გაგანიერებული.
აღმოსავლეთის კედლის ფრონტონში შემორჩენილი ქვა მეტყველებს, რომ კედლები დასრულებული უნდა ყოფილიყო ქვის კარნიზით, რომელსაც ებჯინებოდა ლორფინი (ლორფინის ანაბეჭდები კარგად იკითხება). ტაძრის აფსიდი არასწორი ნახევარწრეა, დარბაზისგან 4-7 სმ სიგანის მხრით გამოყოფილი. კონქი ეყრდნობა მხრის პილასტრებზე გადასულ თაღს. აფსიდას ნიშები არ აქვს. არც საკურთხევლის იატაკია ამაღლებული დარბაზისგან და არც ტრაპეზია შემორჩენილი. საკურთხევლის სარკმლის ჩრდილოეთ პირში მოგვიანებით ჩასმული კუბია, რომლის პირზეც შეისრულ თაღში ჩამჯდარი გოლგოთის ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ამ წახნაგის მარცხენა წახნაგზე კი შუაში ოვალური ფოსოა ამოჭრილი. ტაძარი დასრულებულია ნახევარწრიული კამარით, რომელიც ეყრდნობა სატრიუმფო თაღებს.
ნახევარპილასტრები, ისევე როგორც მხრები დასრულებულია კაპიტელებით. ოთხივე პროფილირებულია: მხრის კაპიტელებს სამ-სამი ლილვი აქვს, ხოლო ნახევარპილასტრის კაპიტელებს ორ-ორი (შესაბამისად, თუ პირველები უფრო მაღალია ვიდრე მეორეები). ამ კაპიტელებიდან სამს ლილვები მხოლოდ საფასადე მხარეს აქვს მოცემული, ჩრდილოეთი მხრის კაპიტელს კი სამივე მხარეს. დარბაზის იატაკი მიწატკეპნილია.
ტაძრის გარშემო მდებარე სასაფლაოზე აღმოჩენილია XIX საუკუნის საფლავის ქვები არაბული წარწერებით და მცირე ზომის არქიტექტურული დეტალი ადამიანის თავის ჰორელიეფით, რომლებიც ამჟამად ახალციხის ისტორიულ მუზეუმშია დაცული.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარსაგიშვილი გ., ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია, ჩორჩანის წმინდა გიორგის ეკლესია, თბ., 2013, გვ. 539
- ბოჭორიძე გ., „მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში“, თბ., 1992, გვ. 87-88
- ვაჩნაძე ნ., „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება, როგორც საისტორიო წყარო“, თბ., 1975, გვ. 157
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17810