შერმაზან ჩოლოყაშვილი
შერმაზან ჩოლოყაშვილი — კახეთის თავადი, სახლთუხუცესი. კახეთის მეფეების დავითისა და თეიმურაზ I-ის ერთგული ვასალი.
მოღვაწეობდა XVI საუკუნის ბოლოსა და XVII საუკუნის დასაწყისში. 1604 ქეთევან დედოფლის თხოვნით ირანში გაჰყვა თეიმურაზ ბატონიშვილს. მასთან ერთადვე დაბრუნდა 1606 წელს.
ანტონ ფურცელაძის ცნობით, როდესაც შაჰ-აბასი ლუარსაბისა და თეიმურაზის გადაკიდებას ცდილობდა და ცალ-ცალკე სწერდა მათ ერთმანეთზე მოკვლას გიპირებსო, ამ ამბავს შერმაზანისაგან იგებენ და, როცა შაჰი მეფეებს მაზანდარანს მიიწვევს, „გონიერი და გამოცდილი გამზრდელი თეიმურაზისა და ამორჩეული კაცი ქეთევან დედოფლისა არ გაუშვებს და გადაარჩენს“[1]. ამ ცნობას ადასტურებს ისკანდერ მუნშიც. იგი მოგვითხრობს, რომ, როდესაც ლუარსაბი და თეიმურაზი შაჰმა მაზანდარანს მიიწვია, „შერმაზანის წაქეზებით დასდვეს მათ პირობა და პაემანი, რომ ამიერიდან ერთმანეთთან თანხმობით ყოფილიყვნენ, იმის საწინააღმდეგოდ, როგორც მათი მამები იქცეოდნენ და სანამ შესაძლებელი იქნებოდა, თავის საცხოვრებლიდან არ დაძრულიყვნენდა ყიზილბაშებისათვის არ ჩაეგდოთ თავი ხელში“.
ჩოლოყაშვილის ინიციატივით 1612 თეიმურაზ I-მა და ლუარსაბ II-მ ხელშეკრულება დადეს და გადაწყვიტეს ერთობლივად ებრძოლათ ირანის აგრესიის წინააღმდეგ.
ლიტერატურა
რედაქტირება- არჩილი, თხზ. სრ. კრებ. ორ ტომად, ალ. ბარამიძისა და ნ. ბერძენიშვილის რედ., ტ. 2, თბ., 1937;
- ჯამბურია გ., გიორგი სააკაძე, თბ., 1964;
- ჯამბურია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 147-148.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ა. ფურცელაძე, „ბრძოლა საქართველოს მოსასპობად ანუ გიორგი სააკაძე და მისი დრო“, ტფ., 1892, გვ. 60