ჩირდილის ღვთისმშობლის ჯვარი
ჩირდილის ღვთისმშობლის ჯვარი — საკულტო ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩირდილის განაპირას, ტყიან ფერდობზე. ხატის კომპლექსში შედის საქვაბე, ბეღელი, კვრივი და საზარე. საქვაბე სიპი ქვის მშრალი წყობით ნაშენი, გეგმით ოთხკუთხა ნაგებობაა. შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი სწორკუთხაა. კარის გვერდით თახჩაა. ორფერდა სახურავი ჩაქცეულია. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლის კიდეებში ოთხკუთხა საკვამლე ხვრელებია. სამხრეთ კედლის მთელ სიგრძეზე ხის გრძელი სკამია. ბეღელი გეგმით ოთხკუთხაა, ნაგებია სიპი ქვის მშრალი წყობით და გადახურულია ფიქლის ორფერდა სახურავით. შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. შიგნით სამხრეთ ნაწილი უკავია საკოდეს. იგი ორადაა გაყოფილი და განკუთვნილი იყო მარცვლეულისა და ხორბლის შესანახად. სათავსის შუაში საცეცხლურია, რომლის ზემოთაც რკინის ჯაჭვი კიდია. დასავლეთ კედელზე მიდგმულია ხის გრძელი სკამი და მოჩუქურთმებული ტაბლა. გარედან შესასვლელის წინ მოსწორებული ადგილია, რომელსაც ბეღლის კარს უწოდებენ. კვრივი ოთხკუთხა სვეტის მსგავსი, სიპი ქვის მშრალი წყობით ნაშენი მასიური ნაგებობაა, მიდგმულია დარბაზის ჩრდილო-დასავლეთ კედელზე. საზარე სვეტის მსგავსი ოთხკუთხა ნაგებობაა. დგას დარბაზის დასავლეთით. ნაშენია სიპი ქვის მშრალი წყობით. საზარის დასავლეთით, მთის ფერდობზე კიდევ ერთი მსგავსი ნაგებობაა, რომელსაც თავზე ოთხკუთხა ფორმის გრძელი ქვა (წოწოლა) ადევს. ამ ნაგებობის ქვევით ეგრეთ წოდებული დობილთ კოშკია. იქვე ახლოს ჯვრის ტყეა, რომელსაც სოფლის სასაფლაო აკრავს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯინჭარაძე დ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 342.