ჩიორა
ჩიორა — ქართული დრამატული ფილმი, რომელიც ლენინის ორდენოსანმა კინოსტუდია „ქართულმა ფილმმა“ გადაიღო 1984 წელს. ფილმის რეჟისორები არიან ნელი ნენოვა და გენო წულაია.
ჩიორა | |
---|---|
![]() | |
ჟანრი | დრამა, მელოდრამა |
რეჟისორი |
ნელი ნენოვა გენო წულაია |
სცენარის ავტორი | ბესიკ ოდიშარია |
როლებში |
ხათუნა ჩაგელიშვილი თენგიზ გიორგაძე გოჩა აფციაური |
კომპოზიტორი | ალექსანდრე ბასილაია |
ხმის ოპერატორი | ზურაბ ნადარაია |
ოპერატორი | გივი რაჭველიშვილი |
მხატვარი | გია ლაფერაძე |
სტუდია | ქართული ფილმი |
გამოსვლის თარიღი | 1984 |
ხანგრძლივობა | 1 სთ 21 წთ |
ქვეყანა |
![]() ![]() ![]() |
ენა | ქართული ენა, რუსული ენა |
სიუჟეტი რედაქტირება
მარი და ნიკა აბიტურიენტები არიან და ფიზიკის გაკვეთილებს ერთად ესწრებიან. ნიკა, რომელსაც მარი უყვარს, გადაწყვიტავს, იქორწინოს და ამის შესახებს მშობლებს უამბობს. მიუხედავად გაოგნებისა, მამა თანხმობას გამოხატავს და მიანიშნებს, რომ ამ საკითხს მიხედავენ ნიკას უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შემდეგ. მიუხედავად ამისა, ნიკა მარის ღამით აკითხავს და მასთან ერთად ზღვისპირა ქალაქში იპარება, იმ იმედით, რომ ნიკას ბიძასთან დარჩებიან. თუმცა, ბიძა სათევზაოდ არის წასული. იმის გამო, რომ ქორწინებაში არ იმყოფებიან, გასაქირავებელ ოთახებს მათ არავინ ანდობს. ერთ-ერთ კაფეში ყოფნისას ნიკას ჩხუბი მოსდის. მას გადაარჩენს ჩიორა, ზღვაზე ჩამოსული ყმაწვილი. ახალგაზრდები შემდგომში ქალაქში მასთან ერთად გადაადგილდებიან. დროთა განმავლობაში ნათელი ხდება, რომ ჩიორას მარის მიმართ სიმპათია უჩნდება.
ახალგაზრდები თბილისიდან ფულადი თანხის გადარიცხვას ელოდებიან. ამასობაში, რისკების მოყვარული ჩიორა, იმ იმედით, რომ ავტომობილის მძღოლს დაარწმუნებს, თითქოს ავარია უკანასკნელის ბრალია და ასე ფულად თანხასაც იშოვნის, ველოსიპედით განგებ ეჯახება ერთ-ერთ ავტომობილს, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვლება. მარის ამ დროისთვის ყველაფერი ბეზრდება და, როდესაც ნიკასთან ერთად მატარებლით თბილისში ბრუნდება, გზად ერთ-ერთ ბაქანზე წყლის სასმელად ჩადის და ნიკა, მატარებლის გამცილებლის ძალისხმევის გამო, იძულებულია, ვაგონში დარჩეს. თბილისში იგი მარის სადგურთან შეხვდება, მაგრამ მარი უსვამს კითხვას, თუ რატომ არ ჩამოხტა იგი მატარებლიდან მის გამო. ნიკა პოულობს გადაწყვეტილების საბაბს და ხუმრობით ეკითხება, ხეიბარი ქმარი ხომ არ სურს. მარი, გაიაზრებს რა ყოველივეს, ტოვებს მას და აღარ სურს მასთან საუბარი, თუმცა ნიკა ჰპირდება, რომ შემდეგ დღეს დაურეკავს.
როლებში რედაქტირება
მსახიობი | როლი |
---|---|
ხათუნა ჩაგელიშვილი | მარი |
თენგიზ გიორგაძე | ნიკა |
გოჩა აფციაური | ჩიორა |
ლია ელიავა | ნიკას დედა |
ვაჟა ფირცხალაიშვილი | გოგი, ნიკას მამა |
თეა (ნათელა) გაბუნია | მარიკას დედა |
კახა ღვინჯილია | მარიკას ძმა |
თინათინ ბაბლიძე | |
მარიკა გოგიჩაიშვილი | |
გიორგი სულაძე | |
თამარ თუშიშვილი | |
ირაკლი კალანდაძე | |
ლია კაპანაძე | |
ზურაბ (კეკური) ლაფერიძე | |
ელენე (ჩიტო) ლანდია | |
ნოდარ მასხულია | |
ლიანა მიქავაშიძე | |
სოსო პაჭკორია | |
გიზო სირაძე | |
შოთა სხირტლაძე | |
გიორგი ხვადაგიანი | |
მარიკა ტყეშელაშვილი | |
ლია ხაჩატუროვა | |
ივანე ჩხეიძე |
გადაღება რედაქტირება
ფილმის გადაღებები ძირითადად აფხაზეთში მიმდინარეობდა, გვიანდელ შემოდგომამდე. მსახიობები იძულებულები იყვნენ, სიცივეში ეტარებინათ საზაფხულო ტანისამოსი.
გიორგი აფციაური, ჩიორას როლის შემსრულებელი, სკოლის დამთავრების შემდეგ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში სწავლობდა. რეჟისორის ასისტენტმა ვაჟა ბასილაიამ იგი ქუჩაში შეამჩნია და მსახიობთა შერჩევაზე მიიწვია. ორი კვირის შემდეგ ყმაწვილი როლზე დაამტკიცეს და გააცნეს ნიკას როლის სავარაუდო შემსრულებელი - თენგიზ გიორგაძე, რუსთაველის თეატრის ახალბედა მსახიობი. პარალელურად დაიწყო მარის როლის შემსრულებლის ძიება. როდესაც გოგონები მოჰყავდათ, აზრს გიორგის და თენგიზს ეკითხებოდნენ. მათ უმალვე მოეწონათ ხათუნა ჩაგელიშვილი. გადაღებების დასრულების შემდეგ ჩიორა კახა თავართქილაძემ გაახმოვანა, ნიკა - რევაზ ჩხიკვიშვილმა (რომელმაც მოგვიანებით ხათუნაზე იქორწინა)[1]. სინამდვილეში, თავდაპირველი ჩანაფიქრით, თენგიზ გიორგაძეს უნდა შეესრულებინა ჩიორას როლი, ლევან უჩანეიშვილი მოიაზრებოდა ნიკას როლზე, ხოლო ნინო ბურდული უნდა ყოფილიყო მარი.[2]
გადაღებების დროს რამდენიმე სირთულე წარმოიშვა, მათ შორის - ავარიის სცენებთან დაკავშირებით. გიორგი აფციაურს ნამდვილად დაეჯახა მანქანა და ეს ეპიზოდი უცვლელად შეიტანეს ფილმში.[1]
გიორგი იხსენებდა: „ვფიქრობდი, ან დიდი მსახიობი უნდა გახდე, ან სულ არ უნდა მოინდომო მსახიობობა-მეთქი. ჩემგან მსახიობი არ დადგებოდა. "ჩიორა" იმიტომ გახდა პოპულარული, რომ მოერგო ჩემს ხასიათს. „ჩიორა“ მე მგავს, სულაც არ მითამაშია.“[1]
თენგიზ გიორგაძე წლების შემდეგ იხსენებდა: „ხასიათით ჩიორას მეტად ვგავდი, თუმცა ჩემს გარეგნობაში პროვინციაში გაზრდილი ბიჭის იერს ვერ ხედავდნენ. ნიკა ჩემთვის დადებითი გმირია. ადამიანები არ უნდა იჭრებოდნენ ცოლ-ქმრის ცხოვრებაში. ნიკა ყველას ენდობა, ვერ დაუშვებდა, რატომ უნდა შეეხედა მეგობარს მისი მეუღლისთვის... ჩიორაა უარყოფითი გმირი და არა ნიკა - მე ასე ვკითხულობ ამ ფილმს“. [2]
„ჩიორა“ იყო ერთ-ერთი უკანასკნელი ფილმი, გადაღებული აფხაზეთში, 1992-1993 წლების მოვლენებამდე.[2]
მუსიკა რედაქტირება
- ალექსანდრე ბასილაია - „ჩიორა“
- ალექსანდრე ბასილაია - „ეს ზამთარიც დაილევა“
- ბესო კალანდაძე - „ყვავილები თოვდა“