ჩინური ფილოსოფია
ძველ ჩინეთში ფილოსოფიური სკოლები წარმოიშვა ძვ. წ. VI-III საუკუნეებში. ჩინური ფილოსოფიის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია მითოლოგიამ და ძველმა წერილობითმა ძეგლებმა „ი ძინმა“ — „გარდაქმნათა წიგნმა“ და „ში ძინმა“ — „ისტორიათა წიგნმა“.
გავრცელებული სქემის მიხედვით ჩინური ფილოსოფიის განვითარების ისტორია იყოფა ოთხ პერიოდად: 1. ძველი ფილოსოფია (ძვ. წ. VI-III საუკუნეები); 2. შუა საუკუნეების ფილოსოფია (ძვ. წ. III-ახ. წ. XIX საუკუნის შუა პერიოდამდე); 3. ახალი დროის ფილოსოფია (XIX საუკუნის შუა პერიოდიდად 1919 წლამდე); 4. უახლესი პერიოდი (1919 წლიდან დღემდე).
ცნობილია ძველი ჩინური ფილოსოფიის ექვსი კლასიკური სკოლა:
- ჟუძია - მომსახურე ადამიანთა სკოლა იგივე კონფუციანელობა, ფუძემდებელი კონფუცი.
- დაოძია - იგივე დაოსიზმი, ფუძემდებელი ლაო-ძი.
- მოძია - იგივე მოიზმის მიმდევრების მოისტების სკოლა, ფუძემდებელი ფილოსოფოსი მო-ძი.
- ფაძია - ლეგიზმი („კანონიკები“).
- ინიანძია - ანუ ინისა და იანის შესახებ სწავლების მომხრეთა სკოლა, იგივე ნატურფილოსოფიური (პრიმიტიული მატერიალიზმი).
- მინძია - იგივე ნომინალისტური სკოლა, ფუძემდებელი ფილოსოფოსი მენ-ძი.
ამ სკოლების ჩამოყალიბება და განვითარება მიეკუთვნება ჩინეთის ისტორიის ეგრეთ წოდებულ ოქროს ხანას. თითოეულმა მიმდინარეობამ გაიარა ჩამოყალიბების, განვითარების, ცვლილებების და დაშლის ხანგრძლივი ისტორიული პროცესი. მაგ: ცნობისათვის, კონფუციანელობა 8 ფილოსოფიურ მიმდინარეობად დაიშალა საბოლოოდ. ასევე, დაიშალა სხვადასხვა მიმდინარეობად თითოეული სკოლა. დღეისათვის, ჩინეთში ასობით ფილოსოფოსი, ათობით ფილოსოფიური მიმდინარეობა არსებობს.
ჩინეთის იდეოლოგიურ-კულტურულ ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულა კონფუციანელობამ. მასში ჭარბობს ეთიკურ-რელიგიური პრობლემები, ყურადღების ცენტრში დგას ადამიანი, რომლის ცხოვრება ბედზე დამოკიდებულად ცხადდება. ბედი ზეცითაა განსაზღვრული, მიწიერ ყოფას ტიანდაო ანუ ზეცის კანონი მართავს. მეორე დიდი გავლენი სკოლა იყო დაოსიზმი — ლაო-ძის — დაოს, ანუ კანონზომიერების შესახებ. დაო სამყაროს ის წესრიგია, რომლის ძალით ჩნდება წინააღმდეგობა ყოველ არსებულში, რაც ცვლის, გარდაქმნის ყოველივეს თვით კი უქმნადი და უცვლელია. დაოსიზმი დიალექტიკური მოძღვრებაა.
მატერიალისტურ სკოლებად ითვლება სიუნ-ძის მოძღვრება და ლეგისტების („ფაძიას“) სკოლა; ამათგან პირველი ნატურფილოსოფიური მოძღვრებაა, მეორე კი საზოგადოებას ეხება და კანონებს იკვლევს.
კონფუციანელობა და დაოსიზმი თავიანთ განვითარებაში თანდათან რელიგიურ სახეს იღებენ. V-VI საუკუნეებში ჩინეთში გავრცელდა ბუდიზმი. ბუდისტური ლიტერატურის თარგმნა, გავრცელება და ათვისება ხდებოდა მასზე კონფუციანელობის და დაოსიზის ძლიერი გავლენით. VII-X საუკუნეებში ბუდიზმი ყველაზე გავრცელებული მიმართულება გახდა. სუნის ეპოქა (X-XIII საუკუნეები) ჩინური ფილოსოფიის ხელახლა აღორძინების ხანად ითვლება, რაც ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური დაწინაურების გამოხატულება იყო. ამ დროს კვლავ გაძლიერდა კონფუციანელობა, მან ნეოკონფუციანელობის სახე მიიღო. თუ კონფუციანელობის ადრინდელი წარმომადგენელნი ფილოსოფიის მთელ რიგ საკითხებს მატერიალისტურად წყვეტდნენ, ნეოკონფუციანელები უკომპრომისოდ მხოლოდ იდეალურ საწყისს სცნობდნენ. ამ თეორიის თვალსაჩინო წარმომადგენლები იყვნენ ძმები ჩენ ხაო და ჩენ ი. ნეოკონფუციანელობა განვითარდა ობიექტური და სუბიექტური იდეალიზმის ფორმებში.
1644-1911 წლებში მოდერნიზებული კონფუციანელობა განათლების ოფიციალური სისტემის საფუძველი გახდა. ჩინური ფილოსოფიური აზროვნება არსებითად შეიცვალა 1840-1842 წლებში დაწყებული ომის შემდეგ („ოპიუმის ომი“), რის შედეგადაც უცხოეთის აგრესიამ ჩინეთი ნახევრად კოლონიად აქცია.
1919-1949 წლებში რესპუბლიკური წყობილების დროს ჩინეთში ფილოსოფიური და საზოგადოებრივ-პოლიტიკური აზროვნების განვითარების ახალი პერიოდი დადგა; ნეოკონფუციანელობა კრიზისმა მოიცვა, დაიწყო დასავლეთ ევროპის ბურჟუაზიულ ფილოსოფიური და სოციოლოგიური თეორიების გავრცელება. ამავე დროს ვრცელდება მარქსისტულ-ლენინური მსოფლმხედველობა, რომელიც ბრძოლას იწყებს ბურჟუაზიული იდეოლოგიის წინააღმდეგ. ჩსრ-ის შექმნის დროიდან (1949) მარქსიზმ-ლენინიზმი გაბატონებული სახელმწიფოებრივი იდეოლოგია გახდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 130-131.