ჩინური დრაკონი
ჩინური დრაკონი — მითიური არსება ჩინეთის ფოლკლორში, მითოლოგიაში და ზოგადად კულტურაში. ჩინურ დრაკონს შეიძლება სხვადასხვა ცხოველის ფიზიკური თვისებები ჰქონდეს (მაგ. კუს ან თევზის), მაგრამ ყველაზე ხშირად ის გველის მაგვარ არსებას წარმოადგებს ორი ან ოთხი ფეხით, კლანჭებით და ხანდაზან ფრთებით. დრაკონი ჩინეთში კეთილი ძალების, იღბლის, ძალის და ძალაუფლების სიმბოლოა - ჩინეთის იმპერატორები ხშირად იყენებდნენ დრაკონს თავის სიმბოლოდ, გამოჩინებულ ადამიანს დრაკონს ადარებენ. დრაკონს ახსენებენ სხვადასხვა გამონათქვამში და იდიომაში, მაგ. „იმედი აქვს, რომ შვილი დრაკონად გაეზრდება“, ანუ შვილზე მეტისმეტად დიდ იმედებს ამყარებს. ჩვეულებრივად ასოცირდება წყლის სტიქიასთან და წვიმასთან.
სიმბოლიზმი
რედაქტირებადრაკონი ძველი დროიდან იმპერატორის და იმპერატორის ძალაუფლების სიმბოლო იყო. ჰანის დინასტიის დამფუძვნებელი ლიუ ბანი ამბობდა, რომ ჩაისახა იმის შემდეგ, რაც დედამისს დრაკონი დაესიზმრა, ტანის დინასტიის პერიოდში კი იმპერატორის და მასთან დაახლოებული პირების სამოსზე დრაკონის ორნამენტები ისახებოდა. ზოგი დინასტიის მმართველობისას დრაკონი ხუთი ბრჭყალით იმპერატორის, ოთხით კი პრინცების და სხვა არისტოკრატების სიმბოლო იყო. ცინის დინასტიის დროს დრაკონი ქვეყნის დროშაზეც იყო გამოსახული. დასავლეთის ქვეყნებში დრაკონს ხშირად ჩინეთის სიმბოლოს მნიშვნელობას აძლევენ, მაგრამ ჩინეთში მას მხოლოდ კულტურის ელემენტად აღიქვამენ.
ჩინეთში დრაკონის აღქმა მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროპულისგან. ევროპაში დრაკონი აგრესიული და სახიფათო ურჩხულია ცეცხლოვანი სუნთქვით, ასოცირდება განადგურებასთან და ცეცხლის სტიქიასთან, ჩინეთში კი - მშვიდობიანი, დიდებული, ბრძენი, მაღალფარდოვანი არსება, ძალის და კეთილშობილების სიმბოლო და წყლის, წვიმის, ამინდის მფარველი. ამ მიზეზით 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე დრაკონის მაგივრად ევროპელებისთვის უფრო მეგობრული არსება აირჩიეს - გაიმართა დისკუსია და გადაწყდა, რომ ევროპელებისთვის დრაკონი მეტისმეტად შიშისმომგვრელი იქნებოდა.[1]
დრაკონი კულტურაში
რედაქტირებაითვლება, რომ დრაკონის თაყვანისცემა სხვადასხვა ცხოველის სტილიზირებული კერპებით დაიწყო. ჩინეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი დრაკონის უძველესი გამოსახულებები ძვ. წ. V ათასწლეულით თარიღდება. დრაკონის ადრეულ გამოსახულებებს დახვეული ფორმა აქვთ, სიტყვა „დრაკონის“ აღმნიშვნელ უძველეს იეროგლიფებსაც დახვეული ფორმა აქვთ [2]. შემდგომში დრაკონი ხშირად ისახებოდა ცეცხლოვან მარგალიტთან ერთად, რომელიც უკვდავების, სულიერი ძალის, წყლის, კეთილდღეობის ან მთვარეს სიმბოლო იყო. ჩინურ ფერწერაში ხშირად გვხვდება რამდენიმე დრაკონის მარგალიტისთვის ბრძოლის მოტივი. უძველეს პერიოდში ნაპოვნ დინოზავრის ძვლებს „დრაკონის ძვლებს“ უწოდებდნენ. დაფშვნილი „დრაკონის ძვლები“ ფართოდ გამოიყენებოდა ხალხურ მედიცინაში. შემდგომში დრაკონი მითიურ არსებად იქცა, ჩაწერილია უამრავი მითი დრაკონების მონაწილეობით. თავდაპირველად დრაკონი მხოლოდ ბრძენი და კეთილის მომტანი იყო - იმის იდეა, რომ დრაკონებს, როგორც წყლის სულებს, განადგურება და წარღვნის გამოწვევაც შეუძლიათ ბუდისტებმა შემოიღეს. ძლიერი წარღვნა ხშირად ბრალდებოდა დრაკონს, რომელიც მოკვდავმა შეაწუხა. საუკუნეების განმავლობაში დრაკონს თითქმის უსასრულო ზებუნებრივ ძალებს ანიჭებდნენ - წყლის კონტროლი და წყლად გადაქცევა, ფორმის, ფერის და ზომის შეცვლა, უკვდავება, ფრენა ფრთების გარეშე, ნათება და ა.შ. არსებობს თეორია, რომ ჩინური დრაკონი ქვეწარმავლად ბერძნული ხელოვნების გავლენის ქვეშ ჩამოყალიბდა აბრეშუმის გზის ვაჭრობის შედეგად, აქამდე კი მას სხვა ცხოველების იერსახე ჰქონდა.
ჩინეთის რელიგიაში დრაკონი ღვთაებად ითვლება. წელიწადის განმავლობაში ძღვენი დრაკონისთვის რამდენიმე დღესასწაულთან არის ასოცირებული, აღინიშნება დრაკონის დაბადების დღე. ჩინურ ახალ წელს ბევრგან გვხვდება დრაკონის კოსტიუმები, დეკორაციები დრაკონის გამოსახულებით და ა.შ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Nikaido, Yoshihiro (2015). Asian Folk Religion and Cultural Interaction. Vandenhoeck & Ruprecht. ISBN 978-3847004851.
- Overmyer, Daniel L. (2009). Local Religion in North China in the Twentieth Century: The Structure and Organization of Community Rituals and Beliefs. Brill. ISBN 978-9004175921.
- Tom, K. S. (1989). Echoes from Old China: Life, Legends, and Lore of the Middle Kingdom. University of Hawaii Press. ISBN 0824812859.