ჩაჩავას კლინიკა
ჩაჩავას კლინიკა (ყოფ. პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი) — ერთ-ერთი უძველესი სამედიცინო დაწესებულება საქართველოში, ქალაქ თბილისში. 1875 წელს თბილისში სამშობიარო სახლის ბაზაზე დაარსდა ამიერკავკასიის ოლღას სახელობის მეანობის ინსტიტუტი, რომელსაც 1912 წლიდან დედათა და ბავშვთა დაცვის საცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ერქვა; 1959 წელს მისგან პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გამოყოფის შემდეგ, მას მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი ეწოდა. სამეცნიერო პროფილის შესაბამისად, 1976 წელს ინსტიტუტს მიენიჭა მისი პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სახელწოდება. 1981 წელს ინსტიტუტს მიენიჭა აკადემიკოს კონსტანტინე ჩაჩავას სახელი და ეწოდა: „აკადემიკოს კონსტანტინე ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი“, გრძელი დასახელების გამო ხალხი ინსტიტუტს სიყვარულით „ჩაჩავას კლინიკას“ ეძახდა, რის გამოც 2010 წელს ინსტიტუტის ოფიციალური დასახელება შეიცვალა და „ჩაჩავას კლინიკა“ ეწოდა. ინსტიტუტში სხვადასხვა დროს მუშაობდნენ გამოჩენილი მკვლევარ-მოღვაწენი ადოლფ რემერტი, ედმუნდ სობესტიანსკი, იოსებ თუმანიშვილი, ივანე თიკანაძე, გაბრიელ ღამბარაშვილი, გრამიტონ ასათიანი, მიხეილ პაპიტაშვილი, კონსტანტინე ჩაჩავა და სხვები.
ინსტიტუტში, პირველად მსოფლიოში, მიიღეს ნაყოფის გულის ბიოდენების „პირდაპირი კარდიოგრაფია“ და ნაყოფისათვის ტვინის სისხლის ძარღვების რეოენცეფალოგრაფია, პირველად ყოფილ სსრკ-ში ჩაწერეს ნაყოფის ტვინის ბიოდენები. შექმნილია და მეცნიერულად დასაბუთებულია ორიგინალური კონსტრუქციის ვაკუუმ-ექსტრაქტორი (კ. ჩაჩავა, პ. ვაშაკიძე, ლენინური პრემია, 1957), დამუშავებულია ნაყოფის სქესის დადგენის მეთოდი ორსულობის ადრეულ ვადაში და სხვა. ინსტიტუტი პერიოდულად აქვეყნებს შრომათა კრებულებს, ატარებს რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო კონფერენციებს, სიმპოზიუმებს, სესიებს.
ამჟამად ჩაჩავას კლინიკა მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც თავის მრავალრიცხოვან პაციენტებს ევროპული სტანდარტის შესაბამის ყველა ტიპის სამედიცინო სერვისს სთავაზობს. კლინიკის მთავარ პრიორიტეტს კვლავაც სამეანო-გინეკოლოგიური სერვისები წარმოადგენს. ჩაჩავას კლინიკა ერთ-ერთი უძველესი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში. შექმნის დღიდან კლინიკის კედლებში 500 000-მდე ახალშობილი დაიბადა.
ლიტერატურა
რედაქტირება- კინტრაია პ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 26.