გრამიტონ ასათიანი

გრამიტონ ყაფლანის ძე ასათიანი (დ. 19 ივნისი [ძვ. სტ. 6 ივნისი], 1895, სოფ. ტვიში, ახლანდელი ცაგერის რაიონი ― გ. 5 თებერვალი, 1979, თბილისი) — ქართველი გინეკოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1946). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1960).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1927 წელს დაამთავრა თსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტი. 1945–1948 წლებში განაგებდა დაღესტნის სამედიცინო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიისა და პათანატომიის კათედრებს. 1953–1968 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეანო განყოფილებას. შეისწავლა ენდომეტრიუმის (საშვილოსნოს შინაგანი გარსი) ასაკობრივი ცვლილებანი ფოლიკულური ჰორმონების მოქმედებასთან დაკავშირებით და გონორეული ვაგინიტი. შექმნა ორი გინეკოლოგიური იარაღი.

გრამიტონ ასათიანის შვილი ექიმი გედეონ (გედი) ასათიანი მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა, ომის დასრულების შემდგომ კი გაიქცა აშშ-ში და აღარ დაბრუნებულა საბჭოთა კავშირში. გედეონ ასათიანი დაკარგულად ითვლებოდა, მხოლოდ 1957 წელს ცნობა მიუვიდა ბატონ გრამიტონს, რომ იგი ცოცხალი იყო და იმყოფებოდა აშშ-ში. 1966 წელს მიიღო ნებართვა იმდროინდელი მთავრობისგან და აშშ-ში შვილის სანახავად წავიდა. ამის შესახებ სტატია დაიწერა ამერიკულ გაზეთში „Xenia Daily Gazette“, 1966 წლის 25 ოქტომბერს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 620.
  • ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 224, თბ., 1997