გაბრიელ ღამბარაშვილი

ქართველი მეან-გინეკოლოგი

გაბრიელ გრიგოლის ძე ღამბარაშვილი (დ. 24 ივლისი, 1878, გორი, — გ. 18 ივლისი, 1954, თბილისი) — ქართველი მეან-გინეკოლოგი, თეორიული და პრაქტიკული მეანობა-გინეკოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1912), პროფესორი (1917), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941).

გაბრიელ ღამბარაშვილი
დაბ. თარიღი 12 (24) ივლისი, 1878
დაბ. ადგილი გორი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 18 ივლისი, 1954(1954-07-18) (76 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა მეან-გინეკოლოგი
ჯილდოები ლენინის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიოგრაფია რედაქტირება

1907 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ალექსანდრე გუბარევისა და ვლადიმერ სნეგირიოვის მოწაფე. სტუდენტობის პერიოდში გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა 2 მეცნიერული გამოკვლევა აორტის ანევრიზმისა და ღვიძლის სიდეროზის შესახებ. 1912–17 წლებში მოსკოვის უნივერსიტეტის მეანობა — გინეკოლოგიის კათედრის პრივატ-დოცენტი, 1917-20 წლებში კი ამავე კათედრის პროფესორი იყო, ერთდოულად მუშაობდა მოროზოვის სახელობის სიმსივნეების ინსტიტუტში. მოსკოვში მუშაობის პერიოდში მისი თაოსნობით ქართულ ენაზე იბეჭდებოდა სამედიცინო-საგანმანათლებლო ლიტერატურა. 1920–54 წლებში ღამბარაშვილი განაგებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის (1930 წლიდან თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის) მეანობა-გინეკოლოგიის კათედრას. საქართველოში დანერგა მრავალი გინეკოლოგიური ოპერაცია, შეიმუშავა ხელოვნური საშოს შექმნის მეთოდი; შეისწავლიდა რენტგენო და რადიოთერაპიის, ონკოლოგიის, ჰორმონო-თერაპიისა და სხვა საკითხებს. ქართულ ენაზე შეადგინა გინეკოლოგიური სახელმძღვანელო (თბილისი, 1941). წლების მანძილზე იყო საქართველოს მეან-გინეკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი 1911 წლიდან. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და შრომის წითელი დროშის ორდენით.

თხზულებები რედაქტირება

  • ავთვისებიანი სიმსივნების ეთიოლოგია, ტფ, 1930;
  • К вопросу о влиянии экстракта яичников на сосудистую систему и его отношение к gl. thyreoidea, М., 1912 (ავტორეფ.).

ლიტერატურა რედაქტირება

  • აბაშიძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 582.
  • გიგინეიშვილი მ., გაბრიელ ღამბარაშვილი, თბ., 1955.