ჩაკა ბეგი (თურქ. Çaka Bey; ბერძ. Τζαχᾶς) — XI საუკუნის სელჩუკი სამხედრო მოღვაწე და სმირნაში (იზმირი) კონცენტრირებული დამოუკიდებელი სახელმწიფოს მმართველი. თავდაპირველად ბიზანტიის იმპერიის სამსახურში იმყოფებოდა, თუმცა 1088-91 წლებში ის აუჯანყდა ბიზანტიელებს და შედეგად დაიკავა ქალაქი სმირნა, მცირე აზიის ეგეოსის ზღვის სანაპიროს დიდი ნაწილი და მომიჯნავე კუნძულები. ძლიერების ხანაში მან თავი ბიზანტიის იმპერატორადაც გამაოცხადა და ყივჩაღებთან ერთად კონსტანტინოპოლის აღებაც სცადა. 1092 წელს ბიზანტიურმა საზღვაო ექსპედიციამ, იოანე მეგა დუკას მეთაურობით დიდი ზიანი მიაყენა ჩაკა ბეგის სამფლობელოს, რის შედეგადაც მან დაკარგა კუნძული ლესბოსი, ხოლო შემდგომ წელს ის სასტიკად მოკლა მისმა სიძემ ქილიჩ-არსლან I-მა. 1097 წელს ქალაქი სმირნა ბიზანტიელებმა დაიბრუნეს.

ჩაკა ბეგი

ჩაკა ბეგის თანამედროვე ილუსტრაცია.
(ისტანბულის საზღვაო მუზეუმი)
გარდაცვალების თარიღი 1093
ეთნიკურად თურქი-ოღუზი

ცოტა რამ არის ცნობილი ჩაკას ცხოვრების შესახებ, ერთადერთი წყარო, რომელიც მის შესახებ გვიამობს, არის „ალექსიადა“, ალექსი კომნენოსის (1081-1118) ქალიშვილის ანა კომნენეს ნაშრომი. მის შესახებ ასევე გვამცნობს XIII საუკუნის „დანიშმენდნამე“, თუმცა მისი ნახევრად ლეგენდარული ხასიათის გამო,[1] მოცემული მასალა არ ითვლება სანდო წყაროდ.

„ალექსიადას“ თანახმად, ჩაკა იყო ერთ-ერთი თურქი მხედარი, რომელიც ბიზანტიელებმა ტყვედ ჩაიგდეს იმპერატორ ნიკიფორე III ბოტანიატეს მმართველობის პერიოდში. ჩაკა ბიზანტიის სამსახურში ჩადგა და მალევე დაწინაურდა. მან საიმპერატორო კარის სიმპატია დაიმსახურა და „პროტონობილისიმუსის“ ტიტული და დიდძალი ძღვენი მიიღო. თუმცა, როდესაც 1081 წელს ალექსი I კომნენოსმა ნიკოფორე ბოტანაიატე ტახტიდან ჩამაოგდო, ჩაკა ჩამოაქვეითეს და მან ბიზანტია დატოვა.[1][2]

1088 წლიდან, ის სმირნაში გამაგრებული ბიზანტიის წინააღმდეგ აწყობდა ლაშქრობებს. მან ქრისტიანი მოხელეები დაიქირავა და მათ მეშვეობით ძლიერი ფლოტი ააგო, რითიც ფოკეის და აღმოსავლეთ ეგეოსის კუნძლების: ლესბოსის (ციხესიმაგრე მითიმნას გარდა), სამოსის, ქიოსის და როდოსის დაპყრობა შეძლო. ბიზანტიურმა ფლოტმა ნიკეტა კასთამონიტეს მეთაურობით დაკარგული ტერიტორიების აღდგენა სცადა, თუმცა ჩაკასთან ბრძოლაში დამარცხდა.[2][3] ზოგიერთი თანამედროვე ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ მისი მოქმედებები კავშირშია და ალბათ კოორდინირებულიც იყო სხვა მემბოხე ბერძენ სარდლებთან, როგორებიც იყვნენ რაფსომატე კუნძულ კვიპროსზე და კარიკე კრეტაზე.[1]

1090/91 წელს, ბიზანტიელებმა სარდალ კონსტანტინე დალასენოსის მეთაურობით დაიბრუნეს კუნძული ქიოსი.[2][4] განრისხებულმა ჩაკამ აღიდგინა ძალები და განაახლა თავდასხმები. მან თავი იმპერატორადაც გამაოცხადა და ალექსი I-ის წინააღმდეგ თრაკიაში მდებარე ყივჩაღებთან ცდილობდა დაემყარებინა კავშირები, რათა კონსტანტინოპოლი ერთობლივად დაელაშქრათ.[1][2]

1092 წელს დალასენოსი და იოანე მეგას დუქსი გაგზავნეს ჩაკას წინააღმდეგ, მათ ის ალყაში მოაქციეს ლესბოსზე მდებარე მატილენეს ციხეში. ჩაკა სამ თვიანი წინააღმდეგობის შემდეგ დათანხმდა ციხის დათმობას. სმირანაში მიმავალს, მას უეცრად დალასენოსის ფლოტი დაესხა თავს, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა ჩაკას ფლოტს.[2][5]

1093 წელს, ჩაკა თავს დაესხა მარმარილოს ზღვაში მდებარე ბიზანტიის ნავსადრუგ აბიდოს. ალექსი I-მა მის წინააღმდეგ მოიხმო რუმის სელჩუკთა სასულთნოს მმართველი ქილიჯ არსლანი (1092–1107), რომელიც დაქორწინებული იყო ჩაკას ქალიშვილზე და ჩაკას სიძედ ითვლებოდა. ქილიჯ არსლანმა ჩაკა აბიდოში მოიპატიჟა და ის სასტიკად მოკლა.[2][6] 1097 წელს „ჩაკა“ - სავარაუდოდ მისი შვილი - მოხსნიებულია სმირნის მმართველად, რომელიც იოანე მეგა დუქსის ლაშქარმა დაამარცხა და მისი სამფლობელო საბოლოოდ შემოუერთა ბიზანტიის იმპერიას.[1][2][7]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Brand, Charles M. (1991). "Tzachas". In Kazhdan, Alexander. The Oxford Dictionary of Byzantium. Oxford and New York: Oxford University Press. p. 2134. ISBN 0-19-504652-8.
  • (1928) The Alexiad. London, England: Routledge & Kegan Paul.  დაარქივებული 2014-08-14 საიტზე Wayback Machine.
  • Mallett, Alex (2013). "Çaka Bey". In Fleet, Kate; Krämer, Gudrun; Matringe, Denis; Nawas, John; Rowson, Everett. Encyclopaedia of Islam, 3rd Edition. Brill Online. Retrieved 23 February 2015.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Mallett 2013
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 Brand 1991, p. 2134.
  3. Anna Komnene. Alexiad, VII.8 (Dawes 1928, p. 183).
  4. Anna Komnene. Alexiad, VII.8 (Dawes 1928, p. 183–187).
  5. Anna Komnene. Alexiad, IX.1 (Dawes 1928, p. 214–217).
  6. Anna Komnene. Alexiad, IX.3 (Dawes 1928, p. 219–220).
  7. Anna Komnene. Alexiad, XI.5 (Dawes 1928, p. 281)