ქილიჩ-არსლან I (სპარს. قلج ارسلان; ოსმ. قلج أرسلان; თურქ. Kılıç Arslan; დ. 1079 — გ. 1107, მოსული) — სულეიმან იბნ ქუთულმიშის შვილი, რუმის სულთანი 1092-1107 წლებში, გარდაცვალებამდე.

ქილიჩ-არსლან I
قلج ارسلان
რუმის სულთანი
მმართ. დასაწყისი: 1092
მმართ. დასასრული: 1107
წინამორბედი: აბუ ლ-ქასიმი
მემკვიდრე: მალიქ-შაჰი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1079
გარდ. თარიღი: 1107
გარდ. ადგილი: მდინარე ხაბური, მოსული
შვილები: მასუდ I, არაპი, თოღრული
სრული სახელი: Qilij Arslān Dāwūd ibn Sulaymān Shah
მამა: სულეიმან იბნ ქუთულმიში
რელიგია: ისლამი, სუნიზმი

ქილიჩ-არსლან I რუმის სასულთნოს პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის პერიოდში მართავდა, რის გამოც თავდასხმის წინაშე აღმოჩნდა[1]. სელჩუკთა სახელმწიფოს მმართველის, მელიქ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ, მან სასულთნო აღადგინა და 1101 წლის ჯვაროსნულ ლაშქრობაში სამჯერ დაამარცხა ჯვაროსნები.

ხელისუფლებაში მოსვლა

რედაქტირება

1086 წელს, სულეიმან იბნ ქუთულმიშის გარდაცვალების შემდეგ, ქილიჩ-არსლან I მელიქ-შაჰმა ტყვედ წაიყვანა, მაგრამ 1092 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ იგი გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ, იგი თურქული ტომის „ოღუზ-ივას“ არმიის მსვლელობას ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით კი მან საკუთარი დედაქალაქი ნიკეაში ჩამოაყალიბა, სადაც მელიქ-შაჰის მიერ დანიშნული მმართველი ჩაანაცვლა.

მელიქ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ, ინდივიდუალურმა ტომებმა ერთმანეთთან ბრძოლა დაიწყეს, დაპირისპირების მიზეზი კი ის იყო, რომ თითოეულ მათგანს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის მიზანი ამოძრავებდა. ალექსი კომნენოსის ბიზანტიურმა ინტრიგებმა კიდევ უფრო გაართულა სიტუაცია: ქილიჩ-არსლან I-მა ცოლად შეირთო სელჩუკთა დინასტიის სამხედრო მმართველ ჩაკას ასული, იმ მიზნით, რომ ჩაკა თავის მოკავშირედ გაეხადა ბიზანტიის წინააღმდეგ. 1094 წელს, სულთანმა ალექსი I კომნენოსისგან წერილი მიიღო, სადაც იგი მიუთითებდა იმაზე, რომ ჩაკა მის წინააღმდეგ მოქმედებდა. ამის შემდეგ, ქილიჩ-არსლან I არმიასთან ერთად სმირნაში, ჩაკას დედაქალაქში გაემართა. სმირნაში ჩასვლისთანავე, სულთანმა საკუთარი სიმამრი ნადიმზე მიიწვია, სადაც იგი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოკლა.

ჯვაროსნული ლაშქრობა

რედაქტირება

1097 წელს, ჯვაროსნებმა, პეტრე მეუდაბნოეს და ვალტერ გოლიაკის მეთაურობით რუმის სასულთნოს წინააღმდეგ შეტევები წამოიწყეს, მაგრამ ქილიჩ-არსლან I-მა ისინი სასტიკად დაამარცხა. მოგვიანებით, გოდფრუა ბუიონელის არმიამ სასულთნოს დაპყრობა განიზრახა და მის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, მაგრამ ამჯერად სულთანი ვერაფერს გახდა და დამარცხდა. ქილიჩ-არსლან I-ის დედაქალაქი ნიკეა ჯვაროსნებმა აიღეს. ანტიოქიის სისხლიან ბრძოლაში, სულთანი მამაცურად იბრძოდა, მაგრამ ბრძოლა ქრისტიანების გამარჯვებით დასრულდა.

გარდაცვალება

რედაქტირება

სიცოცხლის უკანასკნელი წლები, ქილიჩ-არსლან I-მა აჯანყებულ ამირებთან ბრძოლაში გაატარა. იგი 1107 წელს, მათ წინააღმდეგ ერთ-ერთი ბრძოლის დროს, ქალაქ მოსულთან, მდინარე ხაბურში დაიხრჩო.

ფრანკი და ბიზანტიელი ისტორიკოსები მას სოლიმანად მოიხსენიებენ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Outline History of the Islamic World By Masudul Hasan, Abdul Waheed, p.159
წინამორბედი:
აბუ-ლ-ქასიმი
რუმის სულთანი
1092–1107
შემდეგი:
მალიქ-შაჰი