ჩაიკარის ციხე
ჩაიკარის ციხე — არქიტექტურული ძეგლი თურქეთში. მდებარეობს მდინარე სულაკლის მარჯვენა შენაკად კალე-დერეს ხეობაში. იგი ქალაქ ოფიდან 25 კილომეტრითაა დაშორებული.
სულაკლის წყალს მეორენაირად ოფის წყალსაც უწოდებენ. ხეობის შუაწელზე დაბა ჩაიკარასთან მდინარეს მარჯვენა მხრიდან უერთდება სწორედ კალე-დერესის ხეობა, რომელმაც ეს სახელწოდება მიიღო დაბა ჩაიკარადან 7კმ-ის დაშორებით ორი პატარა მდინარის იეშილასღანის და ეღრიდერეს ხერთვისში არსებული ციხისაგან. ციხესიმაგრე უშუალოდ ამ ორი პატარა მდინარის შესართავში არსებულ წინ წაზიდულ კლდოვან ბორცვზეა დაშენებული. იგი ზღვის დონიდან 427 მეტრზე მდებარეობს. აქედან შესანიშნავად მოსჩანს მთელი შემოგარენი და საკუთრივ ხეობა კარგა მოზრდილ მანძილზე. მისი ძირითადი დანიშნულება უნდა ყოფილიყო აქ გამავალი გზების გაკონტროლება, სადაც ერთი მხრივ თავს იყრიდა ერზრუმიდან, ბაიბურთიდან თუ სხვა რეგიონებიდან ზღვისპირეთისაკენ, თუ მეორე მხრივ ზღვისპირეთიდან იქეთ მიმავალი გზები. საკუთრივ ციხის გეგმას განსაზღვრავს ეღრიდერესა და იეშილაღანის ხერთვისში არსებული კლდოვანი ბორცვის მოყვანილობა. ნაგებობა ბორცვის კონფიგურაციის მიხედვით, ხეობის ხერთვისისკენაა წაზიდულ-წაგრძელებული.
მიუხედავად იმისა, რომ ციხე დანგრეულია, გეგმა მაინც კარგად იკითხება. ციხის აღმოსავლეთი კედელი შედარებით სწორხაზოვანია, ასევეა დასავლეთის კედელიც. ეს ორი კედელი ერთგვარად მართკუთხედს ქმნის, რაც შეეხება გვერდით სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებს, ისინი რელიეფის შესაბამისად, არასწორხაზოვანია. შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე 6-7 მეტრია. აღმოსავლეთის კედელი დანარჩენთან შედარებით სქელია. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ციხეს ერთადერთი მისადგომი აქვს და ისიც აღმოსავლეთის მხრიდან. ციხის სიგრძე შუა ნაწილში 31,90 მეტრია. ასევე სხვადასხვაა სიგანეც. შუა ნაწილში კი 22 მეტრია. გვერდითი სამხრეთისა და ჩრდილოეთი კედლები, რომლებიც მიუვალია, შედარებით ვიწროა. ციხეს აქვს ორი კოშკი. პირველი მათგანი ჩართულია აღმოსავლეთი და სამხრეთი კედლების კვეთაში, ხოლო მეორე აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კედლების შეერთების მონაკვეთში. როგორც ჩანს, ციხის ცენტრალური კარიბჭეც აღმოსავლეთის კედლის ცენტრალურ მონაკვეთში უნდა ყოფილიყო განთავსებული, რომელსაც ეს კოშკები იცავდა. პირველი კოშკი კარიბჭის ცენტრალური მონაკვეთის გარდა აკონტროლებდა იეშილაღანის და საკუთრივ კალედერეს ხეობებს, ასევე ცენტრალურ კარიბჭესა და ეღრიდერეს ხეობას, ის ასევე შედარებით კარგადაა გადარჩენილი და სწორკუთხა მოყვანილობისაა.
კოშკის შემორჩენილი ნაწილის გარე კედლების სიმაღლე 10 მეტრია. ჩანს, რომ იგი მრავალსართულიანი იყო. დამაკავშირებელი შახტა კარგად იკითხება სართულებს შორის. სართულებს შორის გადახურვები არ იკითხება. კოშკის კედლის სისქე 1,20 მეტრს აღწევს. მეორე კოშკიც ოთხკუთხა მოყვანილობისაა. მისი გარეთა კედლებიც შედარებით ფართეა. ციხის შიდა ტერიტორიაზე სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა საძირკვლის ნაშთები შეინიშნებოდა. დანიშნულების გარკვევა ჭირს. აქაც მთელი ტერიტორია გადათხრილია ე.წ. ,,მოხალისე“ არქეოლოგთა მიერ. ციხის კედლები ნაგებია კირხსნარით. წყობაში გამოყენებულია ნაგლეჯი ქვები. საპირე ქვების დიდი ნაწილი დამუშავებულია. კარგად დამუშავებული და შედარებით მოზრდილი ზომის ქვებიცაა გამოყენებული განსაკუთრებით კუთხეების წყობაში. ციხე, ადგილობრივთა გადმოცემით, გენუელების აშენებულია. გარეგნული იერის, მშენებლობის ტექნიკისა და ,,მოხალისე არქეოლოგთა“ განათხარ ფენებში დაფიქსირებული კერამიკული მასალის მიხედვით, იგი უფრო XI-XIII საუკუნის ძეგლი ჩანს. ვფიქრობთ, მთისწინა ზოლში სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილას აგებული ამ ციხის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ზღვის სანაპირო ზოლისაკენ მომავალი გზების გაკონტროლება უნდა ყოფილიყო. მართლაც, ამ ხეობაზე გადიოდა ზღვის სანაპირო ზოლიდან, დერნექვაზარ-ბაიბურთისაკენ მიმავალი გზები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ისტორიული ჭანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2014, გვ. 40-41 ISBN 978-9941-0-6458-6.