შტრუდელი (გერმ. Strudel) — ცომის მრავალფენიანი და გულსართიანი საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც, როგორც წესი, ტკბილი გემოთი ხასიათდება. იგი განსაკუთრებულად პოპულარული იყო XVIII საუკუნის ჰაბსბურგთა მონარქიაში. შტრუდელი ავსტრიული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძია, თუმცა ასევე გვხვდება ევროპის სხვა გასტრონომიებშიც.

შტრუდელი

შტრუდელის უძველესი რეცეპტი 1696 წლით თარიღდება, რომელიც აღმოჩენილია ხელნაწერ კულინარიულ წიგნში. როგორც ცნობილია, შტრუდელი შთაგონებული იყო აღმოსავლური, უფრო კი თურქული ფახლავით.

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ქართულ ენაში ტერმინი „შტრუდელი“ გერმანულიდან შემოვიდა. თავად გერმანულ ენაში Strudel ნიშნავს „მორევას“ ან „მორევს“.

სახეობები და მზადების ტექნოლოგია

რედაქტირება
 
ვაშლის შტრუდელი მზადების პროცესში

შტრუდელის ყველაზე ცნობილი და პოპულარული სახეობაა ვაშლის შტრუდელი (Apfelstrudel) და ტოპფენშტრუდელი (Topfenstrudel). მათ შემდეგ მოდის რძის კრემის შტრუდელი (Millirahmstrudel). შტრუდელის სხვა სახეობებიდან აღსანიშნავია ალუბლის (Weichselstrudel), ბლის, ასევე ნიგვზის (Nussstrudel), გარგრის შტრუდელი, ქიშმიშის შტრუდელი და აგრეთვე ყაყაჩოს მარცვლებისაგან მომზადებული შტრუდელი. ყურადსაღებია ისიც, რომ აგრეთვე არსებობს ისპანახის, გოგრის, კომბოსტოსა და ქონდრისაგან მომზადებული შტრუდელები. არსებობს ხორციანი შტრუდელებიც (Lungenstrudel და Fleischstrudel).

ტრადიციული შტრუდელი სხვა საკონდიტრო ნაწარმისაგან იმისაგან განსხვავდება, რომ ძალიან მარტივი და უბრალოა. იგი მზადდება გლუტენის მაღალი შემცველობის მქონე ფქვილის, წყლის, ზეთისა და მარილისაგან, შაქრის გარეშე. მისი ცომი განსაკუთრებით დიდ მუშაობას მოითხოვს, რადგან იგი ძალიან თხელი და ელასტიური უნდა იყოს. როდესაც სასურველ დონემდე მიიყვანენ, შტრუდელის ცომს ახვევენ ჩაის სუფთა პირსახოცში ან სამზარეულოს ქაღალდში. პურისტები ამბობენ, რომ შტრუდელის ცომი იმდენად თხელი უნდა იყოს, რომ მის მეორე მხარეს „გაზეთის წაკითხვა შეგეძლოს“. ლეგენდის თანახმად, ავსტრიის იმპერატორის პერფექციონისტმა მზარეულმა ბრძანა შტრუდელისათვის ისეთი თხელი ცომის მომზადება, რომ მისი დადების მიუხედავად წერილის წაკითხვა შესძლებოდა, რის შემდეგაც დააწესა, რომ მისი ცომი ამაზე სქელი არ უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით, ქაღალდში ან ხელსახოცში გახვეულ ცომს ღუმელში კარგად აცხობენ.

ვაშლის შტრუდელი

რედაქტირება

ავსტრიულ ვაშლის შტრუდელში ერთი კონკრეტული ვაშლის ჯიში არ გამოიყენება და ვინაიდან აქ მისი მრავალი სახეობა ხარობს, მისი არჩევანიც დიდია. როგორც წესი, ვაშლის შერჩევისას ყურადღება ექცევა თუ რამდენად მჟავეა იგი და ამასთან რამდენად მყარი ტექსტურის, რომ ცხობას გაუძლოს. ამრიგად, დღეისათვის უკვე არსებობს ვაშლის ჯიშები, რომელთაც იყენებენ შტრუდელის გამოსაცხობად, ესენია: Belle de Boskoop, Stayman Winesap, Gravenstein, Newtown Pippin, Bramley's Seedling, Karmijn de Sonnaville, Zabergau Reinette, Calville Blanc, ე.წ. „დეიდა სმიტი“, გლოკენაპელი, იონაგოლდი, ჯონათანი, ჩრდილოური Spy და როდოსული Greening

ქონდრის შტრუდელი

რედაქტირება

XIX საუკუნის ამერიკელმა მწერალმა ელის ლი მოკმა (1861-1919) დალმაციაში (დღევანდელი ხორვატია) მოგზაურობისას აღმოაჩინა, რომ ადგილობრივები ყველასაგან განსხვავებულ, ქონდრის შტრუდელებს ამზადებდნენ. მისი მოგზაურობის პარტნიორი უკმაყოფილო დარჩა, რადგან იგი „ტკბილ გერმანულ დესერტს ელოდა და მიიღო მოხარშული კომბოსტოს გემოს მქონე საშინელი ღვეზელი“. მიუხედავად მათი უკმაყოფილო შეფასებისა, სწორედ ამის შემდეგ გახდა ქონდრის შტრუდელი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი და მართალია, დიდი აღიარება ვერ მოიპოვა, თუმცა დღემდე აქტიურად ამზადებენ ევროპის სხვადასხვა მხარეში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Seebold, Elmar. 1999. Kluge Etymologisches Wörterbuch der deutschen Sprache, 23rd edition. Berlin: Walter de Gruyter, p. 803.
  • June Meyers Authentic Hungarian Heirloom Recipes Cookbook
  • Gundel, Karoly (1992). Gundel's Hungarian cookbook. Budapest: Corvina. p. 127. ISBN 963-13-3600-X. OCLC 32227400.
  • Rita Amend. "German Apple Strudel Recipe - Apfelstrudel - A Delicious German Dessert". GermanyInsiderFacts.
  • Cloake, Felicity (17 March 2011). "How to cook the perfect apple strudel". The Guardian. London. Retrieved 4 January 2015.