შტორის ციხე
შტორის ციხე — არქიტექტურული ძეგლი დგას ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, სოფლის სამხრეთით, 5 კმ-ზე, მდინარეების ალაზნისა და ჩელთის შესართავიდან ოდნავ ქვემოთ, მდინარე ალაზნის მარცენა ნაპირას, ფლატის თავზე. თარიღდება IX-X საუკუნით. ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“-ს მიხედვით შტორის ერისთავი იყო მფლობელი მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ტერიტორიისა
„შტორის ხევიდან მაის წელამდე ალაზნის რომელ არს აწ გაღმა-მხარი.“
|
„მატიანე ქართლისაის“ ცნობით 1039-1040 წწ. ბაგრატ IV-ს მიქელ-გაბრიელის მთასთან ბრძოლის დროს, პანკისის, ხორნაბუჯის და მაჭის ერისთავებთან ერთად, დაუტყვევებია „ჯედი, დისწული გოდერძი შტორის ერისთავისა და მაჭელი“. დ. მუსხელიშვილს ანა დედოფლისეულ ხელნაწერზე რომელშიც გოდერძი მოხსენიებულია „ტურის“ ერისთავად, საერისთავოს სახელწოდებად ტური უფრო მართებულად მიაჩნია და ციხეს ტურის ერისთავების რეზიდენციადაც თვლის.
ციხე აგებულია გორაკზე, რომელიც აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მშრალი ხევებითაა მოსაზღვრული. დასავლეთიდან კი მდინარე ალაზნის ფლატით. ციხის გალავანი გორაკის თავს გასდევს. ციხე ორი მონაკვეთისგან შედგება: სამკუთხა მოხაზულობის ციტადელისა და გალავნით შემოფარგლული ეზოსგან, რომლის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დგას მცირე ეკლესია. ციხე ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით კირის ხსნარზე. კედლების ქვემოთა ნაწილში ქვები შედარებით დიდი ზომისაა. ციტადელს ციხის სამხრეთი ბოლო აქვს მოკავებული. იგი ციხის დანარჩენ ნაწილზე უფრო ადრინდელია. ციტადელის ჩრდილო-აღმმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კუთხეებში დგას გეგმით ნახევარწრიული თითო კოშკი. მათგან დასავლეთით მდებარე, ზედ ფლატის თავზეა, მეორე მისგან 25 მ მანძილზეა. მშრალი ხევის პირას. დასავლეთით მდებარე კოშკი სართულნახევრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. კოშკს ბლაგვი კუთხით უერთდება კედელი, რომელიც აღმოსავლეთით, მეორე კოშკისაკენ, სწორხაზოვნად მიემართება და გარედან გამაგრებულია კონუსური ფორმის ორი კონტრფორსით. მეორე კონტრფორსის შემდეგ კედელი მამრთულებას იცვლის და უერთდება ჩრდილო-აღმმოსავლეთ კუთხეში მდგარ კოშკს. ციტადელის დასავლეთი მხარე მდინარე ალაზანს წაუქცევია (კედლების ნანგრევები შემორჩენილია მხოლოდ აღმ. და დას. კედლების ნაწილები). ციხის ეზო ფართობით ციტადელს თითქმის ხუთჯერ აღემატება. ეზოს სამივე კუთხეში დგას გეგმით ნახევარწრიული კოშკი. მათგან ყველაზე უფრო დიდი ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მდგარი კოშკი. დანარჩენი ორი თთქმის თანაბარი ზომისაა (შიდა რადიუსი - 3,7 მ). სამივე კოშკი ძლიერ დაზიანებულია მათგან ერთი (შუაში მდგარი), დანგრეულია, დანარჩენ ორს კი მნიშვნელოვანი ნაწილები აკლია. ჩრდილო-დასავლეთ კოშკი მოგვიანებით აღუდგენიათ. განახლებულ კედელში სათოფურებია მოწყობილი.
გვიანდელი შეკეთების კვალი სამხრეთ-აღმოსავლეთ კოშკზეცაა შემორჩენილი. აქ, სართულშუა გადახურვის დონეზე (შემორჩენილია ხის ძელების საყრდენიბუდეები), მოზრდილი ღიობია, რომელიც მოგვიანებით ამოუშენებიათ და შიგ სათოფურები მოუწყვიათ. ციხის გალავნის კედლები მთელ სიგრძეზეა შემორჩენილი, მაგრამ მათად ზედა ნაწილები მოგნრეული აქვს. დასავლეთი კედელი კი, მდინარე ალაზანს ჩაუქცევია. გალავნის აღმოსავლეთი კედელი ციტადელის ჩრდილო-აღმოსავლეთ კოშკზე. ამ უკანასკნელის დანგრევის შემდგომაა მიშენებული. კედელი გამაგრებულია ნახევარწრიული კონტრფორსით. თითო ანალოგიური კონტრფორსითაა გამაგრებული გალავნის ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთი კოშკისა და შუა კოშკის დამაკავშირებელი კედლებიც. ამ უკანასკნელში, ჩრდილო-დასავლეთ კოშკთან ახლოს, ციხის შესასვლელია მოწყობილი, რომელიც მოგვიანებით ამოუშენებიათ.
ციხის ეზოში, სამხრეთ-აღმოსავლეთით, კუთხეში, დგას რიყის ქვითა და ნატეხი ქვით ნაგები დარბაზული ეკლესია თანადროული მინაშენებით სამხრეთიდან და დასავლეთიდან (5,2X6,7 მ). სამხრეთ მინაშენის აღმოსავლეთ ნაწილში განცალკევებული, გეგმით სწორკუთხა სათავსია. მინაშენის დანარჩენი ნაწილი დასავლეთ მინაშენთანაა გაერთიანებული და გარშემოსასვლელის სახე აქვს. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: აყრილია ეკლესიის სახურავის საფარი, ჩამოშლილია ლავგარდანი, დეფორმირებულია ეკლესიისა და სამხრეთ მინაშენის კამარები, დანგრეულია დასავლეთ მინაშენის დასავლეთი კედლის ნაწილი და კამარა. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს. სამხრეთი და დასავლეთი მინაშენებიდან. სამხრეთი კარი, ორივე მხრიდან, თარაზულადაა გადახურული, დასავლეთისა კი შიგნიდან თაღოვანია, ხოლო გარედან - სწორკუთხა. ეკლესიის დარბაზი აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომელშიც ნალისებრი თაღით გადახურული, მაღალი სარკმელია გაჭრილი. თითო თაღოვანი სარკმელი სამხრ. ჩრდილო-დასავლეთ კედლებშიცაა. აღმოსავლეთი სარკმლის ორივე მხარეს, სხვადასხვა სიმაღლეზე. თითო ოთხკუთხა ნიშაა მოწყობილი. სარკმლის ქვემოთკი, კედელზე, მიდგმულია ტრაპეზი. აფსიდის თაღი ნალისებრია. დარბაზი გადახურულია ქარგილზე სხმული ცილინდრული კამარით. ინტერიერში, კედლბებზე, შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესიის სამხრ. კედლის აღმოსავლეთ ბოლოში განიერი, თარაზულად გადახურული კარია, რომელიც სამხრეთ მინაშენის აღმოსავლეთ ნაწილში მოწყობილ სათავსში გადის. სათავსის აღმოსავლეთ კედელში თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. თითო მსგავსი სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედელშიცაა. სამხრეთ კედელში სამი სწორკუთხა ნიშა, ხოლო ჩრდილოეთისაში ერთი დიდი ზომის ნიშაა. სამხრეთ მინაშენის დასავლეთი ნაწილი უსარკმელოა. მინაშენის სამხრეთ კედელში მოწყობილია ორი სწორკუთხა ნიშა. დასავლეთ მინაშენს შესასვლელი დასავლეთი კედლის ჩრდილოეთ ბოლოში აქვს. კარი გარედან საფეხურით შეღრმავებულ არეში ყოფილა მოქცეული. ეკლესიის დასავლეთ შესასვლელთან, მოგვიანებით, აუგიათ სამრეკლო, რომლის ერთი ბოძიღაა (1X1 მ) შემორჩენილი.
ციხის სამხრეთ-დასავლეთით 0,4 კმ-ზე, დგას XVII-XVIII საუკუნეებში აგებული დარბაზული (11X6,3 მ) ეკლესია. იგი ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. აქვს სამი შესასვლელი: დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. თითო მსგავსი სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიცაა. დარბაზის გრძივი კედლები და კამარა პილასტრების წყვილითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით ორადაა გაყოფილი. ეკლესიის კედლები გარედან ბათქაშითაა გასწორებული. დასავლეთ ფასადის სამხრეთ ნაწილში, მიწიდან 1 სიმაღლეზე მოწყობილია მცირე, ოთხუკთხა ნიშა, ხოლო ფრონტონზე, საფეხუროვან ბაზისზე დაყრდნობილი შეღრმავებული ჯვარია გამოსახული.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 468.