შტეფი ხოტივარი-იუნგერი

გერმანელი ქართველოლოგი,ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი

შტეფი ხოტივარი-იუნგერი (დ. 24 მარტი, 1952, ლაიფციგი) — გერმანელი ქართველოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

შტეფი ხოტივარი-იუნგერი დაიბადა 1952 წელს ქალაქ ლაიფციგში. დაამთავრა ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტი რუსულ-ტაჯიკური ენებისა და ლიტერატურის განხრით.

XX საუკუნის 70-იან წლებში დაინტერესდა ქართული ენითა და ლიტერატურით. ქართული ენა შეისწავლა იენის უნივერსიტეტში გერმანელი ქარ­თველოლოგის გერტრუდ პეჩის ხელმძღვანელობით; 1973 წელს სა­ქარ­თვე­ლოში ჩა­მო­ვი­და და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტაჟირება გაიარა; 1979 ბერლინის უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "კონსტანტინე გამსახურდია და მისი შემოქმედების ადრინდელი რომანები (1912–1935)", ხოლო 1994 თსუ-ში – სადოქტორო დი­სერტაცია თემაზე: "ქართული ისტორიული რომანის განვითარების გზები".

შტეფი ხოტივარი-იუნგერი 1990 წლიდან ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის მეცნეირ-თანამშრომელია, 1994 წლიდან ასწავლის ქართულ ენას ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში. იგი 1992-1995 წლებში რედაქტორობდა პერიოდულ გამოცემას „საქართველოდან და საქართველოზე“.

გერმანელი ქართველოლოგის ნაშრომთა შორის არის პუბლიკაციები მეოცე საუკუნის ქართველ მწერლებზე, ქართული ლიტერატურის განვითარებაზე, გერმანიაში ქართული ლიტერატურის გავრცელებაზე, რუსულ და ქართულ ისტორიულ რომანებზე, გერმანიაში მყოფ ქართველებზე და ა.შ.

იგი გერმანულ პრესაში სისტემატურად აქვეყნებს ქართული ლიტერატურის და ქართველი მწერლების შესახებ სტატიებს, რეცენზიებს, ქართველ მწერალთა ნაწარმოებების თარგმანებს (ი. ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, ა. წერეთელი, გ. ტაბიძე, ა. კალანდაძე, ნ. დუმბაძე, ი. აბაშიძე და სხვ.); მისი სტატიები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალებშიც ("კრიტიკა", "ცისკარი").

მისი პირველი სამეცნიერო გამოკვლე­ვა "კონსტანტინე გამსახურდია გერმანიაში (1912-13წწ.)" გამოქვეყნდა საქართველოში 1978 წელს; პირველი მონოგრაფია "ქართული ისტორიული რომანის განვითარება (მ. ჯავახიშვილი, კ. გამსახურდია, გ. აბაშიძე, ო. ჭილაძე, ჭ. ამირეჯიბი)" – ბერლინში 1993 წელს. აღნიშნული ნაშრომისთვის 1994 წლის 25 მარტს გერმანელ ქართველოლოგს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიანიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.

მან ელგუჯა ხინთიბიძის დახმარებით მოიპოვა და მასთან ერთად 2005 წელს საქართველოში გამოსცა XX ს. 50-იან წლებში მარიამ პრიტვიცის მიერ გერმანულ ენაზე შესრულებული "ვეფხისტყაოსნის" თარგმანი. იგივე თარგმანი 2011 წელს გამოიცა ბერლინში; 2010 წელს გამოსცა წიგნი "ქართული სახელმძღვანელო სპეციალურად უცხოელებისათვის", რომლის პრეზენტაციაც თბილისში გაიმართა. იგი ერთ-ერთი მთარგმნელთაგანია 2016 წელს გერმანიაში გამოცემული ქართული პოეზიის ანთოლოგიისა. განსაკუთრებული ადგილი მის მეცნიერულ მემკვიდრეობაში უჭირავს 2003 წელს გამოცემულ ფუნდამენტურ გამოკვლევას "Die Literaturen der Völker Kaukasiens" (კავკასიის ხალხთა ლიტერატურა).

2005-2012 წლებში იყო გერმანულენოვანი ქართველოლოგიური ჟურნალ "გეორგიკის" რედაქტორი (მარიკა ლორთქიფანიძესთან ერთად).

შტეფი ხოტივარი-იუნგერი გერმანიაში ქართული კულტურის ელჩია.

მისი მეუღლე არის გერმანისტი და მთარგმნელი არჩილ ხოტივარი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება