შოთა პირველი
შოთა პირველი (დ. 28 თებერვალი, 1914, ქუთაისი — გ. 1986) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1955), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1965).
შოთა პირველი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
28 თებერვალი, 1914 ქუთაისი |
გარდაცვალების თარიღი | 1986 |
საქმიანობა | მსახიობი |
ჯილდოები | საქართველოს სახალხო არტისტი (1965) |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1914 წლის 28 თებერვალს, სოფლის მასწავლებლის ოჯახში. 1928 წელს დაამთავრა ქუთაისის მე-3 შვიდწლიანი შრომის სკოლა, 1932 წელს-პედაგოგიური ტექნიკუმი. 1935 წელს შევიდა თბილისის სასცენო ხელოვნების უმაღლეს კურსებზე. 1937 წელს დაამთავრა მარჯანიშვილის თეატრის სტუდია და მაშინვე ჩაირიცხა ამავე თეატრის დასში მსახიობად.
1940 წელს გადავიდა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრის დასში მსახიობად, სადაც მოღვაწეობდა სიცოცხლის ბოლომდე. მსახიობმა ღირსეულად განვლო ნახევარსაუკუნოვანი შემოქმედებითი ცხოვრება და დამსახურებულად სარგებლობდა ჭეშმარიტი სახალხო არტისტის სახელითა და პოპულარობით. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ზასტრელიხინი, მამა (ვ. შკვარკინის „უბრალო გოგონა“, „სხვისი შვილები“), ანტონიო (ბომარშეს „ფიგაროს ქორწინება“), სოლომონი (შ. დადიანის „ჩატეხილი ხიდი“), ხევისბერი (ა. ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“), ოთარ ბეგი, ანანია გლახა (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“), შაჰ აბასი (დ. ერისთავის „სამშობლო“), მიკირტუმ გასპარიჩი (გ. ერისთავის „გაყრა“), ჟურდენი, სგანარელი (მოლიერის „გააზნაურებული მდაბიო“, „ძალად ექიმი“), შადიმანი, ახმედი (ი. ვაკელის „გიორგი სააკაძე“, „შური“), ბაადური (ა. წერეთლის „პატარა კახი“), არტემ ივანიჩი (ა. ცაგარელის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), მარცვალაძე (ს. კლდიაშვილის „უკანასკნელი რაინდები“), ოკაიმოვი (ა. აფინოგენოვის „მაშენკა“), მინაი დუდნიკოვი (ვ. დარასელის „კიკვიძე“), დავითი (ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“), ფარსმან სპარსი, ლუკაია ლაბახუა („დიდოსტატის მარჯვენა“, „მთვარის მოტაცება“) და სხვა.
დიდი სამამულო ომის პერიოდში ხელმძღვანელობდა სამეფო მხატვრულ ბრიგადას, რომელიც აქტიურად მუშაობდა საბჭოთა არმიის ნაწილებთან და ჰოსპიტალებშიც, რისთვისაც დაჯილდოებულია სიგელებით სამხედრო ნაწილების ხელმძღვანელობისაგან. 1945 წლიდან იყო სკკპ წევრი. იყო ქუთაისის ქალაქის ყველა მოწვევის საბჭოს დეპუტატი. აქტიურად იყო ჩართული ქუთაისის თეატრის მხატვრულ და ორგანიზაციულ ცხოვრებაში. სხვადასხვა წლებში იყო სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე და 60-იან წლებში თეატრის დირექტორი.
გარდაიცვალა 1986 წელს. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.