ჰაინრიხ შლიმანი

(გადამისამართდა გვერდიდან შლიმანი, ჰაინრიხ)

ჰაინრიხ შლიმანი (გერმ. Johann Ludwig Heinrich Julius Schliemann; დ. 6 იანვარი, 1822, ნოიბუკოვი — გ. 26 დეკემბერი, 1890, ნეაპოლი) — გერმანელი თვითნასწავლი არქეოლოგი, სახელი გაითქვა ტროის აღმოჩენით. მან დაამტკიცა, რომ ცნობილი ბერძენი მწერლის, ჰომეროსის, პოემებს რეალური საფუძველი ჰქონდა. კერძოდ, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინა ლეგენდარული ქალაქი ტროა, ტროას მეფის, პრიამოსის განძი და ქალაქ მიკენის საგანძური.

ჰაინრიხ შლიმანი

ბავშვობაში შლიმანს მამა უკითხავდა ჰომეროსის პოემებს. 7 წლის ჰაინრიხმა განაცხადა, რომ ტროას იპოვიდა და ნათქვამი აღასრულა კიდეც. 14 წლისამ სკოლა მიატოვა და დუქანში დაიწყო მუშაობა, თუმცა მალევე ვაჭრობას მიჰყო ხელი. 1863 წელს, კი დიდების ზენიტში მყოფმა მილიონერმა მიატოვა კომერცია და ბავშვობის ოცნების ასრულება დაიწყო. ჯერ კიდევ 1841 წელს შლიმანი თავისივე გამოგონებული მეთოდით 18 თვეში დაეუფლა ინგლისურ, ფრანგულ, ნიდერლანდურ, ესპანურ, პორტუგალიურ და იტალიურ ენებს. თითოეული ენის ისე შესწავლას, რომ თავისუფლად წერა-კითხვა და ლაპარაკი შესძლებოდა, 6 კვირას ანდომებდა. 1844 წელს ლიტერატურის არქონის მიუხედავად ამდენივე ხანში დასძლია რუსული ენა. 1854 წელს შეისწავლა შვედური და პოლონური, 1856 წელს კი ბერძნულიც. საბოლოო ჯამში მან 20 ენა იცოდა, მათ შორის თურქული და არაბულიც.

შლიმანი სავაჭრო საქმიანობისას რუსეთში იმყოფებოდა. აქ მან სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო ბანკის დირექტორობას, ამავე ქალაქის სავაჭრო სასამართლოს მოსამართლეობასა და რუსეთის საპატიო მოქალაქეობასაც მიაღწია. მას რუსეთი იმდენად უყვარდა, რომ მზად იყო შემდგომში თავის მიერ აღმოჩენილი უდიდესი საფასურის მქონე განძეული რუსეთისათვის ნახევარ ფასში დაეთმო. თუმცა, საბოლოოდ განძეული გერმანიის მუზეუმებში აღმოჩნდა.

შლიმანის თანამედროვე მეცნიერები ჰომეროსის ნაწარმოებებს მითებად მიიჩნევდნენ. ზოგიერთს ეჭვი შეჰქონდა ჰომეროსის არსებობაშიც კი. იმდროინდელი ჰიპოთეზებით ტროა იქ მდებარეობდა, სადაც დღეს თანამედროვე საბერძნეთის პატარა სოფელი ბურნაბაშია. შლიმანმა გარისკა და უარყო ეს მოსაზრებები. მან გათხრები დაიწყო მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთით, სკამანდერას ველზე, ზღვის ნაპირზე, ე.წ. „ჰისარლიყის ბორცვზე“. იმ დროს საბერძნეთის ეს ნაწილი თურქეთს ემორჩილებოდა. გათხრებისათვის ნებართვის აღება თურქეთის ხელისუფლებისაგან ძალზე გაუძნელდა. სწორედ ამიტომ მოპოვებული საგანძური შემდგომში შლიმანმა ჩუმად გადაგზავნა თავის სამშობლოში.

1884-1885 წლებში შლიმანმა გათხარა ქალაქი ტირინთი ქ. მიკენის მახლობლად. აქ მან აღმოაჩინა ჰომეროსამდელი დროის ეგეოსის კულტურა, რომელსაც დღეს მეცნიერები კრეტა-მიკენის კულტურას უწოდებენ. მიკენსა და ტირინდში შლიმანი წააწყდა აზიური და აფრიკული კულტურების კავშირის დამადასტურებელ ფაქტებს, კერძოდ აქ იყო საბერძნეთისა და ეგვიპტის მჭიდრო ურთიერთობის დამადასტურებელი საბუთები.

მთელი ამ არქეოლოგიური გათხრებისა და აღმოჩენების თანამონაწილე იყო შლიმანის ბერძენი მეუღლე სოფიო ენგასტრომენოსი, რომელიც ჰაინრიხმა 1869 წელს შეირთო ცოლად. სოფიო ყოველთვის ქმრის გვერდით იყო, მის ერთგულ და დაუღალავ თანაშემწეს წარმოადგენდა. შლიმანის სიყვარულს ჰომეროსის მითებისადმი ისიც ადასტურებს, რომ მის ორ ვაჟს ერქვათ ანდრომაქე და აგამენონი.

კაცს, რომელმაც საბერძნეთის ისტორიას ათასი წელი შეჰმატა, მისი დროის პროფესიონალი არქეოლოგების უმეტესობა არ აღიარებდა. მას შეშლილსა და მატყუარას უწოდებდნენ. გერმანელი ფილოსოფოსი, არტურ შოპენჰაუერი, მას დილეტანტად მოიხსენიებდა და მილიონერ შლიმანს იმასაც კი აბრალებდა, თითქოს არქეოლოგია შემოსავლის ერთ-ერთ წყაროდ ჰქონდა გამხდარი. ამ ადამიანის უმთავრესი დამსახურებები კაცობრიობის წინაშე ისაა, რომ მან ჰომეროსის მითები ისტორიად აქცია, ამასთან მეცნიერთა თვალში ჰაინრიხის აღმოჩენებმა მითების წონა აღამაღლა, როგორც ისტორიის ერთგვარი წყაროებისა. შლიმანმა დაამტკიცა, რომ საბერძნეთის ისტორია პირველი ოლიმპიადიდან კი არა, ძვ. წ. 1180 წლიდან — ტროას ომიდან იწყებოდა. აგრეთვე მისი აღმოჩენებით დადასტურდა საბერძნეთ-ეგვიპტის ურთიერთობაც. თუმცა, შლიმანის დამსახურებების მიუხედავად უნდა აღინიშნოს, რომ იგი თვითნასწავლი არქეოლოგი იყო და ძეგლებსაც არასრულყოფილი მეთოდებით თხრიდა. შლიმანი ყოველთვის დარწმუნებული იყო თავის სისწორეში, მაგრამ მისი ყველა პირველი განსაზღვრა და თარიღი არასწორი აღმოჩნდა. ამდენად მის დეტალურ არქეოლოგიურ დღიურებსა და პუბლიკაციებს დაბალი სამეცნიერო ღირებულება აქვს. შლიმანი იტალიის ქალაქ ნეაპოლში გარდაიცვალა. მისი ნეშტი ათენში გადაასვენეს. მის კუბოსთან იდგნენ საბერძნეთის მეფე და უფლისწული, დიპლომატიური წარმომადგენლები, საბერძნეთის მინისტრები, ყველა ბერძნული სამეცნიერო დაწესებულების ხელმძღვანელები და რა თქმა უნდა მისი ოჯახი: სოფიო, ანდრომაქე და აგამენონი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: