შალვა ოდიშარია
შალვა ოდიშარია (დ. 1903, ხონი გ. 14 იანვარი, 1947) — ქართველი სამხედრო პირი.
შალვა ოდიშარია | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 1903 |
დაბადების ადგილი | ხონი |
გარდაცვალების თარიღი | 14 იანვარი, 1947 |
ბიოგრაფია
რედაქტირებაშალვა კონსტანტინეს ძე ოდიშარია დაიბადა 1903 წელს, ხონში. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე იგი ხონის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციის მდივანი იყო. ემიგრაციაში წასვლის შემდეგ ცხოვრობდა პარიზში, მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდა გერმანიაში, შემდეგ კი ავსტრიაში. თავის მრავალმხრივ და მრავალფეროვან საქმიანობზე ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში, ოდიშარია ამბობს, რომ მან მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას შეალია. მისი მთავარი მიზანი საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფა და ქვეყნის გათავისუფლება იყო. შალვა ოდიშარიამ სამშობლო მხოლოდ იმიტომ დატოვა, რომ, მისი აზრით, აქ არ იყო სათანადო შესაძლებლობები დამპყრობელთა წინააღმდეგ საბრძოლველად. რაც მთავარია, მენშევიკური მთავრობის ძირითადი ბირთვი საზღვარგარეთ იმყოფებოდა, დასახული მიზნის მისაღწევად კი აუცილებელი იყო მათთან შეთანხმებულად მოქმედება.
1925 წლის აგვისტოში შალვა ოდიშარიამ კონტრაბანდისტების დახმარებით სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა და თურქეთში გადავიდა. გადასვლისთანავე მას საქართველოს მენშევიკური მთავრობის წარმომადგენელმა კაჭახიძემ თურქეთის პასპორტი გადასცა, რომლის საშუალებითაც იგი სტამბულში ჩავიდა და იქ მიიღო ვიზა საფრანგეთში გასამგზავრებლად. პარიზში ჩასვლისთანავე შალვა ოდიშარიამ მჭიდრო კონტაქტი დაამყარა ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერთან, გიორგი გვაზავასთან და მალევე ჩაერთო პარტიის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში. 1925-1927 წლებში ემიგრაციაში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის შიდა პოლიტიკური დაძაბულობა შეიმჩნეოდა. ნაციონალურ-დემოკრატიულ პარტიაში შედიოდა სამი ფრაქცია, გიორგი გვაზავას, სპირიდონ კედიას და ასათიანის ხელმძღვანელობით, რომელთაც განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ მენშევიკურ მთავრობასთან თანამშრომლობაზე.
შალვა ოდიშარიასთვის მიუღებელი აღმოჩნდა შიდა პარტიული დაპირისპირებები, ამბიციები და ურთიერთქიშპობა. მას სურდა, საქართველოში დაბრუნებულიყო და არალეგალური საქმიანობით დაკავებულიყო. ამ მიზნის განსახორციელებლად მან ოფიციალურად მიმართა საზღვარგარეთის ნაციონალურ-დემოკრატიულ კომიტეტს, რომელმაც დააკმაყოფილა ოდიშარიას თხოვნა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მენშევიკური მთავრობა აჭიანურებდა მის საქართველოში გამომგზავრებას. საქმეში უკეთ გარკვევის მიზნით შალვა ოდიშარია პირადად შეხვდა ნოე ჟორდანიას და დეტალურად მოახსენა თავისი გეგმების შესახებ. მისი აზრით სამშობლოში აქტიური ქმედებები უკეთეს შედეგს გამოიღებდა. ჟორდანია მას არ დაეთანხმა. იგი თვლიდა, რომ ოდიშარია საჭირო იყო პარტიაში და მისი საქართველოში დაბრუნება აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ყოველივე ამის შემდეგ შალვა ოდიშარია ჩამოშორდა პოლიტიკას და ჯაშუშურ საქმიანობას მიჰყო ხელი, თუმცა გიორგი გვაზავასთან კონტაქტი არ გაუწყვეტია. ამ პერიოდში ოდიშარია დაუკავშირდა გერმანელებს, რომელთაც შესთავაზეს გარკვეული სამუშაოს შესრულება. დავალება ასეთი იყო: იგი უნდა დაახლოებოდა პოლონეთის არმიაში მომსახურე ქართველ ოფიცრებს, რომლებიც დაეხმარებოდნენ მას პოლონეთის არმიაზე ინფორმაციის მოპოვებაში. ამ დავალების შესრულების შემდეგ გერმანული დაზვერვის წარმომადგენლები მას მისცემდნენ შესაბამის საბუთებს, ფულს და გაამგზავრებდნენ საქართველოში.
გიორგი გვაზავასთან კონსულტაციის შემდეგ ოდიშარიამ უარი თქვა დავალების შესრულებაზე, რადგან ამით ქართველ ოფიცრებს „ჩაუშვებდა“. იგი დაუკავშირდა საფრანგეთის უსაფრთხოების სამსახურს - „სიურტე ნაციონალს“ და გახდა ორმაგი აგენტი. 1935 წელს ოდიშარიამ გერმანელი ოფიცრის, ბერგერისაგან მიიღო გერმანიაში წასასვლელი ვიზა. გამგზავრების წინ მან დავალება მიიღო საფრანგეთის მე-5 განყოფილებისაგან - დაედგინა, ჰქონდათ თუ არა გერმანელებს საბჭოთა კავშირთან კონტაქტები და გერმანიაში მყოფი ქართველი ემიგრანტებიდან ვის ჰქონდა გერმანიის მთავრობის მხარდაჭერა. გერმანიაში ჩასულ ოდიშარია ბერგერმა გესტაპოში მიიყვანა, სადაც დეტალური ანკეტა შეავსეს მისი პიროვნების შესახებ. ბერგერის მეშვეობით მან კონტაქტი დაამყარა როზენბერგის ბიუროსთან. ბიუროს წარმომადგენლებმა - ცელგერმა და შუმანმა ის, როგორც თანამშრომელი, ძალიან კარგად მიიღეს. ამ უკანასკნელებისაგან ოდიშარიას აინტერესებდა, როგორ უყურებდნენ ისინი საქართველოს გამოსვლას საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. გერმანელებმა სრული მხარდაჭერა გამოთქვეს ამ საკითხთან დაკავშირებით და ოდიშარიას სთხოვეს, დაეწერა პოლიტიკური მიმოხილვა ქართულ ემიგრაციაზე, მათ საქმიანობაზე საფრანგეთში და და ასევე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ოდიშარიას მიმოხილვა წერილობითი სახით თავად როზენბერგს გადაეცა.
ცელგერმა და შუმანმა ოდიშარიას ისიც მოახსენეს, რომ როზენბერგის ბიუროში იგეგმებოდა კავკასიის დეპარტამენტის შექმნა, რომლის ხელმძღვანელობა მას შესთავაზეს. პარიზში დაბრუნებულმა ოდიშარიამ მე-5 განყოფილებას - გიორგი გვაზავასა და ნოე ჟორდანიას დაწვრილებით მოახსენა გერმანიაში ვიზიტის შესახებ. მისი განცხადებით, როზენბერგის ბიუროში მოწადინებულები არიან, რომ საქართველო გამოეყოს საბჭოთა კავშირს და სრულ მხარდაჭერასაც უცხადებენ. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად „პოლიტიკურმა ცენტრმა“ ბერლინში გიორგი გვაზავა გაგზავნა. მან დაადასტურა ოდიშარიას მიერ მოპოვებული ინფორმაცია. ოდიშარიას აგენტური საქმიანობიდან აღსანიშნავია თანამშრომლობა იაპონიის დაზვერვასთან. იაპონელებს იგი დაუკავშიდრა ნოე ჟორდანიას პირადი მცველის შოთა ქარცივაძის მეშვეობით. ოდიშარიამ პარიზში იაპონიის სამხედრო ატაშეს, გენერალ-მაიორ იამაცუ ციციაჩის მოახსენა, რომ საბჭოთა კავშირის შორეული აღმოსავლეთის შესახებ საინტერესო და იაპონიისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა, გააცნო მას თავისი მიზნები საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით და, ასევე, გადასცა მემორანდუმი, ჟორდანიას, გვაზავასა და თავად მისი ხელმოწერით, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ იმ შემთხვევაში, თუ იაპონია საქართველოს მენშევიკურ მთავრობას მხარს დაუჭერდა, გამარჯვების შემდეგ საქართველოში იაპონიის ინტერესები გატარდებოდა და ქვეყნის ბუნებრივი რესურსების გამოყენებაზე იაპონია სრულ უფლებას მოიპოვებდა. იამაცუ ციციაჩი დახმარებას დაჰპირდა და მემორანდუმი ტოკიოში გადააგზავნა.
შალვა ოდიშარია წარმატებით თანამშრომლობდა სხვადასხვა ქვეყნების დაზვერვებთან და გასამრჯელოსაც უხვად იღებდა, მაგრამ ქართული ემიგრაციის დაფინანსებასთან მიმართებაში პირობა არც ერთმა ქვეყანამ არ შეასრულა. 1938 წლის მიწურულს ევროპაში სიტუაცია ძალიან დაიძაბა - ევროპა ომის ზღვარზე იყო. ოდიშარიამ გადაწყვიტა ადგილმდებარეობის შეცვლა, უფრო ადვილად რომ შეძლებოდა საქართველოში დაბრუნება. საფრანგეთის სამხედრო აპარატის მე-2 განყოფილების დახმარებით მან შეძლო 1939 წლის მარტში თურქეთში გამგზავრება ლუქსემბურგელი შარლ ბერჟეს სახელზე გაცემული პასპორტით. შემდეგ ბეირუთში ჩავიდა და ყველგან კრებდა ინფორმაციას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებისა და საბჭოთა კავშირის საჯარისო ნაწილების რაოდენობაზე თურქეთ-ირანის საზღვარზე. მოღვაწეობდა კოდური სახელით - „მაქსი“. ირანში ოდიშარიამ შეიტყო, რომ სიტუაცია შეიცვალა და ძირითად სადაზვერვო სამუშაოებს ახლო აღმოსავლეთში, უკვე, გერმანია აწარმოებდა. საჭირო გახდა კონტაქტის დამყარება გერმანიის დაზვერვასთან, რაც მან მოახერხა მიხეილ კედიას დახმარებით. 1942 წელს მას მიანიჭეს კოდური სახელი N 341. 1943 წელს პარიზში ოდიშარიამ შესყიდვების სამსახურში დაიწყო მუშაობა. მან უმოკლეს დროში 30 მილიონი ფრანკის გამომუშავება მოახერხა. ამ თანხით გახსნა კომერციული ბიურო და დაზვერვის სამსახურის დავალებაც შეასრულა - ჩამოაყალიბა დაზვერვის ჯგუფი N341. ჯგუფში 40-მდე წევრი იყო. მათ გესტაპო აფინანსებდა. დაჯგუფება ოდიშარიას ხელმძღვანელობით მოქმედებდა. მოპოვებული ინფორმაცია დაზვერვის სამსახურს (CD) გადაეცემოდა. საბჭოთა კავშირის უშიშროების სამსახურის მიერ დაპატიმრებულ შალვა ოდიშარიას ბრალად წაუყენეს ანტისაბჭოთა საქმიანობა და სამშობლოს ღალატი. მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს ოდიშარია არ უარყოფდა. მოტივი ცხადი იყო: საბჭოთა კავშირიდან საქართველოს გამოყოფა და მისი დამოუკიდებლობა. საბჭოთა სასამართლომ შალვა ოდიშარიას მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა, ქონების სრული კონფისკაციით. განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 1947 წლის 14 იანვრის ღამეს.
ლიტერატურა
რედაქტირება- კაციტაძე, ეკატერინე. აგენტი N 341, პატრიოტი თუ ავანტიურისტი... // საარქივო მოამბე / საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. თბ., 2017 გვ. 107-117.
- ნიკოლაძე, ფრანსუაზ. წინააღმდეგობის მოძრაობა : ომი "წინააღმდეგობის" წინააღმდეგ რეპრესიული ძალები // ქართველები საფრანგეთისთვის ბრძოლებში : 1939-1945 წლები / ფ. ნიკოლაძე; რ. ნიკოლაძე. თბ., 2009. გვ. 76-80.