შალვა ყიფიანი
შალვა იაკინთეს ძე ყიფიანი (დ. 27 აგვისტო, 1912 — გ. 5 თებერვალი, 1994) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი (1941), დოცენტი. სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო წევრი (1985).[1]
შალვა ყიფიანი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 27 აგვისტო, 1912 |
დაბ. ადგილი | ობჩა, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 5 თებერვალი, 1994 (81 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ საქართველო |
საქმიანობა | გეოგრაფი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაშალვა ყიფიანმა 1933 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1934–37 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ალექსანდრე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით.[1]
1934–41 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1942–1945 წლებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში; 1946 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. კითხულობდა ლექციებს საქართველოსა და კავკასიის გეომორფოლოგიაში, სსრკ გეომორფოლოგიაში, რელიეფის ფორმათა სისტემატიკაში, კარსტოლოგიასა და გეომორფოლოგიის კვლევის მეთოდებზე; 1946 წლიდან მუშაობდა აგრეთვე ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, 1946 წელს სწავლული მდივნის, 1947–51 წლებში დირექტორის მოადგილის სამეცნიერო დარგში, 1958–1975 წლებში კარსტოლოგია-სპელეოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელის (საზოგადოებრივ საწყისებზე) თანამდებობებზე; 1938–1941 წლებში ასრულებდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სწავლული მდივნის, ხოლო 1946–1950 წლებში თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას სამეცნიერო დარგში.[1]
1939 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „შაორის ამოქვაბულის გეომორფოლოგიისათვის“. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ძირითად პროფილს საქართველოს კარსტული რელიეფის შესწავლა, აგრეთვე კარსტოლოგიის თეორიული საკითხების კვლევა შეადგენდა. გამოქვეყნებული აქვს 160 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება გეომორფოლოგიურ, კარსტოლოგია-სპელეოლოგიურ, გეოგრაფიულ მეცნიერებისა და განათლების ისტორიის საკითხებს. აღსანიშნავია მისი წვლილი საქართველოს გეოგრაფიის სასკოლო სახელმძღვანელოს შექმნა-გაუმჯობესებაში.[1]
1960–77 წლებში ხელმძღვანელობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერ-მუშაკთა სამეცნიერო სემინარს. იყო არაერთი სპელეოლოგიური ექსპედიციის მონაწილე, რომლის შედეგად საქართველოს მრავალი კარსტული მღვიმე იქნა გამოკვლეული. აღსანიშნავია ექსპედიციები არაბიკა-ახაგის ქედზე, ასხის მასივზე, ბზიფის ქედზე, ახალი ათონის მიდამოებში, კელასურ-კოდორის მდინარეთაშუეთში, სათაფლიაზე, შაორის ტერიტორიაზე და სხვა. ავტორია არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა: „საქართველოს კარსტი“, „არაბიკა-ახაგის ქედის კარსტული ლანდშაფტის გეომორფოლოგიისათვის“, „ასხის კარსტული პლატოსებრივი მაღლობის გეომორფოლოგიისათვის“ და ა.შ.[1]
დაჯილდოებულია სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს საპატიო სიგელით. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1984), აგრეთვე ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი (1976). ახალი ათონის მღვიმის კომპლექსის შესწავლა-კეთილმოწყობისათვის მეცნიერთა და მშენებელთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია (1977).[1][2]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ნარკვევები გეოგრაფიული მეცნიერებისა და განათლების შესახებ საქართველოში. ნაკვ. 1, თბ., 1957;
- საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 1966 (თანაავტ.);
- საქართველოს კარსტი, ტ. 1, თბ., 1974;
- საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, სახელმძღვანელო VII კლასისათვის, თბ., 1975–87 (თანაავტ.).