ნიკოლოზ ყიფიანი

(გადამისამართდა გვერდიდან ყიფიანი, ნიკოლოზ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ყიფიანი.

ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყიფიანი (დ. 1846, ქვიშხეთი — გ. 1 მაისი, 1905, ბრიუსელი, ბელგია) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, ცნობილი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის უფროსი ვაჟი.

ნიკოლოზ ყიფიანი
დაბადების თარიღი 1846
ქვიშხეთი, ხაშურის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 1 მაისი, 1905
ბრიუსელი, ბელგია
პროფესია საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, კრიტიკოსი
მეუღლე(ები) ანასტასია ერისთავი
შვილ(ებ)ი ბარბარე ყიფიანი
ნინო ყიფიანი
ელისაბედ ყიფიანი
მშობლები მამა: დიმიტრი ყიფიანი
დედა: ნინო ჭილაშვილი

ბიოგრაფია რედაქტირება

ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ყიფიანის უფროსი ვაჟი ნიკოლოზ ყიფიანი ქვიშხეთში დაიბადა. ნიკო პატარაობიდანვე სწავლობდა უცხო ენებს, ხატვას, ცეკვას, ფორტეპიანოზე დაკვრას, ბრწყინვალედ შეისწავლა მშობლიური ენაც. 1862 წელს ნიკო ძმასთან, კოტე ყიფიანთან ერთად დავით ყიფიანის პანსიონში მიაბარეს. აქ გაეცნო ნიკო ჩერნიშევსკისა და დობროლუბოვის იდეოლოგიას, შილერის, ჰიუგოს ნაწარმოებებს, გაიტაცა ტურგენევმა, ჩაუღრმავდა ქართველ მწერალთა შემოქმედებას. იგი 16 წლის ასაკში „საქართველოს მოამბის“ დამფუძნებელთა შორის იყო და მამის ნაწერებს კორექტირებასაც კი უკეთებდა.

1864 წლის ზაფხულში ნიკო ყიფიანი სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგს გაემგზავრა, მაგრამ დავით ყიფიანის პანსიონში სწავლა მას სათანადო ცენზად არ ჩაუთვალეს და ამიტომ ერთდროულად დაიწყო მომზადება გიმნაზიის ატესტატის ასაღებად და უნივერსიტეტში შესასვლელად. თბილისის გიმნაზია 1865 წელს დაამთავრა. 1865-1869 წლებში სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და იქაურ ქართველ სტუდენტთა კულტურული თუ არალეგალური პოლიტიკური საქმიანობის ერთ–ერთი ორგანიზატორი იყო. 1866 წელს პირველმა თარგმნა ფრანგულიდან „მარსელიოზა“. 1868 წელს სტუდენტთა მოძრაობაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. 1869 წელს მეფის მთვარობის საწინააღმდეგო პროპაგანდისთვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს, ჩამოართვეს სწავლის გაგრძელების უფლება, პოლიციის ზედამხედველობას დაუქვემდებარეს და ადმინისტრაციული წესით დააბრუნეს სამშობლოში.

1869 -1871 წლებში ძირითადად ქვიშხეთში ცხოვრობდა, აქ ყოფნის პერიოდში უფასო სახალხო სასწავლებელი გახსნა და გლეხის შვილებს წერა–კითხვასა და არითმეტიკას ასწავლიდა. მამის დაჟინებული თხოვნით რევოლუციურ მოძრაობას ჩამოშორდა. 1870 წლიდან ქუთაისში ეწეოდა სავექილო საქმიანობას, 1871 წელს კერძო ადვოკატობის ნება დართეს. 1883-1890 წლებში სასამართლო უწყებაში მსახურობდა: „Поверенный по судебным делам Кутаисского судебного округа в г. Батуме“.

ნიკოლოზ ყიფიანი მრავალმხრივი მოღვაწე იყო. მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში, აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პრესაში („დროება“, „ივერია“, „კვალი“). აქვეყნებდა თეატრალურ რეცენზიებს, კრიტიკულ ლიტერატურულ და პუბლიცისტურ წერილებს.

1875 წელს ნიკო დაქორწინდა ანასტასია მიხეილის ასულ ერისთავზე. 1883 წელს ოჯახის დანგრევით დამთავრდა. ამ დროისთვის მათ უკვე ოთხი შვილი ჰყავდათ – ვაჟი დედასთან დარჩა, ქალიშვილები კი მამასთან იზრდებოდნენ.

1887 წელს ყიფიანების ოჯახს თავს დატეხილმა უბედურებამ, დიმიტრი ყიფიანის მკვლელობამ, ნიკო ნევროგენული დიაბეტით დააავადა. 1890 წლის ივნისში იგი სამკურნალოდ ევროპაში გაემგზავრა და სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ცხოვრობდა საფრანგეთში, ნიდერლანდებში, იტალიასა და შვეიცარიაში, 1895 წლიდან ბელგიაში დამკვიდრდა. მოღვაწეობდა ჟან მარტენის, ზოგჯერ ივან მარტინოვის სახელით, იყო ბრიუსელისა და მოსოს უნივერსიტეტების პროფესორი, ბრიუსელის უნივერსიტეტში განაგებდა რუსული სიტყვიერების კათედრას, მოგვიანებით კი იქვე პოლიგლოტთა კათედრაც დააარსა. კითხულობდა ლექციებს რუსულ ლიტერატურაში, ითვლება ლევ ტოლსტოის ნაწარმოებების ერთ–ერთ პირველ პოპულარიზატორად საზღვარგარეთ.

ნიკოლოზ ყიფიანმა ბელგიაში დააარსა ფემინისტური საზოგადოებები, რომელთაც თვითონ ხელმძღვანელობდა.

ნიკოს ბელგიაში დამკვიდრების შემდეგ შვილები მასთან გადავიდნენ სწავლის გასაგრძელებლად. უფროსი ქალიშვილი ელისაბედი (ვეტა) უცხოეთში არ წასულა, საქართველოში დარჩა და რუსულ ენას ასწავლიდა. შუათანა ასული ნინო ყიფიანი, პირველი იურისტი ქალი იყო რუსეთის იმპერიაში და წარმატებით მოღვაწეობდა ამ სფეროში. ცნობილი მეცნიერი გახდა ნიკოს უმცროსი ასული ბარბარე ყიფიანი, პირველი ქართველი ფსიქოფიზიოლოგი ქალი.

ნიკოლოზ ყიფიანი 1905 წლის 1 მაისს, 59 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიუსელში. იქაურმა საზოგადოებამ დიდი პატივით მიაბარა უცხო მიწას. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გაირკვა, რომ ივან მარტინოვის გვარით მოღვაწე პროფესორი, დიდი დიმიტრი ყიფიანის ვაჟი – ნიკოლოზ ყიფიანი იყო.[1]

ლიტერატურა რედაქტირება

  • ჯოლოგუა თამაზ, დიმიტრი ყიფიანი (1830-1860 წლები), გვ. 35-37, თბ., 2002
  • მურად მთვარელიძე, ყიფიანები. გვ. – 27-37, თბ., 2002

სქოლიო რედაქტირება