ყიზლარ-მოზდოკური დიალექტი
ყიზლარ-მოზდოკური დიალექტი — ქართული ენის მკვდარი დიალექტი. მეტყველებდნენ ის ქართველები, რომლებიც სახლობდნენ ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქებში — ყიზლარსა და მოზდოკში, აგრეთვე ყოფილი ყიზლარის ოლქის სოფლებში — სასოფლოსა და სარაფანში (მოგვიანებით სასოფლო — ალექსანდრონევსკაია, სარაფანი — შელკოვსკაია). 1949 წლის მონაცემებით, სასოფლოში ცხოვრობდა 67 ქართულენოვანი კომლი, ხოლო სარაფანში — 45. ამ პერიოდისათვის ქართული ოჯახები ჩრდილოეთ კავკასიის დასახლებებში სხვაც იყო, ოღონდ ისინი გაფანტული იყვენენ და მათი რაოდენობის დადგენა არ ხერხდებოდა. პირველი ახალშენი ყიზლარში დააარსა 1724 წელს რუსეთს მიმავალი ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის ამალის ერთმა ნაწილმა. მოსახლეობის რაოდენობა აქ შემდეგ იზრდებოდა, რასაც ხელს უწყობდა საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ქალაქებს შორის ვაჭრობის განვითარება და საქართველოსა და რუსეთს შორის მიმოსვლა ყიზლარ–ასტრახანის გზით. აქ სახლობდნენ ქართლის სამეფო ოჯახის წევრები და გლეხობა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან (ქართლი, კახეთი, ხევი, რაჭა და იმერეთი). ჩრდილოეთ კავკასიის ქართველი მოსახლეობა სადღეისოდ მთლიანად გარუსებულია. ასე რომ, ყიზლარ-მოზდოკური დიალექტი როგორც დიალექტური ერთეული, აღარ არსებობს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, იგი დამოუკიდებელ დიალექტურ ერთეულს არც ადრე წარმოადგენდა, ენობრივი ნიშნებით ქართლურს მისდევდა, ოღონდ განიცდიდა რუსულის ძლიერ გავლენას, განსაკუთრებით ლექსიკასა და, ნაწილობრივ, გრამატიკულ წყობაშიც.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული ენა : ენციკლოპედია, 2008;
- ჩხეჩკელი სტ., ყიზლარ-მოზდოკური ქართული (მიმოხილვა, ტექსტები). — «თსუ შრომები», 1936, ტ. 5;
- გიგინეიშეილი ი., თოფურია ვ., ქავთარაძე ი., ქართული დიალექტოლიგია, I, თბ., 1961.