ყაფლანისხევის ნამოსახლარი
ყაფლანისხევის ნამოსახლარი — მრავალფენიანი ნასოფლარი აღმოსავლეთ საქართველოში, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, უფლისციხის დასავლეთით, ამავე სახელწოდების ხევის ორივე მხარეს, მდინარე მტკვრის ნაპირას. არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო 1958 წელს (დავით ხახუტაიშვილი). დასახლება არსებობდა ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვის III საუკუნემდე. აღმოჩნდა სხვადასხვა დროის სამაროვნები. ნაპოვნია ფალაურწარწერიანი სასანური ხანის თიხის ბულა და ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეების ფოლადის სახნისი. აღსანიშნავია კევრზე დასაფლავების შემთხვევა.
ყაფლანისხევის ნამოსახლარი წარმოადგენდა ანტიკური ხანის უფლისციხის სასოფლო-სამეურნეო გარეუბნის ერთ-ერთ დაბას, რომლის მცხოვრებლები მისდევდნენ სოფლის მეურნეობასა და ხელოსნობას.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხახუტაიშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 618.