ყარაკულის ცხვარი

სამაჟდაკე მიმართულების ცხიმკუდიანი უხეშმატყლიანი ცხვრის ჯიში

ყარაკულის ცხვარი — სამაჟდაკე მიმართულების ცხიმკუდიანი უხეშმატყლიანი ცხვრის ჯიში. ერთ-ერთი ვერსიით ითვლება, რომ ერთ-ერთი უძველესი ჯიშია და გამოყვანილია ძველ დროში შუა აზიის ხალხების მიერ ადგილობრივი ცხვრების ხანგრძლივი გადარჩევის გზით;[1] მეორე ვერსიით ყარაკულის ცხვარი გამოყვანილია XVII–XVIII საუკუნეებში დუმიანი და ნახევრად უხეშმატყლიანი ცხვრების შეჯვარებით.[2] წამყვანი სამაჟდაკე ჯიში იყო საბჭოთა კავშირში. ყარაკულის ცხვრების უმრავლესობას თავი ნახევრად ცხვირკუზიანი, ტანი ღრმა, კუდი კი ცხიმდაგროვილი აქვს, რომელიც S-ის მსგავსი მჭლე დანამატით ბოლოვდება.[1] ამტანები, მცირე მოთხოვნილების მქონენი და უდაბნოსა და ნახევარუდაბნოს პირობებში საძოვარზე ხანგრძლივად ყოფნას შეჩვეულები არიან.[2] ერკემალი რქიანია (სპირალისებური რქები აქვს),[2] ნერბი — ურქო. ერკემლის მასაა 55–65 კგ, ნერბისა 45–50 კგ. 7–8 თვის ბატკნის ნაკლავის მასაა გასუქების შემდეგ 10–12 კგ-ია, ნაკლავის გამოსავალი 41–43%; ნერბისა შესაბამისად 18–20 კგ და 45–50%.[2] ბატკნობის ასაკში ცხვრების უმრავლესობა (დაახლ. 80%) ფერად შავია, დანარჩენი რუხი, ყავისფერი და სხვ.; ასაკთან ერთად შეფერილობა ჭაღარავდება, მხოლოდ თავი და ფეხები რჩება იგივე ფერის.[1] ახალდაბადებული ბატკნის საფარველი ნაზია, ზრდასთან ერთ კი იცვლება და უხეში ტიპისა ხდება.[1] ყარაკულის ცხვრის ძირითადი პროდუქცია მაჟდაკია (ყარაკული), რომელზეც დიდი მოთხოვნილება არსებობს. მოზრდილი ცხვრის მატყლი კარგად ითელება; მას უხეში ქსოვილებისა და ხალიჩების დასამზადებლად იყენებენ. ერკემლის წლიური ნაპარსი (2 გაპარსვაზე) 3,5–3,8 კგ-ს შეადგენს, ნერბისა — 2,0–2,2 კგ-ს. თივთიკის სიგრძე 18 სმ-მდეა.[2] ბატკნის აღზრდისაგან განთავისუფლებული ნერბი გამოიყენება რძის მისაღებად (25–30 კგ რძე ლაქტაციისას — 60 დღე);[1] გარდა ამისა ყარაკულის ცხვარს იყენებენ სახორცედ და საქონედ.[2] ნაყოფიერება 105–110 ბატკანია 100 ნერბზე.[2]

ყარაკულის ცხვრები აკრონის ზოოპარკში
ბატკანი

ამ ჯიშთან დაკავშირებით სანაშენო საქმიანობა მიმართულია ხარისხის გაზრდისა და ასორტიმენტის გაფართოებისაკენ. ყარაკულის ცხვარი გამოიყენება სხვა ჯიშების კრაველის ხარისხის გაუმჯობესებისათვის.[1]

მსოფლიოში მისი რიცხოვნობა 31 მილიონ სულზე მეტია. აშენებენ 50-ზე მეტ ქვეყანაში, ძირითადად კი უზბეკეთში, თურქმენეთში, ტაჯიკეთში, ყაზახეთში, ავღანეთში, ნამიბიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ირანსა და რუსეთში (ასტრახანის ოლქისა და ყალმუხეთის მეურნეობებში).[2]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 624.
  • Юдин В. М., Опыт племенной работы с каракульскими овцами в племхозе «Кара-Кум» (1936—1943 гг.), Самарканд, 1943;
  • Байков М. И., Каракульская порода овец, М., 1953;
  • Гигинейшвили Н. С., Серые каракульские овцы, М., 1954;
  • Иванов М. Ф., Полн. собр. соч., т. 3, М., 1964;
  • Ерохин А. И., Ерохин С. А., Овцеводство, М., 2004.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 ავარიანოვი ი. ი.,ყარაკულის ცხვარი // დიდი საბჭოთა ენციკლოპედია [30 ტომად], მთ. რედ. პროხოროვი ა. მ., III გამოც., მოსკ.: გამომც. „საბჭოთა ენციკლოპედია“, 1969.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 ეროხინი ა. ი., ყარაკულის ცხვარი დაარქივებული 2019-05-26 საიტზე Wayback Machine. // დიდი რუსული ენციკლოპედია [35 ტომად], მთ. რედ. ოსიპოვი ი. ს., მოსკ.: გამომც. დიდი რუსული ენციკლოპედია, 2004–2017.