მარიამ ღვთისმშობელი

(გადამისამართდა გვერდიდან ღმრთისმშობელი)
ტერმინს „ღვთისმშობელი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ღვთისმშობელი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი).

მარიამ ღვთისმშობელი, ქალწული მარიამი, დედა ღვთისა მარიამი (იუდეურ-არამ. מרים მარიამ „მწარე“; არაბ. مريم (მარიამ); ბერძნ. Μαριάμ, მარიამ, Μαρία, მარია) — ახალი აღთქმის თანახმად იყო იესო ნაზარეველის დედა, რომელიც მისი დაბადების ჟამს იოსების ცოლი იყო (მათე 1:18-20, ლუკა 1:35). არაკანონიკური ნაშრომების თანახმად მისი მშობლები იყვნენ იოაკიმი და ანა, შემდეგში წმინდანებად შერაცხილი. ლუკას სახარების თანახმად მარიამმა ანგელოზი გაბრიელ მთავარანგელოზისგან შეიტყო მასში იესოს ჩასახვის შესახებ სულიწმინდის მეშვეობით.

მარიამ ღვთისმშობელი
ܡܪܝܡ და מרים
დაიბადა ძვ. წ. I საუკუნე
Tzippori ან იერუსალიმი
გარდაიცვალა I საუკუნე ან 48
უცნობი
დასაფლავებულია ღვთისმშობლის საფლავი
ხსენების დღე 15 აგვისტო
ენა Imperial Aramaic
ეროვნება ებრაელები
მეუღლე იოსებ დამწინდველი[1]
შვილ(ებ)ი იესო ქრისტე

მარიამი ერთ-ერთი ყველაზე პატივცემული წმინდანია ქრისტიანულ სარწმუნოებაში, განსაკუთრებით რომალ კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს შორის. ქრისტიანული თეოლოგიის ნაწილი, რომელიც მარიამს ეხება ცნობილია როგორც მარიოლოგია. მარიამის ამქვეყნად მოვლენას მართლმადიდებლები, კათოლიკები და ანგლიკენური ეკლესია ყოველი წლის 8 სექტემბერს აღნიშნავს.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლები

რედაქტირება

ყოვლადწმინდა დედა ღვთისა იშვა უნაყოფო და მოხუცებული მშობლებისგან ქალაქ ნაზარეთში, რომელიც მთის ფერდობზე იყო შეფენილი და იერუსალიმს სამი დღის სავალი აშორებდა. წინასწარმეტყველთა უწყების მიხედვით, ქვეყნიერების აღთქმული მხსნელი დავითის ტომიდან უნდა წარმომდგარიყო, მაგრამ ბაბილონის ტყვეობის შემდეგ დავით მეფის შთამომავლები ნელ-ნელა უფლებებს კარგავდნენ. მას შემდეგ, რაც მაკაბელთა გვარი გაძლიერდა, სამეფო შტოს ყოველგვარი გამორჩეულობა გაქრა და ის სხვა ხალხს გაუთანაბრდა. როდესაც წინასწარმეტყველთა მოსწავებული დრო დადგა და სკიპტრა უცხოტომელ ჰეროდეს გადაეცა, როდესაც რომაელთა ყოვლისდამრღვეველი ხელმწიფება დაიწყო, ზნეობრიობა და რელიგია სრულიად დათრგუნული აღმოჩნდა. მაშინ იუდეველებმა გააცნობიერეს, რომ დანიელის მიერ დათქმული ჟამი იწურებოდა და მოუთმენლად დაუწყეს ლოდინი მესიას.

 
მოზდოკის ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი

ნაზარეთში ღვთისმოსავი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, იოაკიმე და ანა. იოაკიმე იუდას სამეფოს ტომის შთამომავალი იყო, ხოლო ანა აარონის ტომის ღვთისმსახურის, მატთანის უმცროსი ასული. მატთანს სამი ქალიშვილი ჰყავდა ― მარიამი, სოფიო და ანა. სოფიოს ასული ელისაბედი არის იოანე ნათლიმცემლის დედა. იოაკიმე და ანა ღვთის წინაშე მართლები იყვნენ და მის მცნებებსაც სუფთა გულით იცავდნენ. ისინი ჩამომავლობით კი არა, უფრო მორჩილებითა და გულმოწყალებით იყვნენ ცნობილნი. ამგვარად მიაღწიეს ღრმა სიბერემდე. მთელი მათი ცხოვრება ღვთის სიყვარულით და მოყვასისადმი თანაგრძნობით იყო განმსჭვალული. შემოსავლის ორ მესამედს ყოველდღიურად გასცემდნენ. ბედნიერები იყვნენ, მაგრამ უნაყოფობა მათ გულს მწუხარებით ავსებდა. იმდროინდელი წარმოდგენით, უშვილობა შეურაცმყოფლად და უდიდეს სასჯელად ითვლებოდა. ეს მით უფრო სამწუხარო იყო, რომ დავითის შთამომავლებს ჰქონდათ იმედი, რომ მათგან აღთქმული მესიის შობით კაცობრიობის ხსნის იარაღად უნდა ქცეულიყვნენ. მათი ცოლ-ქმრული ცხოვრებიდან 50 წელი გავიდა და ისინი უშვილობის გამო იყვედრებოდნენ. კაკონის მიხედვით, რომელსაც ფარისევლები უჭერდნენ მხარს, იოაკიმეს შეეძლო უნაყოფო ცოლთან გაყრა მოეთხოვა, მაგრამ მართალ ადამიანს უყვარდა ანა და პატივს სცემდა არაჩვეულებრივი მოკრძალებულობისა და ღვთისმოსაობის გამო. ამიტომ მასთან განშორება არ სურდა. გულში ჩაკლული მწუხარებით, მაგრამ უდრტვინველად ისინი ერთად ტვირთულობდნენ განსაცდელს და მარხვით, ლოცვითა და ქველმოქმედებით აგრძელებდნენ ცხოვრებას. ერთმანეთს სიყვარულით განამტკიცებდნენ და არ კარგავდნენ იმედს, რომ უფალს ყოველთვის შეუძლია მონის შეწყალება.

 
დაშრიტე მწუხარება ჩემი

დიდ დღესასწაულებზე მათ ჩვეულებად ჰქონდათ, რომ იერუსალიმში ასულიყვნენ. იოაკიმეც მივიდა ტაძრის განახლების დღესასწაულზე, რათა თანამემამულეებთან ერთად მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მღვდელმთავარმა ისახარმა იოაკიმეს ძღვენი არ მიიღო, მას უშვილობა აყვედრა და უთხრა: „უფალმა რაღაც საიდუმლო ცოდვის გამო მოგაკლო კურთხევა.“ სხვა თანატომელებმაც, რომლებიც იქ იყვნენ, დაუმატეს: „შენ არ გაქვს ნება, მსხვერპლი ჩვენთან ერთად შესწირო, იმიტომ რომ არ შეგიქმნია ისრაელის თესლი.“ იოაკიმესათვის ძნელი იყო ამგვარი ყვედრების სახალხოდ მოსმენა და სახლში დაბრუნების ნაცვლად უდაბნოში წავიდა. 40 დღე და 40 ღამე მართალი მოხუცი ტიროდა, მარხულობდა და ლოცულობდა. მწუხარებას ცრემლით იქარვებდა. შესთხოვდა ღმერთს, რომ სირცხვილი და ყვედრება აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა. ამავე დროს, როდესაც ქმრის შეურაცხყოფის ამბავი გაიგო, ანა უნუგეშოდ ატირდა და შინაურთაგან თავისი მწუხარება რომ დაეფარა, ბაღში გავიდა. დაფნის ხის ძირას მჯდარი არ წყვეტდა ტირილს და ლოცულობდა შეურყეველი რწმენით, რომ ღმერთი ძლიერია და კაცთაგან შეუძლებელს შეძლებს. ამ დროს ცისკენ აღაპყრო თვალები და დაფნის ტოტებში დაინახა ბუდე, რომელშიც უსუსური ბარტყები ისხდნენ. ამის გამო კიდევ უფრო მეტი ვედრებით გადმოიღვარა ლოცვა მისი გულიდან: „უბედური მხოლოდ მე ვარ―მოთქვამდა იგი―ამქვეყნად ყველა შვილებით ნუგეშობს. ცაში ჩიტებსა და მიწაზე მხეცებს ნაყოფიერება მიეც, უფალო მიწაც დროულად აღმოაცენებს თესლსა და ყველაფერი ეს შენი კურთხევით ხდება! მხოლოდ მე ვარ ველი უნაყოფო, უსიცოცხლო და აღმოუცენებელი. მომხედე, უფალო, და ისმინე ჩემი ლოცვა!“ უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოზი წარდგა და უთხრა: „ანა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები. შენ გეყოლება შვილი და შენი თესლისაგან იკურთხება ყოველი ტომი დედამიწაზე. შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს.“ ანგელოზმა დაავალა ანას, რომ წასულიყო იერუსალიმში და უწინასწარმეტყველა, რომ ქმარს ოქროს ჭიშკართან შეხვდებოდა. ღვთისსულიერი სიხარულით აღვსილმა ანამ წამოიძახა: „ცხოველ არს ღმერთი ჩემი. თუ შემეძინება ასული, მას ღმერთს შევწირავ. დაე, დღედაღამ მას ემსახუროს და მისი წმინდა სახელი განადიდოს.“ ამ აღთქმის შემდეგ მან იერუსალიმისაკენ ისწრაფა, რათა უფლისათვის დიდება და მადლობა შეეწირა. ანგელოზი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა, რომელიც სალოცავად იყო უდაბნოში და უთხრა: „უფალმა შეიწყნარა შენი ლოცვა. შენი ცოლი შობს ასულს, რომელიც ყველას სიხარულს მოუტანს, წადი იერუსალიმში და იქ ოქროს ჭიშკართან იპოვი ცოლს შენსას, რომელსაც მე ეს უკვე ვაცნობე.“ იოაკიმე და ანა შეხვდნენ ერთმანეთს, ღვთის ტაძარს ერთად შესწირეს სამადლობელი მსხვერპლი და სახლშიც ერთად დაბრუნდნენ იმის ღრმა რწმენით, რომ მიიღებდნენ ღვთისგან აღთქმულს.

მარიამის შობა

რედაქტირება
 
ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი იშვა ნაკლებად ცნობილ ადგილას, ნაზარეთში. ის გამოვიდა დავითის ტომიდან, რომელიც იმჟამად დამცირებული და

 
ღვთისმშობლის ხარების ტაძარი კრემლში

ყოველგვარ ბრწყინველებას მოკლებული იყო. ამქვეყნიური დიდება და პატივი არ შემორტყმია მის აკვანს. ყოველგვარი მიწიერი უპირატესობა გაფერმკრთალდა უხილავი დიდების შუქზე, რომელიც მრავალი საუკუნით ადრე ამზადებდა უფლის დედის შობას. მას კურთხეული და მომადლებული ეწოდა იმ დღიდანვე, როდესაც ქვეყნიერების მხსნელი ჩაისახა.
ანგელოზის მითითებით ახალშობილს მარიამი დაარქვეს, რომელიც ებრაულად „ქალბატონს“ ან „იმედს“ ნიშნავს. მარიამი გახდა დედა ღვთისა და ამით ყოველივე ქმნილის ქალბატონად და იმედად იქცა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ხსენება

რედაქტირება

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ხსენება, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ მე–4 საუკუნეში დადგინდა. მოციქულთა სწორმა ელენემ ღვთისმშობლის შობის სახელზე აღმართა ტაძარი. ეს დიდი, საყოველთაო, ათორმეტთაგანი დღესასწაული უძრავია და 8(21) სექტემბერს აღესრულება. ეს არის განუყოფელი სიხარულის დღესასწაული, რადგან ღვთისმშობლისგან ადამიანთა მთელი მოდგმა განახლდა.

ღვთისმშობლის შობის ტროპარი

რედაქტირება

შობამან შენმან, ღვთიმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა; რამეთუ შენგან აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, დახსნა წყევა, და მოგვმადლა კურთხევა და განაქარვა სიკვდილი და მოგვანიჭა ჩვენ ცხოვრება საუკუნო.

ღვთისმშობლის შობის კონდაკი

რედაქტირება

იოაკიმ და ანნა ყვედრებისაგან უშვილობისა, ხოლო ადამ და ევა ხრწნილებისაგან და სიკვდილისა განთავისუფლდეს, უხსწნელო, დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა, ამას დღესასწაულობს ერიცა შენი, თანამდებობისა ბრალთასა ხსნილი, ღაღადებენ შენდამი: "ბერწი შობს ღვთისმშობელსა და მზრდელსა ცხოვრებისა ჩვენისასა".

შობის შემდეგ

რედაქტირება

ექვსი თვის მარიამი დედამ გამოსაცდელად მიწაზე დააყენა. ბავშვმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და დედის კალთამდე მიაღწია. გახარებულმა დედამ შვილი ხელში აიტაცა და აღთქმა დადო, რომ ვიდრე უფლის ტაძარში არ მიიყვანდა მიწაზე ფეხს არ დაადგმევინებდა.
როცა მარიამი ერთი წლის გახდა, იოაკიმემ დიდი ლხინი გადაიხადა. მან მოიწვია მღვდელმთავრები, მღვდლები, მწიგნობრები, პატივსაცემი მოხუცებულები.
როცა მარიამი სამი წლისა გახდა, მშობლებმა აღთქმისამებრ ტაძარში მიიყვანეს, უბიწო ასულებმა ანთებული სანთლებით მიაცილეს ბავშვი ტაძრამდე, მღვდელმთავარმა მარიამი მკერდში ჩაიკრა.საკურთხეველში შეიყვანა და ისე აკურთხა.უზენაესმა თავისი მადლი დაჰფინა ბავშვს და აღარ გატირებია შინისაკენ გაბრუნებულ მშობლებს.
ცხოვრობდა ტაძარში ქალწული, ვითარცა მტრედი და ანგელოზთა ხელით იღებდა საზრდოს, სანამ თორმეტი წლის არ გახდებოდა და უფლის ბრძანებით საპატრონოდ მოხუც ქვრივს, არ ჩააბარებდნენ.

ღვთისმშობლის მიძინება და სასწაულები

რედაქტირება

ქრისტეს ამაღლებიდან მარიამ ღვთისმშობელმა იცოცხლა კიდევ 15 წელი წუთისოფელში. ადიდებდა თავის ძეს და ემსახურებოდა თავისი ძის ტაძარს. როდესაც აღსასრულის დრო მოახლოვდა, იოანე ღვთისმეტყველის სახლიდან გამოსული, სადაც ცხოვრობდა, ავიდა ელეონის მთაზე და იქ თავის ძეს სული თვისი შეავედრა. ლოცვის დროს ყველა მცენარე იხრებოდა და თაყვანს სცემდა უფლის დედას. მიძინებამდე სამი დღით ადრე მას მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და აუწყა გარდაცვალების დღე, რომ უფალი, მისი ძე ელოდა მას ქერუბიმებთან და სერაფიმებთან ერთად. თან მისცა სამოთხის ბაღიდან ზეთისხილის რტო, რომელიც ნათელს გამოსცემდა. ღვთისმშობელმა სთხოვა მთავარანგელოზს, ეთხოვა მისი ძისთვის და უფლისთვის, რომ შეეკრიბა მოციქულები. ხილვის შემდეგ ის ტოტით ხელში დაბრუნდა სახლში იოანე ღვთისმეტყველთან ერთად და აუწყა ნანახი. იოანემ შეატყობინა იაკობს, უფლის ძმას, რომელიც პირველი იერარქი იყო. დედამ ღვთისამ თქვა დღე, როდესაც დატოვებდა წუთისოფელს და დაიბარა, დაეკრძალათ გეთსამანიაში, სადაც დაკრძალული იყვნენ მისი მშობლები – იოაკიმე და ანა, იოსებ დამწინდველი. მიძინების დღისთვის შეიკრიბა ყველა მოციქული, რომლებიც ანგელოზების მიერ ზეციური ღრუბლით იყვნენ მოყვანილნი. როდესაც ღვთსიმშობელმა გაიგო მოციქულების ამგვარი შეკრება, ადიდა ღმერთი.
დადგა 15 აგვისტო. უცებ ტაძარი განათდა და მაცხოვარი ანგელოზებთან ერთად თავისი ღვთაებრივი ბრწყინვალებით იხილა ყველა იქ მყოფმა. ღვთისმშობელმა თავის ძეს უთხრა: „ღმერთო, მზად არის ჩემი გული. დაე, აღსრულდეს შენი სიტყვა!“ და „უბიწო სული თვისი შეავედრა უფალს“. უფალმა კი მისი წმინდა სული ანგელოზებთან ერთად ზეცაში აიტაცა. ანგელოზები გალობდნენ. მოციქულებმა იხილეს ეს სასწაულებრივი მსვლელობა, როდესაც ღვთისმშობლის სულის ამაღლება დასრულდა, მისი სხეული და სახე ანათებდა, როგორც მზე. ვინც კი ეხებოდა მის წმინდა გვამს, იკურნებოდა. ამის შემდეგ მოციქულებმა პეტრემ, პავლემ და იაკობმა აღიღეს მისი სხეული და წააბძანეს გეთსამანიისკენ. ხოლო იოანე წინ მიუძღოდა სამოთხის ყლორტით ხელში. გზაში მრავალნი მოიქცნენ ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ და მრავალი სასაწაული აღესრულებოდა. როდესაც მისი სხეული სამარხში ჩააბრძანეს, იერუსალიმში მოვიდა თომა მოციქული. მწარედ ატირდა, რომ დაიგვიანა და ვერ შეძლო ღვთისმშობლის წმინდა გვამთან გამოთხოვება. დანარჩენ მოციქულებს შეეცოდა თომა და გახსნეს ღვთიმშობლის საფლავი, მაგრამ შიგ მხოლოდ შესამოსელი იხილეს, გვამი არსად იყო. მოციქულები განცვიფრდნენ. მათ ღვთისმშობლის შესამოსელი დაინაწილეს, როგორც სიწმინდე. საღამოს შეევედრნენ უფალს: გაეხსნა საიდუმლო, თუ სად წავიდა ღვთისმშობლის გვამი. დასხდნენ სატრაპეზოდ. ჩვეულებრივ ისინი პურის ნატეხს ტოვებდნენ ღვთის სახელზე და ტრაპეზის დამთავრების შემდეგ ადიდებდნენ წმინდა სამებას. მიმართავდნენ უფალს შემდეგნაირად: „უფალო იესო ქრისტე, შეგვეწიენ ჩვენ!“ მაგრამ მაშინ ტრაპეზის შემდეგ აიღეს უფლის სახელზე დატოვებული პური, მაღლა აღმართეს, თან აზრი იმის შესახებ თუ სად არის ღვისმშობლის სხეული, არ ტოვებდა მათ. უცებ მოესმათ ანგელოზების გალობა. იხილეს ღვთისმშობელი ანგელოზებს შორის. ღვთისმშობელმა უთხრა: „გიხაროდენ, რამეთუ მე თქვენთან ვარ ამიერიდან და უკუნისამდე“. გახარებულმა მოციქულებმა შეჰღაღადეს: „ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩვენ.“
ღვთისმშობელმა იცოცხლა 63 წელი. მისი მიძინების დღე აღინიშნება ახალი სტილით 28 აგვისტოს.

ღვთისმშობლის ხატები


  1. Deutsche Nationalbibliothek Record #118640909 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.