ღვარების სამების ეკლესია

ღვარების სამების ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვარებში. მდინარე ატრევის მარცხენა მხარეს, ნასოფლარ გომარეთთან. აგებულია X-XV საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზულია. ნაშენია უხეშად დამუშავებული ქვით დუღაბზე. ფასადების საპირედ სუფთად გათლილი შირიმის კვადრებია ნახმარი. ასევე შირიმი გამოყენებულია კონსტრუქციულ ნაწილებში და სარკმელთა გამოსაყვანად. შესასვლელი სამი მხრიდან აქვს, სამივე კარი გარედან არქიტრავულია, შიგნიდან კი თაღოვანი. დასავლეთის კარის არქიტრავზე დადაბლებით ტიმპანია გამოყვანილი. ჩრდილოეთის კარი, რომელიც საკურთხევლის წინაა გაჭრილი, მოგვიანებით გაუქმებულია. ამჟამად მხოლოდ აღმოსავლეთის ვიწრო თაღოვანი და შიდა წირთხლებგაფართოვებული სარკმელია შემორჩენილი, თუმცა, როგორც ჩანს ორი სარკმელი სამხრეთის კედელშიც უნდა ჰქონოდა. საკურთხეველი ნახევარწრიულია, ორმაგი მხრით გამოყოფილი დარბაზისგან. კონქი სატრიუმფო თაღს ეყრდნობოდა. სარკმლის ორივე მხარეს თითო თაღოვანი ნიშაა. გრძივი კედლები თითო წყვილი ორსაფეხურიანი პილასტრითაა გაყოფილი. ასეთივე ნახევარპილასტრები გრძივი კედლების დასავლეთ კიდეშიცაა. პილასტრის პროფილირებულ კაპიტელებზე გადასულ თაღებს კამარა ეყრდნობოდა. ფასადები აბსოლუტურად სადაა. ამჟამად ეკლესიის კედლების ზედა ნაწილი მორღვეულია, აღარ არსებობს კამარა და კონქი. ტაძარი დროებით გადახურულია თუნუქით. ინტერიერში ჩასულია ნაშალი ფენა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38171