სოლომონ ქურდიანი

(გადამისამართდა გვერდიდან ქურდიანი, სოლომონ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ქურდიანი.

სოლომონ ზაქარიას ძე ქურდიანი (დ. 6 მარტი, 1867, საგარეჯო — გ. 1937) — ქართველი მეტყევე-სელექციონერი, თბილისის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, დენდროლოგი, პროფესორი (1914).

სოლომონ ქურდიანი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა სოფ. საგარეჯოში, მღვდლის ოჯახში. გამოჩენილი ქართველი მეტყევე სოლომონ ქურდიანი იყო რუსული სატყეო მეცნიერების კლასიკოსის გიორგი თედორის ძე მოროზოვის თანამედროვე, რუსეთსა და საქართველოში ტყის მერქნიანი ჯიშების ჰიბრიდიზაციასა და სელექციის პიონერი. სწავლობდა ნოვოალექსანდრიის (პოლონეთი) სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის ინსტიტუტში. 1900 წელს ინსტიტუტის დამთავრებისთანავე იქვე ტოვებენ მეტყევეობის კათედრაზე ასისტენტად. ჯერ პრაქტიკულ მეცადინეობებს ატარებს დენდროლოგიაში. 1903-1904 სასწავლო წლებიდან კითხულობს დენდროლოგიის კურსს თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტზე. დენდროლოგიის სახელმძღვანელოს აქვეყნებს 1912 წელს ქ. პეტერბურგში. ს. ქურდიანი აყენებს საკითხს სასელექციო სატყეო სადგურების რუსეთში დაარსების შესახებ და ამ მოხსენებით გამოდის 1912 წელს სრულიად რუსეთის სასოფლო-სამეურნეო სელექციონერთა ყრილობაზე. ს. ქურდიანი რუსეთში, მიუხედავად ინტენსიური პედაგოგიური და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა, მჭიდრო კავშირშია საქართველოსთან, ჩამოყავს სტუდენტები და სასწავლო პრაქტიკას უტარებს ბორჯომ-ბაკურიანის ტყეებში. ს. ქურდიანის საკმაოდ სქელტანიანი მონოგრაფია — „ცივგომბორის ქედის და იორ-ალაზნის მდინარეთა ჭალის ტყეები“, ავტორისეული ფოტოსურათებითაა ილუსტრირებული, სადაც მშვენივრად არის აღბეჭდილი საქართველოს თვალწარმტაცი ბუნება.

1918 წელს ივანე ჯავახიშვილის მოწვევით ს. ქურდიანი ბრუნდება საქართველოში და ახლადგანხსნილ უნივერსიტეტში ბოტანიკის კათედრაზე პროფესორის თანამდებობას იკავებს.

1920 წელს ს. ქურდიანი „ტყის დღის“ თაოსანიც გახდა. ეს მოვლენა სპეციალური სამეცნიერო-პოპულარული კრებულების გამოცემითაც აღინიშნა. 1926 წლის კრებულში მოთავსებულია მეტად საინტერესო, შინაარსიანი წერილი — „ტყე და ბუნება“, სადაც იგი ვრცლად ჩერდება ბუნების ძეგლების დაცვის საკითხზე; მიმოიხილავს საქმის ვითარებას საზღვარგარეთ, ადარებს მას ჩვენში არსებულ მდგომარეობას და სინანულს გამოთქვამს, რომ ბუნების იშვიათ და ძვირფას ძეგლებს ჩვენში საჭირო ყურადღება არ ექცეოდა. ს. ქურდიანი ფართო მუშაობას აჩაღებს საქართველოს ტყეების მოწყობა-გაუმჯობესებისათვის. 1923 წელს საქართველოში ჩამოყალიბდა სატყეო საკურორტო სამმართველო, რომლის განკარგულებაში არსებული ტყეების აგეგმვა-მოწყობა მიენდო ს. ქურდიანს. საქართველოში პირველად ელდარის ფიჭვის 25 ჰექტარი და ბიჭვინთის ფიჭვის უნიკალური ტევრის 340 ჰა გამოცხადდა ბუნების ძეგლებად. ს. ქურდიანი საჭიროდ თვლიდა რომ სახელმწიფოს უფრო მეტი ღონე ეხმარა და სხვა უნიკალური ჯიშებიც შეეყვანა მისი დაცვის ქვეშ. პირველი ნაბიჯი ამ მხრივ ის იყო, რომ განათლების კომისარიატთან არსებული, სიძველეთა, ხელოვნებათა და ბუნების ძეგლტა დაცვის განყოფილებას, იმავე წელს გამოეყო ბუნების ძეგლთა სექცია.

1929 წელს საქართველოში პირველად შეიქმნა ცენტრალური სატყეო საცდელი სადგური და დირექტორად სოლომონ ქურდიანი დაინიშნა. ქურდიანი მონაწილე იყო 1930 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აგრონომიული ფაკულტეტის შექმნისა და ამ ფაკულტეტის ბაზაზე საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დაარსებისა, სადაც იგი დენდროლოგიის, სატყეო ტაქსაციისა და სატყეო მეურნეობის კათედრის გამგე, სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტის დეკანია. ამ ფაულტეტის ბაზაზე 1931 წქელს შექმნა ამიერკავკასიის, ხოლო 1933 წელს თბილისის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტი.

სოლომონ ქურდიანი ქართულ ენაზე სატყეო ლიტერატურის პირველი შემქმნელია, მის კალამს ეკუთვნის 1922 წელს გამოცემული „მეტყევეობის ენციკლოპედიური კურსი“ და 1931 წელს გამოქვეყნებული „დენდროლოგიის სახელმძღვანელო“. ს. ქურდიანის სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის შრომები გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ და უცხოურ ენებზე. მისი ნაშრომები ეხება ტყის მერქნიანი ჯიშების ბიოლოგიას, ეკოლოგიას, სახებათშორის ჰიბრიდიზაციას, სელექციას.

პროფესორმა ს. ქურდიანმა თავისი ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობის მანძილზე რუსეთსა და საქართველოში გამოზარდა მეტყევე-სპეციალისტთა მრავალი კადრი.

მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ტყეების სრულფასოვანი აღწერა, მისი თაოსნობით ბიჭვინთის, ტევრის, ბორჯომის, ლაგოდეხის, ყორუღის, ნაღვარევის, ელდარის, ბაწარას და მარიამჯვრის ნაკრძალს ქურდიანის სახელი ეწოდა. სოლომონ ქურდიანი ებრძოდა ტყის უგეგმვოდ ჩეხვას. ეს ბრძოლა განსაკუთრებით გამძაფრდა, როდესაც 1931 წელს საკავშირო დადგენილებით საქართველოსა და რუსეთის ტყეები ერთ საექპლოატაციო ზონად გამოცხადდა. ტაიგის მსგავსად მთიანი რაიონების ტყეების ჭრა, მეცნიერების აზრით, გამოიწვევდა მეწყერებს, ღვარცოფებსა და ეროზიას. ტყეების გადარჩენისათვის საჯარო კრიტიკული გამოსვლები მეცნიერს სიცოცხლის ფასადა დაუჯდა. 1937 წელს იგი „ხალხის მტრად“ გამოცხადდა, დააპატიმრეს, სასტიკად აწამეს, მისი შრომები გაანადგურეს და დახვრიტეს. დღესაც უცნობია მისი საფლავი.

თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი პროფესორები

რედაქტირება
 იასონ მოსეშვილივასილ კაკაბაძესოლომონ ქურდიანიგიორგი ახვლედიანიმიხეილ ზანდუკელიკორნელი კეკელიძეევგენი ჭოღოშვილიმიხეილ თაქთაქიშვილიგიორგი კონიაშვილიალექსანდრე დიდებულიძემიხეილ კონიაშვილინიკო მგელაძესერგო გორგაძეგრიგოლ ნათაძეანდრია ბენაშვილიივანე ჯავახიშვილინიკო ჩიგოგიძე

„მავნებელი“ პროფესორები

რედაქტირება

1937 წელს თბილისში დააპატიმრეს სასოფლო-სამეურნეო (მაშინდელი სატყეო-ტექნიკური) ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებელთა ჯგუფი, რომელსაც ბრალად დასდეს კონტრრევოლუციური საქმიანობა:

ქურდიანი სოლომონ ზაქარიას ძე - დაბადებული 1867 წელს ს. საგარეჯოში, თბილისის სატყეო-ტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, დენდროლოგი, უპარტიო, ნასამართლევი არ არის.

ძიების შედეგად დადგინდა: „1937 წელს НКВД-მ აღმოაჩინა და ლიკვიდაცია უყო კ/რ „ქართულ ნაციონალურ ცენტრს“, რომელიც მიზნად ისახავდა ინდივიდუალურ ტერორს კომუნისტური პარტიის (ბ) ხელმძღვანელებისა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ ცენტრს კავშირი ჰქონდა მავნებლურ ორგანიზაციასთან, რომლის ერთ-ერთი წევრი იყო სოლომონ ქურდიანი. იგი ეწეოდა ანტისაბჭოთა მუშაობას მეცნიერების დარგში სატყეო რესურსების ხაზით. ამავე დროს, ქურდიანი მავნებლური მიზნით არ ამუშავებდა აქტუალურ თემებს, რომელთაც პრაქტიკული მნიშვნელობა ექნებოდა დღევანდელი დღისათვის. ეს ჯგუფი ეწეოდა სტუდენტთა ნაციონალისტურ აღზრდას, რითაც აყალიბებდნენ მათ შოვინისტურ ელემენტებად. ამით ისინი ამზადებდნენ კადრებს მავნებლური მუშაობისათვის სატყეო მეურნეობის დარგში. ყველაფერ ამისათვის ფართოდ იყენებდნენ სამეცნიერო მეთოდებს და თვით ინსტიტუტსაც, როგორც ერთადერთ სამეცნიერო ავტორიტეტს.“

ბრალდება: 1. ქურდიანი ს. ზ. არის კონტრრევოლუციური მავნებლური ორგანიზაციის წევრი;

2.იგი ეწეოდა კონტრრევოლუციურ საქმიანობას ტყის ექსპლოატაციის, ტყეთმოწყობისა და სატყეო რესურსების დამალვის სფეროში.

ბრალდება გათვალისწინებულია 58.7, 58.10 და 58.11 მუხლებით. ბრალდებულმა თავი დამნაშავედ არ ცნო.

სამეულის გადაწყვეტილებით 1937 წლის 10 ნოემბერს სოლომონ ზაქარიას ძე ქურდიანს მიესაჯა დახვრეტა.

1956 წლის აგვისტოში საქმე გადაისინჯა, რის შედეგადაც განაჩენი გაუქმებულია და ქურდიანი სოლომონ ზაქარიას ძე რეაბილიტირებულია.

— შსს არქივი, ფონდი 6, საარქივო 371058-07, ტომი 3, ყუთი 219, ქურდიანი ს.ზ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლილუაშვილი, მ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 461-462.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება