ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი

(გადამისამართდა გვერდიდან ქუთაისის ისტორიული მუზეუმი)

ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელწმიფო ისტორიული მუზეუმი — მუზეუმი საქართველოში. მისამართი: ქ. ქუთაისი, ა. პუშკინის ქ. 18.

ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი

ჯაბა ლაბაძის ფოტო
42°16′07″ ჩ. გ. 42°42′14″ ა. გ. / 42.26875000° ჩ. გ. 42.70408000° ა. გ. / 42.26875000; 42.70408000
დაარსდა წ.
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
Map

საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ქუთაისის განყოფილება 1912 წელს დაარსდა. კოლექცია თავდაპირველად ცნობილი მოღვაწის, მუზეუმის გამგის, გრიგოლ გველესიანის სახლში მოათავსეს (ტუბდისპანსერის შენობა, ამჟ. მ. იაშვილის ქ. #11). 1922 წელს კოლექციის ბაზაზე (მაშინ უკვე რეალური სასწავლებლის, ამჟ. უნივერსიტეტის, შენობაში იმყოფებოდა) საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმი დაარსდა. მისი პირველი დირექტორი ტრიფონ ჯაფარიძე იყო. 1948 წელს მუზეუმმა დღევანდელ ნაგებობაში დაიდო ბინა (თბილისის ქ. N1).

ორსართულიანი სახლი, რომელიც 1860-იან წლებშია აგებული, თავადი ნიკოლოზ ერისთავის საკუთრება იყო (1900-იანი წლებიდან აქ მარგანეცის მრეწველთა საბჭოს კანტორა იყო მოთავსებული). ახლანდელი სახე შენობამ 1940-იანი წლების რეკონსტრუქციის შედეგად მიიღო.

ამჟამად ქუთაისის მუზეუმში 150,000-ზე მეტი ექსპონატი ინახება. არქეოლოგიურ განყოფილებაში, რომელიც ქუთაისსა და მის შემოგარენში მიკვლეული მასალებით ივსება, ბრინჯაოს და ანტიკური ხანის უამრავი ნიმუშია დაცული, მათ შორის: კოლხური ცულები, ცხოველთა სტილიზებული გამოსახულებებით შემკული ბრინჯაოს ბალთები, ძვ. წ. VII-VI საუკუნის მამაკაცის ბრინჯაოს ითიფალური ქანდაკება სოფ. ფერსათიდან, ქალის ბრინჯაოს ქანდაკება სოფ. გეგუთიდან და სხვ.

ნუმიზმატური კოლექციიდან აღსანიშნავია უნიკუმი - ძვ. წ. V საუკუნის ვერცხლის კოლხური დიდრაქმა, ძვ. წ. VI-III საუკუნეების კოლხური დრაქმები, ოქროს სტატერი ალექსანდრე მაკედონელის გამოსახულებით; ბერძნული, რომაული, ბიზანტიური, არაბული, ირანული და თურქული, ქართველ მეფეთა - გიორგი III-ის, თამარის, გიორგი ბრწყინვალეს მონეტები და სხვ.

მუზეუმის საგანძურში ინახება შუა საუკუნეების ჭედური ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშები: X ს-ის ვერცხლის სტავროთეკა და სამწერლობელი, ამაღლებისა და შობის გამოსახულებიანი XI ს-ის ლორფინები შორაპნიდან და მოწამეთადან, XII-XIII სს-ის მაცხოვრის ხატი მოწამეთადან და სხვ. მრავლადაა წარმოდგენილი XVI-XVIII სს-ის ოქრომჭედლობის ნიმუშებიც.

ხელნაწერთა ფონდში, ძირითადად, დასავლეთ საქართველოს ეკლესია-მონასტრებიდან შემოსული 800-მდე წიგნია დაცული. აღსანიშნავია XI ს. დასაწყისის ეტრატზე შესრულებული სახარება-სამოციქულო; იოანე ქსიფილინოსის ხუთტომიანი მეტაფრასული ჰაგიოგრაფიული კრებულის (XI ს.) ქართული თარგმანი, გადაწერილი XV ს.-ში; იოანე ოქროპირის ეგზეგეტიკური ნაშრომების ექვთიმე ათონელისეული თარგმანი, 1047-1053 წწ-ში გადაწერილი კაცხის მოასტრისათვის გაბრიელი კოტაის მიერ; XIII ს-ში ეტრატზე შესრულებული კრებული, რომელშიც შესულია XI ს-ში ეფრემ მცირეს მიერ ბერძნულიდან თარგმნილი "ასმუხლედი" და იოანე შაველის "გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისადმი" (XII ს.); XII ს-ში არსენ იყალთოელის მიერ გელათში ბერძნულიდან გადმოთარგმნილი "დიდი სჯული კანონის" XIII-XIV სს-ში გადაწერილი ოთხი ხელნაწერი და მის მიერვე შედგენილი და XII-XIII სს-ში გადაწერილი "დოგმატიკონი"; XII ს-ში იოანე პეტრიწის მიერ ნათარგმნი იოსებ გლავიოსის "წიგნი პურისაჲ"-ს ყველაზე ძეველი, XVI ს-ში გადაწერილი ნუსხა. მუზეუმში ინახება "ვეფხიტყაოსნის" 8 ხელნაწერი, სულხან-საბა ორბელიანისა და მეფე ვახტანგ VI-ის თხზულებათა ხელნაწერები, აქ ინახება ძველიგეჯრები და არაერთი დასურათებული წიგნი თუ სიგელი.

მუზუმში დაცულია საზოგადო მოღვაწეთა (კირილე ლორთქიფანიძის, გიორგი ზდანოვიჩი, ალექსანდრე გარსევანიშვილის, დიმიტრი ნაზარიშვილის, დავით მესხის, ტრიფონ ჯაფარიძის და სხვ.) პირადი არქივები; გელათისა და მოწამეთას სამონასტრო, ქუთაისის საეპარქიო კანცელარიის, ქართული გიმნაზიის, საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების, ჭიათურის შავი ქვის მრეწვეთა საბჭოს და სხვა უწყევბრივი არქივები; XIX-XX სს-ის ფოტოები.

ეთნოგრაფიულ განყოფილებაში ხის, ლითონის, კერამიკის, ტყავის, მინისა და ქსოვილის მდიდარი კოლექციებია - აღსანიშნავია, ლაშეს ეკლესიის XI ს-ის ხის კარი, ბიბლიური სიუჟეტებით; XVII-XVIII სს-ის საეკლესიო ნაქარგობები; ვერცხლის ხანჯლებისა და კაჟის თოფების იშვიათი კოლექციები და სხვ. მრავლადაა წარმოდგენილი საქალაქო ყოფასთან დაკავშირებული ნივთები.

მუზეუმის ბიბლიოთეკაში, 40 000 წიგნთან ერთად, XIX-XX სს-ის პერიოდულ გამოცემათა კომპლექტებია დაცული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ნიკოლეიშვილი, მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 572.
  • საქართველოს ძველი ქალაქები: ქუთაისი", 2006 წ. მეორე გამოცემა, ISBN 99940-0-923-0
  • ნიკოლეიშვილი, მ. ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი, 1972