ქსნის ერისთავის ციხე-დარბაზი (ახალგორი)
ქსნის ერისთავის ციხე-დარბაზი — არქიტექტურული ძეგლი, რეზიდენცია ახალგორის მუნიციპალიტეტში, ახალგორში. აგებულია XVII საუკუნის პირველ ნახევარში.
ვახუშტის მიხედვით:
თავდაპირველად საერისთავოს რეზიდენცია ქვენიფნევსა და ლარგვისში უნდა ყოფილიყო. მოგვიანებით კი, საერისთავოს გაძლიერებისა და გაფართოების პირობებში, მაღალ მთებში მომწყვდეული რეზიდენცია, ქსნის ერისთავებს აღარ შეეფერებოდა და ისინი ირჩევენ ახალ ადგილს ახალგორის სახით.
ისტორიულ წყაროებში ახალგორი პირველად XVI საუკუნის 70-იან წლებში იხსენიება. მემატიანე ფარსადან გორგიჯანიძეს მოჰყავს ერთი საინტერესო ცნობა:
„ირანის მიერ მეფედ წარმოგზავნილ როსტომს დიდხანს უწევდა წინააღმდეგობას დამოუკიდებელი საქართველოსათვის მებრძოლი თეიმურაზ პირველი. მას მხარს უჭერდნენ ქსნისა და არაგვის ერისთავები და ამილახორი. XVII საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს მოკავშირეები ჯარით ახალგორს შეკრებილან. როსტომმა გაიგო თუ არა ეს, სასწრაფოდ შეკრიბა ჯარი და ახალგორს ლოცვაზე მდგომ ერისთავებს მოულოდნელად დაესხა თავს.“
|
ერთ-ერთი მემატიანის ცნობით, 1721 წელს შანშე ქსნის ერისთავს უნებართვოდ დაუტოვებია თბილისი და თავის სამფლობელოში წასულა. მეფემ იცოდა, რომ ერისთავი უწინდებურად ახლაც განდგომაზე ფიქრობდა და დაუყოვნებლივ გაემგზავრა მის დასასჯელად. ერისთავის დამარცხების შემდეგ მეფის ჯარმა დაწვა ახალგორის სასახლე.
ახალგორმა რეზიდენციის პერიოდი დაამთავრა საერისთავოს გაუქმებასთან ერთად — XVIII საუკუნის 70-იან წლებში. ახალგორში თითქმის ერთდროულად წარმოიქმნა ორი დიდი არქიტექტურული ანსამბლი. ოდნავ მოგვიანებით გაჩნდა კიდევ ერთი ანსამბლი, რომელიც პირველი ორისაგან მოშორებით დგას. მათ შორის ყველაზე დიდი აღმოსავლეთით მდგარი ციხე-დარბაზია. სიდიდით მეორეა მასთან ახლოს მდებარე ციხე-დარბაზი, ხოლო მესამე განაპირა შედარებით პატარაა.
ერისთავის ციხე-დარბაზი მდებარეობს მაღალი მთის ფერდობზე. ცალკეული ნაგებობები ისეა განლაგებული, რომ ანსამბლი მთლიანად მდინარის ხეობისკენაა მიმართული. ყველაზე მაღალი კოშკიდან ორივე მიმართულებით კარგად ჩანს ხეობა. ციხე-დარბაზი თავდაპირველად მარტივი გეგმარებისა იყო მოგრძო, ოთხკუთხა გალავანში ჩართული იყო ორი კოშკითა და სასახლეთი. მოგვიანებით მან განიცადა ცვლილებები, ხოლო XIX საუკუნეში საბოლოოდ იცვალა სახე.
თავდაპირველ კოშკთაგან ერთი სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში იდგა, მეორე ჩრდილოეთ კედლის შუაში. პირველი უკეთაა შენახული. ეს შვიდსართულიანი კოშკი გადახურული იყო ორქანობიანი სახურავით. კედლები აღჭურვილია სათოფურებით, სამეურნეო დანიშნულების ნიშებით, ბუხრებით და სხვა. დანარჩენი სართულებისაგან განსხვავებით, მეექვსე სართულზე მოწყობილი იყო შვერილი აივანი.
მეორე კოშკი უფრო მასიურია. თუ პირველ კოშკში სართულშუა გადახურვა ყველგან ხისა იყო, აქ გუმბათოვანია; მეორე სართულს საზეიმო იერი აქვს. გუმბათი ტრომპებზეა აღმართული. კოშკის ზედა სართულების მონგრევის შემდეგ მისთვის ერთი სართული საბრძოლო ბანით დაუშენებიათ. ციხეს მაღალი გალავანი ჰქონია, რომლის ზედა იარუსებზე სათოფურები იყო განლაგებული.
XVII-XVIII საუკუნეთა მიჯნაზე სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მიუშენებიათ საინტერესო კოშკი, რომელიც ძირითადად საცხოვრებლად გამოიყენებოდა. სამსართულიან კოშკში მთავარი მეორე სართული ყოფილა. მაღალ კედლებში დიდი ზომის თაღოვანი სარკმლებია დატანებული. თუ ქვედა სართულის კუთხეები მკვეთრად არ არის გამოყოფილი, მეორე სართულის ფორმა პრიზმას უახლოვდება. მათ შუაზე ყოფს ფრიზი. მეორე სართული მაღალთაღოვანი სარკმლებით გამოირჩევა, ხოლო მესამე ნისკარტა სალოდეებით და საზარბაზნეებით.
XVIII საუკუნის შუა ხანებში ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მიუშენებიათ მცირე ზომის კოშკი, რომლისგანაც ორი სართულია შემორჩენილი.
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი : ახალგორის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ.: ილიას ფონდი, 2008. — გვ. 16–18. 274 გვ, ISBN 978-99928-0-931-0.