ქისტაურის ეკლესიები
ქისტაურის ეკლესიები — ეკლესიები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში.
პირველი ეკლესია
რედაქტირებადარბაზული ეკლესია დგას სოფელში (13 X 7,5 მ). აგებულია XIX საუკუნეში, ნაგებია აგურით და რიყის ქვით. შესასვლელი ორი აქვს: სამხრეთით და დასავლეთით. ორივე კარი სწორკუთხაა. აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ბრტყელი თაღით გადახურული სარკმელია, რომლის ჩრდილოეთით ორი თაღოვანი ნიშია. საკურთხევლის ჩრდილოეთით სამკვეთლოა, სამხრეთით - სადიაკვნე. ორივე სათავსი გეგმით სწორკუთხაა, გადახურულია ცილინდრული კამარით. აღმოსავლეთით ორივეს თითო სწორკუთხა სარკმელი აქვს, დასავლეთით - ბრტყელთაღოვანი კარი, რომელიც ეკლესიის დარბაზში გადის. საკურთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკის მიმართ შემაღლებულია, რამდენადმე წინ წამოწეულია და გვერდებზე ოთხსაფეხურიანი თითო კიბე აქვს. დარბაზის ჩრდილოეთ კედელში ბრტყელი თაღით გადახურული სამი სარკმელია, სამხრეთისაში - ორი, დასავლეთისაში - ერთი თაღოვანი სარკმელი. ჩრდილო-აღმოსავლეთ სარკმლის ქვემოთ ნახევარწრიული თაღით გადახურული ნიშია. ეკლესიის შეისრული კამარა სამ საბჯენ თაღს ეყრდნობა. მათგან ორი თაღი დარბაზის გრძივი კედლების პილასტრებზეა დაყრდნობილი, მესამე - დასავლეთ კუთხის პილასტრებზე. პილასტრებს შორის მოქცეული ნაწილები საფეხურით არის შეღრმავებული და ნახევარწრიული თაღი ხურავთ. ინტერიერი შელესილია. აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის არეში, აგურის წყობის შეღრმავებით გამოსახულია საფეხუროვან პოსტამენტზე დაყრდნობილი ჯვარი. დასავლეთ ფასადზე სამი მსგავსი ჯვარია. მათგან ორი, შესასვლელის ზემოთ მოწყობილი თაღოვანი ნიშის გვერდებზეა, ერთი - სარკმლის ზემოთ - ფრონტონზე. ფასადები დასრულებულია აგურის სამსაფეხურიანი ლავგარდნით. დასავლეთ ფრონტონის წვერზე შემორჩენილია სამრეკლოს კვადრატული საფუძველი.
მეორე ეკლესია
რედაქტირებამეორე ეკლესია დგას სოფლის სამხრეთით, ტყიან ბორცვზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (5,7 X 4,2 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვებით. კედლები შიგნიდან და გარედან შელესილი ყოფილა. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია კამარის და სამხრეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი, მთელ სიმაღლეზე გარღვეულია აფსიდა, დაბზარულია კონქი. შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონია (შემორჩენილია წირთხლების მცირე ნაწილი). აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აბსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. ერთი, შიგნიდან სწორკუთხა და გარედან თაღოვანი სარკმლის დასავლეთ კედელშიცაა. ეკლესიის კვადრატული დარბაზი შემაღლებულ პროპორციებშია გადაწყვეტილი, გადახურულია ცილინდრული კამარით. გარედან ორივე სარკმელს შირიმის ქვაში გამოკვეთილი მარტივი თავსართი ამშვენებს. ფასადები დამშვენებულია ორსაფეხურიანი ლავგარდნით.
მესამე ეკლესია
რედაქტირებაეკლესია მდებარეობს სოფლის სამხრეთით ერთ კილომეტრზე, ტყით დაფარულ ბორცვზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (4,8 X 3,5 მ), ნაგები ყოფილა ნატეხი ქვის სწორხაზოვანი რიგებით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია კამარა და კონქი, დანგრეულია კედლების დიდი ნაწილი, ინტერიერში მცენარეებია ამოსული. შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონია. ეკლესიის კვადრატული დარბაზი აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული (შემორჩენილია მცირე ნაწილი). დასავლეთ კედელში მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია, ჩრდილოეთ კედელში - სწორკუთხა ნიში.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ.; კიკაჩეიშვილი პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 150.