ქვემო ხვედურეთის საცხოვრებელი სახლი

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

ქვემო ხვედურეთის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურულ-ისტორიული ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვედურეთში, საჯარო სკოლის მახლობლად. ამ სახლში 1888 წელს დაიბადა ქართული კონიაკის ცნობილი სპეციალისტი ვახტანგ ციციშვილი (გარდაიცვალა 1965 წელს).

სახლი გადაკეთებულია: ფლიგელის მეორე სართული განახლებულია; მეორე სართულზე ასასვლელი ძველი ორმარშიანი კიბის ნაცვლად ფლიგელზე მიშენებულია ერთმარშიანი კიბე; მოშლილია ჩრდილოეთ ფასადის ხის აივანი; აღმოსავლეთ ფასადზე მიშენებულია კლუბისათვის საჭირო სათავსები. ამჟამად სახლში მოთავსებულია კლუბი, ბიბლიოთეკა და სატელეფონი სადგური.

საცხოვრებელი სახლი (23,2x18,5 მეტრი) ორსართულიანია, ნაგებია კვადრატული აგურით. სამხრეთით ხის განიერი რიკულებიანი აივანია, რომელიც ფლიგელთან მთავრდება. მეორე საცხოვრებელ სართულზე ოთახები აივნის პარალელურად ორ რიგადაა განლაგებული. ჩრდილოეთ მხარეს, შენობის მთელ სიგრძეზე ერთი გრძელი და დიდი (109 კვ.მ) ოთახია. დანარჩენი სამი ოთახი და ორი დერეფანი აივანზე გამოდის. განაპირა დასავლეთ დერეფნის დასავლეთ კედელში გასასვლელის კვალია, რომლითაც, ადგილობრივ მცხოვრებთა ცნობით, სახლი საბრძოლო კოშკს (დანგრეულია) უკავშირდებოდა. დიდი ოთახის ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილში იყო კარი, რომელიც ხის აივანზე (მოშლილია) გადიოდა. ამავე კედელში, კარის ორივე მხარეს, ოთხ-ოთხი ფანჯარაა. ფლიგელში ერთი ოთახია, რომელშიც აივნიდან შეიძლება შესვლა. ქვედა, პირველი სართული სამეურნეო დანიშნულებისა იყო. აქ მეორდება ზედა სართულის გეგმარება. დიდ სათავსში მარანი იყო. მის გრძივ კედელში შეისრულთაღიანი ნიშებია. სახლი გადახურულია ხის ნივნებიზე გაწყობილი კრამიტის სახურავით.

ლიტერატურა

რედაქტირება