ქაიხოსრო ხიზანიშვილის ხელნაწერი
ქაიხოსრო ხიზანიშვილის ხელნაწერი — ქაიხოსრო ხიზანიშვილის (ზოგიერთ წყაროში მოიხსენიება როგორც ხიზანოვი) მიერ შექმნილი ქართული ხელნაწერი, რომელიც სხვადასხვა ნაწარმოებებთან ერთად ვახტანგ VI-ის უცნობ ლექსსაც მოიცავს. ხელნაწერი უცნობი კვინკლოსით იწყება.[1]
ქაიხოსრო ხიზანიშვილის ხელნაწერი | |
---|---|
თარიღი | XIX საუკუნე |
შენახვის ადგილი | საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი |
ტიპი | ხელნაწერთა კრებული |
ნაწარმოებები | კვინკლოსი, „ნანინი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი“, „მოთხრობა კეისარი სოგრატისა, ცოლისა და შვილისა გედეონისა და შვიდთა მეცნიერთა საამოდ სასმენელი“, ანდერძი, ანბანთქება, „წიგნი სიზმრისა და თვარისა“, „სწავლება და მეცნიერება თქმული ხიკარისაგან“, რელიგიური ლექსი, მამაო ჩვენო, „ლოცვა წინდა თომა აქვინიკელისაგან ნათქვამი“ |
გვერდების რაოდენობა | 319 |
ხელნაწერის ზომებია 22-24 სანტიმეტრი. იგი 319 გვერდისგან შედგება და ნაწერია შავი მელნითა და სინგურით. ის ჩასმულია მუქ-ყავისფერ ტყავის ყდაში, რომელიც დაზიანებული და შემოძარცულია. ხელნაწერი კრებულის ტიპისაა და რამდენიმე ნაწარმოებისგან შედგება.[2]
ავტორი
რედაქტირებახელნაწერთა კრებულის ავტორის შესახებ ინფორმაციას თავად ნაწარმოებიდან ვიგებთ. ეს ისტორიული ნაწარმოები დისკოს მსგავსი ორნამენტით სრულდება, სადაც ავტორის მინაწერია გადმოცემული: „ჩყლგ-სა (იგულისხმება 1833 წელი) წელსა კათვის (გიორგი კალანდიას აზრით უნდა იგულისხმებოდეს მკათათვე ანუ ივლისი) კვ-სა (26) დაიწყო შვიდ მეცნიერის წერა ქაიხოსროვ დავითის ძე ხიზანოვმა“. ნაწარმოების მინაწერში მოხსენიებული ქაიხოსრო ხიზანოვი (იგივე ხიზანიშვილი) XIX საუკუნეში მოღვაწეობდა და ცნობილი ქართველი კალიგრაფია.[2]
ქაიხოსროს ასევე ეკუთვნის 1841 წელს გადაწერილი კრებული (სერიული ნომრით Q-484), სადაც ჩართულია ხიზანიშვილის გადაწერილი „ვეფხისტყაოსანიც“.[1][3]
თხზულებები
რედაქტირებამცირე ქრონიკა
რედაქტირებანაწარმოები კვინკლოსით ანუ მცირე ქრონიკით იწყება, რომელსაც ხელნაწერის 1-4 გვერდი უკავია. იმას, რომ ქაიხოსრო ხიზანიშვილი მცირე ქრონიკის მხოლოდ გადამწერია და არა ავტორი თავად ნაწარმოები მოწმობს. ამ ვერსიას მეტად ამყარებს კვინკლოსის მსგავსება „მეფე ირაკლის ქორონიკონთან“.[4]
ნანინი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
რედაქტირებაქაიხოსრო ხიზანიშვილის ხელნაწერთა კრებულის მე-4-მე-8 გვერდებზე ლოცვაა დაწერილი. ლოცვა სტილისტურად კანონიკურ ნაწარმოებზე მეტად, გადამწერის მიერ შექმნილ ლექსს ჰგავს. გადამწერმა მას „ნანინი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი“ უწოდა და შემდეგ სიტყვებს მოიცავს:
„მოისვენე, შვილო ჩემო, საყვარელო,
ტკბილის ძილითა დაიძინე, გულს ნათელი დაიფინე. ნანი ნანი ნანი შენ[5]“ |
მოთხრობა კეისარი სოგრატისა
რედაქტირებახელნაწერთა კრებულის მე-9 გვერდიდან იწყება კრებულის ყველაზე მოცულობითი თხზულება, სახელწოდებით: „მოთხრობა კეისარი სოგრატისა, ცოლისა და შვილისა გედეონისა და შვიდთა მეცნიერთა საამოდ სასმენელი“.[5]
ანდერძი
რედაქტირებაკრებულის 257-ე გვერდზე დიდი ზომის ანდერძია წარმოდგენილი, რომელიც ხელნაწერის მიხედვით 1833 წლითაა დათარიღებული:
„კურთხეული იყოს რომელმანცა ამ გვა წერილი იხილოს და მაზედ იჭირნახულოს და მეორედაც განაახლოს. ამად რომ ქვეყანათა ზედა არ ამოვარდეს ძველთა ანბავი საკითხავად და შესაქცევად და მათად საგონებლად უკეთუ ყრმაწვილმან რომ ამ გვარნი წიგნები ნახოს და იკითხოს, ენასაც გაიტეხს და კარგი სწავლულიც შეიქნება. ჟამი მოხდება რომ ამგვარი წიგნებისა კითხვა მრავალსა ალაგსა გამოადგესა. მღდელთა, დიდებულთა და ანუ ამხანაგთა თანა ესე წერილი სომხურთაგან გარდავწერე ქართულსა ენასა ზედა ვითა ჩემგან შეიძლებოდა და რათგან მძიმეა სომხური ენა და თუმცა რომელმანც მონებოთ და სხვა გარდასწეროთ თქვენ უკეთ გაკეთეთ ამად რომ მეორედ გარდმოწერილი უკეთესი იქნება. დაიწერა ეს წიგნი და დასრულდა ხელითა თვით პატრონისავე კეთილი მომსურნენ ქაიხოსროვ დავითის ძე ხიზანოვისათა. საკითხავათ ძველთა ანბავი და ჩვენად საგონებლად წელსა ჩყლგ-სა მარიამობის კბ-სა დღესა რომელმანც ეს წიგნი ინებოთ და აღმოიკითხოთ მომიხსენეთ მე ცოდვილი ამის აღმომწერი რომელიცა თქვენცა იყვნეთ ხსენებულნი წინასა ღვთისა ამინ.
ეს წიგნი სომხურთაგან მე მენახა ხიზანოვსა, მოვინდომე ამის ვით შემეძლო ჩემსა დროსა ყრმათათვის საკითხავად მცნობათ ვისმეთ სამოსადა ვინცა კითხვად ხელთ იღებდეთ მოიხსენებდეთ ხიზანოვსა. ეს თხრობა თუმცა ვინა ნახოთ და წაიკითხოთ რა ისმინოთ ეს გვარი სხვათაც ყველა წაუკითხოთ თუმცა ძნელად მოისმენდეთ, მწერალი არ გაიკიცხოთ და ოდეს კითხვად წაიღებდეთ, მიცემა არ დაივიწყოთ[5]“ |
ანბანთქება
რედაქტირებაანდერძის შემდეგ კრებულში შეტანილია ანბანთქება, რომელიც, განმარტებების მიხედვით, ვახტანგ VI-ს უნდა ეკუთვნოდეს. ვახტანგ მეფეს მართლაც ჰქონდა შექმნილი ანბანთქება, რომელიც 37 სტროფისაგან შედგებოდა. ჩვენამდე მოღწეულ ვახტანგისეულ ანბანთქებაში არ არის შემორჩენილი ქაიხოსრო ხიზანიშვილის ხელნაწერში არსებული ანბანთქების სტროფები, რაც ვახტანგ მე-6-ის შემოქმედების შესახებ ახალ წარმოდგენებს ჰქმნის.[1] ხიზანიშვილის ხელნაწერში შესული ვახტანგის ანბანთქება შემდეგნაირია:
„წესია ამა სოფლისა, ხანგრძლივ არავის გაჰყვების,
საწუთრო, კაცი ანდაზათ წახდების, ჩაღმართსა მოაქვს აღმართი, ლხინი, ტირილი გახდების. ქონება საჭურჭლისაგან, თანა არავის წაყვების. ორსა ბროლსა ბურჯა შვაშიგან თვალი იაგუნდის აუზი მაშიგან ვარდის წყალი გარემოს ჭალა ავლია, ვერ დასწვამს ნაპერწკალი ყველა მაზედ ვაჯისობს, მეფე და მისი სპანია. ერთხელ მეც ვიყავ ვაჟკაცი, მოვკრიფე ია ვარდია, მეიდანზე რომ გავედი, ქორულებ შევქენ ნავარდია, საცა რომ ომი გაჭირდა, თავს ვეცი ბოლო გავარდია, უყურე ამ ცრუ სოფელსა, ბოლოს რა ჟამს დავარდია[5][6]“ |
წიგნი სიზმრისა და თვარისა
რედაქტირებახელნაწერის 261-ე გვერდიდან ასტრონომიული თხზულება იწყება, რომლის სახელწოდებაა: „წიგნი სიზმრისა და თვარისა“. ეს არის მცირე ზომის ნაშრომი, რომელიც მთვარის კალენდარს წარმოადგენს. ნაწარმოებში აღწერილია როგორც მოსალოდნელი დღის წინასწარმოეტყველება, ასევე საუბარია სიზმრების ახდენის ალბათობაზე.[6]
სწავლება და მეცნიერება თქმული ხიკარისაგან
რედაქტირებამთვარის კალენდრის შემდეგ, 273-ე გვერდიდან იწყება კრებულის შემდგომი თხზულება, სახელწოდებით: „სწავლება და მეცნიერება თქმული ხიკარისაგან“. ეს მცირე ზომის მოთხრობაა, რომელიც გაჯერებულია აფორიზმებითა და შეგონებებით. ნაწარმოების აფორიზმებს შორისაა: „უმჯობესი არის მეცნიერ კაცთან ქვის ზიდვა, ვიდრემცა უმეცართან სმა ჭამა“, „აპატივე მამასა და დედასა, რათა შენი შვილებისაგანაც იგივე მიიღო“, „ბრიყვი კაცის სწავლება ასრე არის, როგორითაც ჩქარს წყალზედ ნაცარი დაყარო“, „ნუ იქნები ტკბილი, რომ არ ჩაგყლაპონ შენ და ნურც მწარე, რომ არ გადმოგაფურთხონ“.[7]
ეს მოთხრობა უცნობი ლექსით მთავრდა, რომელიც შემდეგნაირია:
„ენა მწარე, ენა ტკბილი,
ენა მოკლე, ენა გრძელი, ენა სევდის უკუმყრელი, სნეულთათვის ენა მთელად ლახვრის მკვრელი. ენა სული, სულთა ბოძავ, ენა ზოგჯერ სისხლის მღვრელი[7]“ |
ლოცვები
რედაქტირებაკრებულის 285-ე გვერდიდან 129 სტრიქონიანი რელიგიური ხასიათის ლექსი იწყება. ნაწარმოების ძირითადი ლაიტმოტივი ეკლესიურიობა, მარხვის შენახვის საჭიროება, აღსარების დაცვის აუცილებლობა და ზიარების მადლის მნიშვნელობაა.[7]
რელიგიური ხასიათის ლექსის შემდეგ ხელნაწერში ლოცვებია შეტანილი. „მამაო ჩვენოს“ შემდეგ კრებულში შეტანილია „ლოცვა წინდა თომა აქვინიკელისაგან ნათქვამი“, რაც ძალიან იშვიათი მიმდევრობაა. [7]
ხელნაწერის აღმოჩენა
რედაქტირებაერთ-ერთი კერძო პირისაგან, საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარემ, არჩილ გელოვანმა, 2015 წელს, თბილისში შეიძინა ხელნაწერი და შესასწავლად სპეციალისტებს გადასცა. [2][1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ჟორდანია, თევდორე; „ქრონიკები“, III ტომი
- ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №4(64), 04.2016 წ. „ქართული ხელნაწერი ვახტანგ VI-ის უცნობი ლექსით“, გიორგი კალანდია
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №4(64), 04.2016 წ., გვ. 48
- ↑ 2.0 2.1 2.2 ერთი უცნობი „მცირე ქრონიკის” შესახებ, გიორგი კალანდია, ჯაბა სამუშია
- ↑ ვეფხისტყაოსნის გადამწერები
- ↑ თევდორე ჟორდანია, „ქრონიკები“, III ტომი
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №4(64), 04.2016 წ., გვ. 49
- ↑ 6.0 6.1 ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №4(64), 04.2016 წ., გვ. 50
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ისტორიანი, №4(64), 04.2016 წ., გვ. 51