ფუნიკულიორის კომპლექსი
ფუნიკულიორის კომპლექსი — სამსართულიანი შენობა, რომელიც 1938 წელს აშენდა და თბილისის არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობასა და სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. შენობის პროექტი ქართველ არქიტექტორებს, ზაქარია და ნადეჟდა ქურდიანებს ეკუთვნით. ფუნიკულიორის ზედა სადგურის შენობა პავილიონის ტიპისაა, მაგრამ მონუმენტურ ფორმაშია გადაზრდილი და მსუბუქი, ქართული არქიტექტურული ელემენტებითაა გაფორმებული.
ისტორია
რედაქტირება1900 წლის 24 იანვარს ქალაქის თვითმმართველობამ ბელგიელ ინჟინერს, ალფონს რობის, ფუნიკულიორის მშენებლობის ნება დართო. მშენებლობა 1903 წლის სექტემბერში დაიწყო და ჩქარი ტემპით წარიმართა. ზედა სადგურზე აიგო კოშკურებიანი ორსართულიანი ნაგებობა – „როტონდა”, სადაც კაფე-ბარი და რესტორანი იყო განთავსებული. მშენებლობაზე მრავალი უცხოელი სპეციალისტი მუშაობდა. პროექტი შეადგინა ფრანგმა ინჟინერმა ბლაშმა, არქიტექტურულად დაამუშავა არქიტექტორმა შიმკევიჩმა, გზის მშენებლობას კი ხელმძღვანელობდა ბელგიელი ინჟინერი რაგოლერი, რომელსაც ეხმარებოდა იტალიელი ინჟინერი ანტონიო ფონტანა-როსი. უცხოელების გარდა, ფუნიკულიორის მშენებლობაში უაღრესად დიდი წვლილი შეიტანა ცნობილმა ქართველმა საზოგადო მოღვაწემ, ნიკო ნიკოლაძემ, რომლის ინიციატივითა და აქტიური მხარდაჭერით მოკლე დროში შესრულდა რკინაბეტონის სამუშაოები ფუნიკულიორის ესტაკადისთვის. თბილისის ფუნიკულიორი 1905 წლის 27 მარტის, დილის 10 საათზე გაიხსნა.
ფუნიკულიორის კომპლექსს რამდენიმე რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. პირველად 1936-1938 წლებში, როდესაც დაძველებული ზედა სადგურის ადგილას აშენდა ახალი სადგურის შენობა, რომლის ავტორები იყვნენ არქიტექტორები: ზაქარია და ნადეჟდა ქურდიანები. ზედა სადგური იმავე წლების რეკონსტრუქციის შედეგად შეიცვალა და მესამე სართული დაემატა. ცნობილია, რომ ფუნიკულიორის რეკონსტრუქცია პირად კონტროლზე ჰქონდა აყვანილი ლავრენტი ბერიას, იგი ყოველდღე ამოწმებდა სამუშაოებს. სწორედ მან გახსნა დასრულებული ფუნიკულიორის ზედა სადგური და რესტორანი.
ფუნიკულიორის მეორე რეკონსტრუქცია 1968-1969 წლებში მიმდინარეობდა. ამჯერად ძველი ქვესადგურის ნაცვლად ახალი შენობა აიგო და შეიცვალა ვაგონების ძარები. ხოლო 1972 წელს მხატვარ კოკა იგნატოვს ფუნიკულიორის რესტორნის ერთ-ერთი კედლის მოხატვა დაევალა. „ფიროსმანის მონატრება“ — ასე ჰქვია პანოს, რომელზეც ასახულია ფიროსმანი, ხმაურითა და ფერებით სავსე იდროინდელ თბილისში. სტუმარი ამ დარბაზში ვახშმობისას, თითქოს, დროში მოგზაურობს: ერთ მხარეს XIX საუკუნის თბილისს ხედავს, მეორე მხარეს კი — თანამედროვე დედაქალაქის ხედებს.
ფუნიკულიორის რესტორნის სტუმრები საბჭოთა დროს იყვნენ: ფიდელ კასტრო, რომელსაც ნიკიტა ხრუშჩოვი მასპინძლობდა; მარგარეტ ტეტჩერი, მწერალი ჯონ სტაინბეკი, ფოტოგრაფი რობერტ კაპა, ინდოელი მსახიობი რაჯ კაპური, ინდოელი პოლიტიკოსები, პრემიერ-მინისტრი ჯავაჰარლალ ნერუ და მისი ქალიშვილი – ინდირა განდი, რომლებსაც პირადად ვასილ მჟავანაძე მასპინძლობდა 1955 წლის 13 ივნისს; ასევე ფუნიკულიორის რესტორნის სტუმრები იყვნენ ლეგენდარული ბასკი ფეხბურთელები, რომლებიც 1937 წლის ივლისში თბილისში ჩამოვიდნენ და თბილისის „დინამოსთან” ქართული ფეხბურთის ისტორიაში დასამახსოვრებელი მატჩი გამართეს.
ფუნიკულიორის კომპლექსში გადაღებულია ლეგენდარულ ქართულ ფილმებში: „აბეზარა“, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი” და „შეხვედრა მთაში”.
ფუნიკულიორის კომპლექსმა ხელახალი სიცოცხლე 2013 წელს დაიწყო, როდესაც კომპლექსი განახლებული კვების ობიექტებით კვლავ გაიხსნა. ამჟამად, ფუნიკულიორის კომპლექსი ჯიემთი ჯგუფის მფლობელობაშია და აერთიანებს უმაღლესი ხარისხის კვების ოთხ განსხვავებულ ობიექტს: თბილისის ლეგენდარულ რესტორან „ფუნიკულიორს“, ისტორიულ წვეულებათა დარბაზს, ტრადიციულ „ქართულ ბისტროს“ და პურ-ფუნთუშეულის კაფე „ფუნიკულიორს“.
გალერეა
რედაქტირება-
ფუნიკულიორის რესტორანი
-
ფუნიკულიორის კომპლექსი რეკონსტრუქციის შემდეგ
-
ფუნიკულიორის კომპლექსი
ლიტერატურა
რედაქტირება- გაზეთი „რეზონანსი“, თბილისი, 2009 წელი, 13 ივნისი, N 154, გვ. 10, 16
- ბაბუაძე ვ., გაზეთი „კომუნისტი“, თბილისი, 1978 წელი, 1 მაისი.
- ლელა ჯიყაშვილი - "კვირის პალიტრა", გამოცემა N15, გვ.4, თბილისი, 2009 წელი 13-19 აპრილი.
- ანა კალანდაძე - ჟურნალი რეიტინგი.
- ვარლამ ჟურული - გაზეთი „მუშა“, 1938 წელი.
- „ბანკები და ფინანსები“, N 419, გვ. 2, თბილისი, 2015 წელი, 10 აგვისტო.