ჩინური დინგნიჩაბა

(გადამისამართდა გვერდიდან ფსეფური)

ჩინური დინგნიჩაბა, ფსეფური (Psephurus gladius) — თევზი დინგნიჩაბასებრთა ოჯახისა. იზრდება 7 მეტრამდე. აქვს წაგრძელებული სხეული, ქვემოთ განლაგებული პირი, გრძელი დინგი. ამავე ოჯახის მეორე წარმომადგენლისგან (Polyodon spathula) განსხვავდება დინგის ხმლისებრი ფორმით, გამოწევადი პირით და კვების ტიპით — თევზს ჭამს. ჩინური დინგნიჩაბას ხორცი ძვირად ფასობს, მაგრამ სამეურნეო მნიშვნელობა არ გააჩნია. გავრცელებულია მდინარე იანძიში.[1] ბინადრობს ფართო წყლებში, ჩვეულებრივ, წყლის ზედა და შუა ფენაში იმყოფება, ზოგჯერ შედის დიდ ტბებშიც. ვარაუდობენ, რომ გამსვლელი თევზია. ტოფობს მარტ-აპრილში, იანძის ზემო წელზე.[2]

ჩინური დინგნიჩაბა

უხანის ჰიდრობიოლოგიის ინსტიტუტის ჰიდრობიოლოგიურ მეცნიერებათა მუზეუმი

სამეცნიერო ილუსტრაცია
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ზუთხისნაირნი
ოჯახი:  დინგნიჩაბასებრნი
გვარი:  Psephurus
სახეობა:  ჩინური დინგნიჩაბა
ლათინური სახელი
Psephurus gladius (von Martens, 1862)
დაცვის სტატუსი
გადაშენებული
გადაშენებული
IUCN 3.1 Extinct : 18428

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩინური დინგნიჩაბას მდგომარეობა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიხედვით კრიტიკული იყო, მინიჭებული ჰქონდა CR კატეგორია. შეტანილი იყო CITES-ის II დანართში (1998). ჩინეთში შესულია პირველ რიგში დასაცავ ცხოველთა ნუსხაში. რაოდენობის ასე შემცირება გამოიწვია ისტორიულმა რეწვამ და საცხოვრებელი გარემოს დეგრადაციამ. 1981 წელს იანძის შუა წელზე გეჭოუბას კაშხლის აშენებამ დინგნიჩაბას გადაუკეტა ზემო წელისკენ, ტოფობის ადგილებისკენ მიმავალი გზა. 2002 წლის შემდეგ მხოლოდ 2 ზრდასრული ინდივიდის აღწერა მოხერხდა (ორივე დედალი იყო). მოზარდი თევზები ბოლოს 1995 წელს ნახეს. იმ დროს ნავარაუდები იყო, რომ ველურ ბუნებაში მხოლოდ 50-მდე ეგზემპლარი იყო დარჩენილი.[2]

სახეობის გადარჩენის კომპლექსური პროგრამა 2005 წელს დაიწყო იმ იმედით, რომ შეძლებდნენ სახეობის ხელახლა აღმოჩენას. იკვლევდნენ საბინადრო არეალს, საკვების მოპოვების მახასიათებლებს, ტყვეობაში ცხოვრებისა და გამრავლების (შემდგომი გაშვების მიზნით) თვისებებს, გენეტიკურ რესურსთა შენახვისა და კლონირების გზებს.[2] 2022 წელს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა ჩინური დინგნიჩაბა ოფიციალურად გადაშენებულ სახეობად გამოაცხადა.[3]

  1. Решетников Ю. С. Веслоносовые // Большая российская энциклопедия. т. 5. — М., 2006. — стр. 206.
  2. 2.0 2.1 2.2 Qiwei, W. (2010). Psephurus gladius. IUCN Red List of Threatened Species. 2010: e.T18428A8264989. doi:10.2305/IUCN.UK.2010-1.RLTS.T18428A8264989.en. ციტირების თარიღი: 24 ნოემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  3. Qiwei, W. (2022). Psephurus gladius. IUCN Red List of Threatened Species. 2022: e.T18428A146104283. doi:10.2305/IUCN.UK.2022-2.RLTS.T18428A146104283.en. ციტირების თარიღი: 21 July 2022.