ფრიდონ თოდუა
ფრიდონ თოდუა (დ. 9 იანვარი, 1944, ზუგდიდი, საქართველოს სსრ — გ. 7 ოქტომბერი, 2017) — ქართველი ექიმი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პოლიტიკოსი.
ფრიდონ თოდუა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 9 იანვარი, 1944 |
დაბადების ადგილი | ზუგდიდი |
გარდაცვალების თარიღი | 7 ოქტომბერი, 2017 (73 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი |
სამეცნიერო ხარისხი | მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი |
ეროვნება | ქართველი |
ჯილდოები | ვახტანგ გორგასლის ორდენი, ღირსების ორდენი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი, ღირსების ორდენი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1944 წელს ზუგდიდში. 1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1968-1991 წლებში მუშაობდა ალექსანდრე ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში რიგითი ექიმიდან წამყვანი განყოფილების ხელმძღვანელამდე.
1991 წელს თბილისში დააარსა კლინიკო-დიაგნოსტიკური ცენტრი, რომელსაც შემდგომში კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სტატუსი მიენიჭა და 2017 წლამდე იყო მისი უცვლელი დირექტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1984), პროფესორი (1989), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2001). 1995-2017 წლებში იყო „საქართველოს რადიოლოგთა ასოციაციის“ და „ტელემედიცინის ასოციაციის“ პრეზიდენტი, საქართველოს სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი.
1998-2017 წლებში — ჟურნალ „საქართველოს რადიოლოგიის მაცნე“ მთავარი რედაქტორი, საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს რეზიდენტურის პროგრამდირექტორი სპეციალობაში „რადიოლოგია“, სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის და ივ.ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო რადიოლოგიის კათედრების გამგე. 2001 წლიდან საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი რადიოლოგია. 2005 წელს არჩეულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პერზიდენტად და საზოგადოებრივი ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს წევრად.
2008-2012 წლებში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (ზუგდიდის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.
ფრიდონ თოდუა ევროპის, ამერიკისა და რიგი საერთაშორისო რადიოლოგიური და ქირურგიული ასოციაციების წევრია. ასევე, საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის, სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პროფესორთა საბჭოს, ჯანმრთელობის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს, სამედიცინო ეთიკის და სხვა მრავალი საბჭოსა და კომისიის წევრი. არის რამდენიმე ქართული და უცხოური სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.
500-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 8 მონოგრაფიის და 15 გამოგონების ავტორი. 200-ზე მეტი საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმის მონაწილე. 15 სადოქტორო და 44 საკანდიდატო დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი.
არის საბჭოთა კავშირის (1988) და საქართველოს (1996) სახელმწიფო პრემიების ლაურეატი მეცნიერების დარგში. დაჯილდოებულია მრავალი ორდენითა და მედლით. არის თბილისის საპატიო მოქალაქე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ფრიდონ თოდუა — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ფრიდონ თოდუა — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)