ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დაწესებული საპატიო ჯილდო, რომელიც ატარებს ქართველი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ივანე ჯავახიშვილის სახელს.
ჯილდო დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით, აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის და იურიდიული დეპარტამენტის 10.04.2014, №12046/02 წერილის საფუძველზე,
მედალი შეიძლება მიენიჭოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და ორგანიზაციული მოღვაწეობისათვის, დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის
მედლის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, ფაკულტეტის საბჭოს ან უნივერსიტეტის რექტორის დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე. მედლის მინიჭებაზე პირის წარდგენა ხდება ამ პირის სიცოცხლეში.
მედალი, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით (დადგენილების პუნქტების მოთხოვნათა დაცვის გარეშე), ენიჭება ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემიის ლაურეატს.